„პაპზე უფრო კათოლიკე ნუ იქნებიან - არასამთავროები ხელისუფლებას ასწავლიდნენ აზერბაიჯანთან მდგომარეობა არ გაართულოთო, ღიმილის მომგვრელია“

„პაპზე უფრო კათოლიკე ნუ იქნებიან - არასამთავროები ხელისუფლებას ასწავლიდნენ აზერბაიჯანთან მდგომარეობა არ გაართულოთო, ღიმილის მომგვრელია“

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გენერალურმა პროკურატურამ საზღვრების დელიმიტაცია–დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია დაკითხა. დარსალიამ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია როგორც რუკებთან, ასევე კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 1996 წლის შეთანხმების მიხედვით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია.

როგორც ლაშა დარსალია აცხადებს, როდესაც აზერბაიჯანულ მხარეს წარუდგინეს აღნიშნული დოკუმენტი, მათ უარი თქვეს რუკის განხილვაზე. თუმცა, დარსალია ამბობს, რომ აზერბაიჯანულ მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განხილულიყო აღნიშნული რუკა.

„ჩვენ ეს საკითხი სხვადასხვა ექსპერტებს შევაფასებინეთ და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დოკუმენტები არის რელევანტური. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარის პოზიციას, მათ არ წარმოუდგენიათ არანაირი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა განიხილონ აღნიშნული რუკა.

ერთადერთი, რაც თქვეს ისაა, რომ მათთვის ამ რუკის განხილვა სასურველი არ არის. ქართული მხარის ხელთ არსებული მასალები ღირებულია და ამას ძალიან ბევრი ექსპერტი ამბობს. ეს მასალები უნდა განიხილოს კომისიამ. კომისიის სხდომაზე გამოჩნდება, თუ რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი შეფასებით, ის ძალიან მყარია“, – აღნიშნა განაცხადა ლაშა დარსალიამ.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არ მოქმედებდნენ, თუმცა როგორ აღმოჩნდა ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანულ მხარეს და რატომ ინახავდა ილიჩოვა 1938 წლის რუკას სახლში, ბუნებრივია, ბრალდებულებს და მათი ინტერესების დამცველებს პასუხი არ აქვთ.

ივერ მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია იმით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მისი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.

„ბატონი ივერი ბატონ ლაშა დარსალიას განცხადებით იყო გაოგნებული. როგორც ბატონმა ივერმა მითხრა, დარსალია ზუსტად იცნობდა ბატონი ივერის პოზიციას და მოსაზრებებს ამ საქმეში, ამიტომ, მისი საწინააღმდეგო პოზიციის გაჟღერება ბატონი ივერისთვის მოულოდნელი იყო და მიიჩნევს, რომ ყველა თავის სინდისთან უნდა იყოს მართალი.

ექსპერტიზის დასკვნას აქვს მტკიცებულებითი ძალა, თუკი ის მოპოვებულია ბრალდების, ან დაცვის მხარის მოთხოვნით. სხვა პოზიცია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, მე მივიჩნევ, რომ არის ისევ საზოგადოების აზრის ფორმირებისკენ მიმართული“, – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, დაცვის მხარისთვის საინტერესო იქნება ის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ლაშა დარსალიას მტკიცებით, სადავო რუკებთან დაკავშირებით არსებობს.

„მან 14 ოქტომბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელთ ჰქონდა საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასკვნა, რომ 200 ათასიანი მასშტაბის რუკის გამოყენება ქართული მხარის შედეგიანობას განსაზღვრავდა. თუმცა, გაუგებარია, იურიდიული კომპანიის დასკვნა როგორ შეიძლება შედიოდეს კარტოგრაფიულ დეტალებში ამა თუ იმ რუკის გამოყენების საკითხთან მიმართებაში.

ცხადია, ამ დასკვნის გაცნობა საინტერესო იქნება ბრალდების მხარისთვისაც და ჩვენთვისაც. ვნახოთ, დაკითხვის ოქმი გადმოგვეცემა უახლოეს მომავალში და შემდეგ უფრო დეტალურად შემეძლება განგიმარტოთ, თუ კონკრეტულად რაზე საუბრობდა ბატონი დარსალია“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

პარალელურად, 7 არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას – „დავიხსნათ სინდისის პატიმრები, დავიცვათ გარეჯი, აღვადგინოთ კეთილმეზობლობა. განცხადების მიხედვით, მელაშვილი და ილიჩოვა უკვე გამოაცხადეს სამშობლოს მოღალატედ და ხალხის მტრად. ფეხქვეშ ითელება მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია და მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება.

ბინძურ პოლიტიკურ თამაშს ეწირება ორი უდანაშაულო პროფესიონალის ბედი და ღირსება, მაგრამ სასწორის პინაზე მხოლოდ სინდისის პატიმრების კერძო საკითხი არ დევს. საქმე თითოეული ჩვენგანისა და მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება. უკანონო დევნა და მორალური ტერორი, გარეჯის თემით, უსაფუძვლო სპეკულაციის ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად, ანტიაზერბაიჯანული ისტერია ღვივდება. ამ ყველაფერზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება, მაგრამ მის დანაშაულს თანამონაწილეებიც ჰყავს.

მათგან უპირველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ის შავრაზმელი იერარქიაა, რომელიც წლებია იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებს. ერთმორწმუნე მტრის მეხუთე კოლონა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. საფრთხე ექმნება სტაბილურობას, საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და იმ პროგრესს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მიაღწია“, – ნათქვამია განცხადებაში.

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პეტიციას მოღალატეობრივს უწოდებს პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურთ, სკანდალი გადაფარონ.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებაში რაღაცნაირად გაიგივებული არიან ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ევროპასთან, რაც არასწორია და ისინი საზოგადოებისთვის საშიშროებას ქმნიან, რომ ხალხს არასწორი ხედვა ჩამოუყალიბდეს იმ სტრუქტურებზე, რომლებიც მათ აფინანსებს. ცა და დედამიწასავით არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებსა და იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით არიან დაკავებული.

ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რას ნიშნავს დავიხიოთ უკან მაშინ, როცა ტერიტორიის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებამ კეთილ მეზობელს, პარტნიორს, აზერბაიჯანს გადასცა? ფაქტია, კეთილმეზობლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი აქტი ჩაიდინო. ეს პრიმიტივიზმისკენ გადახრილი განცხადებაა მაშინ, როცა ვითარება აშკარაა – საზღვრის დემარკაციაზე 1938 წლის რუკით უნდა ემსჯელათ და ხელთ ჰქონდათ, მაგრამ ისეთი რუკით იმსჯელეს, რომელიც წამგებიან მდგომარეობაში აყენებს საქართველოს.

როგორ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად გამოდიოდეს იმ პოზიციით, რომ საქართველომ უნდა დათმოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი, მით უმეტეს, თუ ასეთი ემოციური კავშირი არსებობს, თუნდაც, დავით გარეჯთან. ეს განცხადება წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის გარდა, არის პროფესიონალიზმს მოკლებული და მოღალატეობრივი განცხადება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა ე.წ. მიშისტი იერარქების მოქმედებები. ადამიანები რომლებსაც პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული თავიანთი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის უმსგავსობებზე და ფარისევლურად ამართლებდნენ ამას „პოლიტიკაში ეკლესიის ჩაურევლობის“ არგუმენტით, დღეს თავიან მიტრიანად გადაეშვნენ პოლიტიკაში და ეკა კვესიტაძის, ნიკა გვარამიას და მსგავსთა მათთა უსაყვარლესი რესპოდენტები გახდნენ.

„საოცრებათა საოცრება და ამ იერარქების საკუთარ სტატუსთან სრული შეუსაბამობის დასტურია ის, რომ ესენი „სიმართლეს“ ტყუილის, დეზინფორმაციის და მიკერძოებულობის იმ კანტორებში „ეძებენ“, რომელსაც თავის დროზე საინფორმაციო შხამების ფაბრიკები დავარქვი და რომლებზეც ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს მყარი ალერგიული რეაქცია აქვს.

მათი მოტივი გასაგებია – ესენი მიშისტები არიან, ზოგს მიშას სურათი ეკიდა კაბინეტში და კვლავ დაკიდებაზე ოცნებობს, როგორც მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, აგერ მეუფე ვახტანგმა – უკეთესი ხელისუფლება როცა მოვაო... და უკეთესში, ცხადია, მისი სათაყვანებელი მიხეილი იგულისხმა, აკი მისი სიძე, ზონდერი უდესიანი სულ ადამიანთა უფლებების დაცვით იყო დაკავებული, ისე კი არ იყო საქმე, ახლა, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ უდანაშაულო ილიჩოვას და მელაშვილს რომ აწამებენ“, – ამბობს მანჯავიძე.

მისი თქმით, არც მეუფე მელქისედეკი ცხრება და ამისთვის უამრავ თბილ სიტყვებს ტყორცნის ქრისტიანობის ბურჯი ეკა კვესიტაძე, რომელიც აღფრთოვანებულია მეუფის პროგრესულობითა და პროდასავლურობით.

„არადა, მოტივიც მარტივია და გათვლაც. ერთი მხრივ, ზემოთაღნიშნული პერსონები სრულიად ურცხვად სარგებლობენ მოწიწებითა და ხელშეუვალობით, რომელიც მათი სტატუსის გამო აქვთ. მეორე მხრივ, ამ სტატუსის გამოყენებით, ცდილობენ გააღვივონ თანაგრძნობა და აპრიორი უდანაშაულოდ გამოაცხადონ მელაშვილი და ილიჩოვა.

ამ მოქმედებების მოტივი კი ნათელზე ნათელია – დავით გარეჯის საქმე, რომელიც არის ღალატის ქრესტომათიული შემთხვევა, მთლიანად ანგრევს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას, რაზეც ეს პერსონები სასოებენ. პარადოქსების ქვეყანა ვართ, ამ საეკლესიო იერარქებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილის დაკარგვის საფრთხე კი არ აწუხებთ, არამედ ამ საფრთხის თავიდან აცილებისკენ მიმართულ ქმედებებს აპროტესტებენ, მართლაც ცხვრის ტყავში გახვეული მგლები არიან ესენი. ნამდვილი ყანდურები.

კიდევ ერთხელ მახსენდება დიდი დავით აღმაშენებელი და რუის–ურბნისის საეკლესიო კრება. ისიც გასაგები ხდება მორიგჯერ, თუ რატომ გახდა აუცილებელი უღირსთა განკვეთა. აქ არაფერ შუაში არ არის ვისი მხარდამჭერია ადამიანი პოლიტიკურად – ვისიც გინდა იყავი, პარტიები კი გვყავს ბლომად, ოღონდ ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ამ გარეწრებმა ამ ქვეყანას თავს დაატეხეს და დავით გარეჯის თვალსაჩინო ღალატის შემხედვარე – ამ სექტის მხარდაჭერა დანაშაულია. უკვე შეუძლებელია ამ უმსგავსობის მოთმენა. თავის თავს დააბრალონ, რასაც იმკიან და მოიმკიან, მათივე კისერზეა მათი ცოდვა“, – წერს სოსო მანჯავიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ეს არასამთავრო ორგანიზაციები ძალიან ხშირად ცდილობენ ჩაერთონ სამთავრობო საქმეებში. ამიტომ, მათვის არასამთავროების დარქმევა იმის აღნიშვნაა, რომ უბრალოდ მთავრობისგან არ იღებენ ფულს. რაც შეეხება თვითონ პოზიციას, რომ დაკავებულები „სინდისის პატიმრები“ არიან, საყვარელიძის განცხადებით, ნაჩქარევია ამ პოზიციის გახმოვანება.

„თუკი ისინი ქვეყნის პატრიოტები არიან, რა თქმა უნდა, ნაჩქარევი განცხადებაა. მაგრამ თუ პატრიოტი არიან არა ქვეყნის, არამედ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის, რისი ეჭვიც გვაქვს, მაშინ უფრო ლოგიკური გამოდის ყველაფერი. ისინი ჩივიან, რომ ადამიანები უდანაშაულოდ არიან დაკავებულიო. ისინი დაკავებული არიან, ჯერ გასამართლებული არ არიან. დაკავებას აქვს ის გამართლება, რომ ეს საქმე დაკავშირებულია დოკუმენტებთან.

თუკი, ეს ადამიანები დაინტერესებული იქნებიან, შეუძლიათ გავლენა იქონიონ როგორც დოკუმენტების მოპოვებაზე, ისე ახალი დოკუმენტების ამოტივტივებაზე. ხშირად ხდება ანალოგიური მიზეზით ადამიანის დაკავება, რომ არ მოახდინოს მიმდინარე საქმეზე ზეწოლა. თავისთავად ჩნდება კითხვა - რატომ გამოიწვია ამ საქმემ ასეთი მძაფრი რეაქცია, თითქოს არასოდეს გაუგიათ ამდაგვარი რამ. სწორედ ეს არის, რომ ყურს ჭრის“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობის გართულებას, პოლიტოლოგი არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს ნუ იქნებიან პაპზე უფრო კათოლიკეები. მისივე შეფასებით, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება ყველაზე უფრო არ აწყობს ხელისუფლებას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის შეთანხმებული საკითხი.

„საერთოდ, ეს ხელისუფლება იშვიათად მუშაობს შეთანხმების და მოლაპარაკების გარეშე. დაჯახების პრინციპით არაფერს არ აკეთებს. კოჰაბიტაციაც შეთანხმების პრინციპი იყო. ამიტომ, პაპზე უფრო კათოლიკე ნუ იქნებიან, რადგან ეს საქმე ხელისუფლების დასარეგულირებელია, ოღონდ ისე, რომ არ გართულდეს მდგომარეობა. ცალკეული არასამთავროები ხელისუფლებას ასწავლიდნენ აზერბაიჯანთან მდგომარეობა არ გაართულოთო, ეს ცოტა ღიმილის მომგვრელია. თან რა არის დამაფიქრებილი, რა თქმა უნდა, თუ უნდა ვინმეს ფიქრი! – კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ჩამოსული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი და დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ განიხილავენ დავით გარეჯის პრობლემას. ეს განსაკუთრებული ემოციების გარეშე ითქვა. დავაკვირდეთ და მივყვეთ პროცესებს და ასე ადვილად შევხედოთ ამ მდგომარეობას“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

 

Aburjga Tasmanieli გუშინ თუ გუშინწინ თითონ რომის პაპი განუდგა ქრისტიანობას. რა გასაკვირია თუ ეს ასო-ები ამ დასირებულ პაპზე უფრო კათოლიკები იქნებიან!
3 წლის უკან
გრიგორი არ ვიცოდი, თუ ჯალათი უდესიანი მეუფე ვახტანგის სიძე იყო !!! ახლა არ მიკვირს მისი სიყვარული ნაცებისადმი , მაგრამ ნაცების ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებას როგორ ეგუება არ მესმის.
3 წლის უკან