ცოტნე ბაკურია ბაღათურიას წინააღმდეგ

ცოტნე ბაკურია ბაღათურიას წინააღმდეგ

„აღორძინებაში“ ახალი სკანდალი მწიფდება. ამჯერადაც ხმაური პარტიაში გავლენის სფეროების გამო ატყდა.

ცოტნე ბაკურია პოტენციურ მოწინააღმდეგეებს მუსრს ავლებს. გიორგი თარგამაძე მის პირველ მსხვერპლად შეიძლება ჩაითვალოს. ის აბაშიძის კარს ნელ-ნელა და მიზანმიმართულად ჩამოაშორეს. ახლა ჯონდი ბაღათურიას ჯერიც დადგა. მას თბილისის ორგანიზაციაში პოლიტმდივნის პოსტი ეკავა. თუმცა, ამტკიცებენ, რომ ბაღათურიამ თავად ვერ მოთოკა ამბიციები და ცოტნეს სავარძლისკენ გაიხედა...

სხვათა შორის, თავის დროზე გიორგი თარგამაძეც აცხადებდა, თანამდებობის გამო დამიპირისპირდნენო. ეს თანამდებობა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა გახლავთ. ანუ ბაკურიამ ჯერ მოქმედი თავმჯდომარე შეავიწროვა, შემდეგ პოტენციურ კონკურენტსაც გამოუყვანა წირვა. „აღორძინებაში“ თითოეულ ფიგურას საკუთარი გულშემატკივრები ჰყავს.

ყველაფერს კი, ტრადიციულად, ასლან აბაშიძე გადაწყვეტს. ვინ რომელი იქნება „აღორძინების“ იერარქიულ კიბეზე, - ეს ალბათ 25 მაისს, პარტიის ყრილობაზე გადაწყდება. გაირკვევა ისიც, თუ ვინ მოხვდება „აღორძინების“ საარჩევნო სიის სათავეში. გასულ ადგილობრივ არჩევნებზე პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იყო, მეორე - გიორგი ტაბიძე, მესამე - ჯონდი ბაღათურია. ქალაქის საკრებულოში მხოლოდ ორი კაცი გავიდა. ჯონდის აშკარად არ უმართლებს. რატომ მოვიდა ის საერთოდ „აღორძინებაში“? ბაღათურია აცხადებდა, რომ მხოლოდ აქ შეიძლება დიდი საქმეების კეთება.

„ალია“ ჯერ ცოტნე ბაკურიას ესაუბრა:

- ბაღათურიამ დატოვა თანამდებობა, მაგრამ რჩება პარტიის წევრად. ამდენად, არავის გვაქვს უფლება, ამ თემაზე ვიმსჯელოთ. მე არასერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

თქვენც სერიოზული კომენტარი გააკეთეთ... ჯერ იყო და - პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა რამიშვილმა დატოვა პოსტი, შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ... ეს შემთხვევითია?

- ჯერ ერთი, პარტიიდან არავინ წასულა. მეორეც, ვთქვათ, ვიღაც წავიდა. 120 ათასი წევრია „აღორძინებაში“ და ეს არაფერს ნიშნავს. ჯონდი ბაღათურიას არ დაუტოვებია პარტია.

ასე აცხადებდით გიორგი თარგამაძეზეც, რომელმაც ჯერ თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი პარტიიდანაც წავიდა...

- გიორგი ჩამოყალიბებული ადამიანია და როგორც ჩათვალა საჭიროდ, ისე გააკეთა.

ჯონდი ბაღათურიამ რატომ დატოვა თანამდებობა?

- ჩემი თხოვნაა, ნუ დაწერთ ამ ინფორმაციას. ჩამოვალ თბილისში, ჩავატარებ პრესკონფერენციას და ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, ყველაფერს ვიტყვი.

ვინ იქნება ბაღათურიას შემცვლელი?

- ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

„ალია“ ჯონდი ბაღათურიასაც  დაუკავშირდა:

ბატონო ჯონდი, რატომ დატოვეთ თანამდებობააღორძინებაში“?

- საიდან გაიგეთ ეს სისულელე?

ცოტნე ბაკურიამ დაადასტურა ეს ინფორმაცია,

- ჰოდა, მასალა გაქვთ და დაწერეთ! შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ვინც გელაპარაკებათ, იმისგან აიღეთ კომენტარი.

არ გვინდა, ცალმხრივი ვიყოთ და ამიტომ მეორე მხარეც გვაინტერესებს...

- აქ არ არის ორი მხარე, ერთი მხარეა მხოლოდ და მხოლოდ.

ცოტნე ბაკურიას სახით?

- აა... „აღორძინება“ ერთია.

ბატონო ჯონდი, თქვენი მრწამსის გამო ხართაღორძინებაში“?

- მისმინეთ ახლა, უხერხულობაში ნუ ჩაიგდებთ თავს. მე ცოტა უფრო მეტი რამ ვიცი, ვიდრე გგონიათ. კარგი ჟურნალისტი ხართ და უხერხულობაში ნუ ჩაიყენებთ თავს. კარგად ბრძანდებოდეთ...