„თავიანთ მინდორზე უნდათ, თავიანთი მსაჯით თამაში“

„თავიანთ მინდორზე უნდათ, თავიანთი მსაჯით თამაში“

შედგება თუ არა დებატები ფინანსთა მინისტრსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს შორის და როდის? ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია. 16 იანვარს დებატები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა შემდგარიყო, მერაბიშვლის უარის გამო ჩაიშალა. ფინანსთა მინისტრი ახლა უკვე 18 იანვრისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაფართოებული ფორმატით სთავაზობს შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, თუმცა თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ 22 იანვრისათვის, ნინო შუბლაძის ახალ გადაცემაში მონაწილეობისთვის ემზადება.

ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო და ეს საქართველოს ბიუჯეტში რეალური შემოსავლების კლებით იყო გამოწვეული.

მერაბიშვილის ინფორმაციით, საქართველოში შემცირებულია ეკონომიკური აქტიურობა, რაც გამოიხატება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კლებაში, ასევე შემცირდა საქართველოში წარმოება და ვაჭრობა.

ამავე დროს, მისივე თქმით, საგანგაშოდ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის ვალების ოდენობა და დღეს ქართულ ეკონომიკურ სუბიექტებს ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ვალები დაუგროვდათ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მას მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და მზად არის, ვანო მერაბიშვილთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს.

„საქართველოში საბიუჯეტო კრისიზი არ არსებობს. სახელმწიფო ბიუჯეტთან, ქვეყანის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით, მზად ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანთან დებატებში მივიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა facebook-ის საკუთარ გვერდზე.

განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ასევე facebook-ით გამოეხმაურა და თქვა, რომ ის სიამოვნებით მიიღებს ფინანსთა მინისტრთან ტელედებატებში მონაწილეობას საბიუჯეტო კრიზისის საკითხებთან დაკავშირებით.

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ორმხრივი სურვილის მიუხედავად, დებატები ჯერჯერობით ვერ შედგა, რადგან ოპონენტები დროსა და ადგილზე ვერ თანხმდებიან.

მას შემდეგ რაც ფინანსთა სამინისტრომ მორიგი განცხადება გაავრცელა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დებატების პირველი მცდელობა ჩაიშალა.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, 2013 წლის 16 იანვარს, მზადყოფნა გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მონაწილეობა მიეღო ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანთან დებატებში, რაზეც ივანე მერაბიშვილმა უარი განაცხადა.

ვითვალისწინებთ რა, საზოგადოების დიდ ინტერესს და თითქმის ყველა წამყვანი ტელე-არხისგან მიღებულ შეთავაზებას, აღნიშნული დებატი გამართულიყო სწორედ მათ ეთერში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, 2013 წლის 18 იანვარს უზრუნველყოს ნოდარ ხადურისა და ივანე მერაბიშვილის სატელევიზიო დებატები განსხვავებული, გაფართოებული ფორმატით, სადაც მოწვეული იქნება ყველა ტელე-არხის თოქ-შოუს წამყვანი.

იმ შემთხევევაში, თუ ივანე მერაბიშვილი ამჯერედაც თავს აარიდებს ფინანსთა მინისტრთან ტელე-დებატებში მონაწილეობას, აღნიშნულით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს წარმოადგენს უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმირება“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

 For.ge „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთან, ბელა გიორგაძესთან შეეცადა გაერკვია, რატომ თქვეს უარი დებატებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  უნდა გამართულიყო.

„პირველად დაგვიკავშირდა „რუსთავი 2“, შემდეგ პირველი არხი და „მაესტრო“, რაკი „რუსთავი 2“-ის წინადადება იყო წამოსული და ჩვენ მას განვიხილავდით, ამიტომ რიგითობა რომ არ დარღვეულიყო, თან წინასწარი თანხმობაც მიცემული გვქონდა, ამიტომ, საბოლოოდ, „რუსთავი 2“-ს მივეცით თანხმობა. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პირველად მათ გამოთქვეს სურვილი“,- აცხადებს ბელა გიორგაძე.

კითხვაზე, იტყვიან თუ არა უარს ფინანსთა მინისტრის შემოთავაზებაზე, ბელა გიორგაძემ გვიპასუხა, რომ უარს არ იტყვიან, მაგრამ მხოლოდ მას მერე, რაც „რუსთავი 2“-ზე მოეწყობა დებატები.

„უარს არ ვიტყვით, მაგრამ რაკი უკვე თანხმობა მივეცით, ჯერ იქნება „რუსთავი 2“-ზე, მერე გაკეთდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე“,- აცხადებს გიორგაძე. მისივე განმარტებით, „უხერხული მომენტიც არის, რადგან პირველებმა მათ შემოგვთავაზეს. ჩვენ ვკითხეთ, მეორე მხარე მზად იყო თუ არა, გვითხრეს, რომ მზად იყო და ჩვენც მივეცით თანხმობა. ახლა უკვე უხერხულია, რა მიზეზით უნდა ვუთხრათ უარი „რუსთავი 2“-ს, მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს, რის გამოც უარი უნდა ვთქვათ და არ არის ეს მიზეზი“, - აცხადებს გიორგაძე.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დებატებისთვის მზადყოფნა პირველად ფინანსთა მინისტრმა გამოთქვა.

„როდესაც ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი და ამ წუთასვე მზად ვართ, თუნდაც დებატებში დავუსაბუთოთ, რომ ეს არის ტყუილი“,- აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეა ბეგიაშვილი.

მისივე განმარტებით, ამ განცხადების გაკეთებიდან ძალიან მალე დაურეკა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.  

„მაშინვე უპირობოდ დავთანხმდით, ამისი გადამოწმება დათო პაიჭაძესთანაც არის შესაძლებელი. როგორც ვიცი, „ნაციონალური მოძრაობისაგან“ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პასუხი ვერ მიიღო და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ უარი უთხრა.

მთელი ამ დროის განმავლობაში რეკავდა თითქმის ყველა ტელევიზია და ყველას საკუთარ ფორმატში სურდა ამ დებატების მოწყობა. აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე ითქვა, რომ ნაციონალები აღარ წავიდოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ყველა ტელეკომპანიის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, რაკი მაღალია ეს ინტერესი, მაშინ არავის არ მივანიჭოთ უპირატესობა და იყოს ეს ფართე სატელევიზიო შეთავაზება, საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოვიდეს ყველა თოქ-შოუს წამყვანი და ამ ფორმატში გაიმართოს დებატები“,- აცხადებს თეა ბეგიაშვილი.

დავით პაიჭაძე: „არ ვიცი პირველები ვიყავით თუ არა დარეკვაში. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს გუშინ საღამოს დავურეკეთ და ძალიან მცირე დროში დაგვთანხმდნენ, რომ დებატებში მონაწილეობას მიიღებდნენ. რაც შეეხება მეორე მხარეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვანო მერაბიშვილს, მათგან პასუხის მიღება ძალიან გაჭიანურდა, არც კი გვესმოდა მათგან არც არა და საბოლოოდ მათგან უარი მივიღეთ, ეს მოხდა დღეს,15:30-ზე, ძალიან გვიან იმისათვის, რომ ახალი გადაცემა დაგეგმო. ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დებატები ფინანსთა მინისტრსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს შორის გაიმართებოდა „რუსთავი 2“-ზე, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად, რაკი არ გვქონდა მიღებული პასუხი „ნაციონალური მოძრაობისგან“, მაინც იმედს ვიტოვებდით, რომ თანხმობას გვეტყოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა“.

დემოკრატიულ ქვეყანში დებატები ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს, თუმცა ჩვენთან მორიგი აჟიოტაჟის საფუძველი გახდა.

რამაზ საყვარელიძე ამას იმით ხსნის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, იეშმაკოს. თუ არ ვცდები, ფინანსთა მინისტრმა იმავე დღეს შესთავაზა, დავსხდეთ დღესვე, მე მომზადება არ მჭიდრდებაო. როგორც ვიცი, „ნაციონალურმა მოძრობამ“ გამოაცხადა, მე მჭირდება მომზადებაო.

პრინციპში, ის განაცხადი, რაც გააკეთა მერაბიშვილმა და საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო, მოუმზადებელი განაცხადი იყო. განცხადებას რომ აკეთებ, ამისი საფუძველი უნდა არსებობდეს და ყველა ძირეული საკითხი გავლილი გქონდეს. თუ მოუმზადებელი იყო ეს განცხადება, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე ხელშემწყობი პირობები სჭირდება, ანუ მსაჯი მათ მხარეზე რომ იყოს.

როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ნინო შუბლაძემ შეიძლება შექმნას ისეთი ჟურნალისტური წნეხი, რომელიც მათ მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს. სხვა დასკვნა აქედან არ გამომდინარეობს. თვითონ ნინო შუბლაძე ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს „რუსთავი 2“ არის მყარად ნაციონალური არხი - თავიანთ მინდორზე უნდათ, თავიანთი მსაჯით თამაში“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ლოგიკურად, არ ფინანსთა მინისტრის „რუსთავი 2“-ის ეთერში მისვლა უნდა წარმოადგენდეს პრობლემას და არც ვანო მერაბიშვილის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოჩენა, მაგრამ რაკი გაუგებრობა ხელოვნურად შეიქმნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მხარეებმა მხოლოდ დეკლარირება გააკეთეს და რეალურად, დებატებში მონაწილეობას თავს არიდებენ. თუმცა თუ ფინანსტა მინისტრი იმავე დღეს და მეორე დღესაც მზად იყო სადებატოდ, გამოდის, რომ ფაქტის წინაშე დამდგარმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი შეიკავა, ხან მოსამზადებელი დრო ითხოვა, ხანაც ადგილი დაიწუნა. როგორც ჩანს, სიტუაციიდან მშრალად გამოსვლა სურთ, თანაც ისე, რომ მართლები გამოჩნდნენ.

რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დებატებისგან თავის არიდების მცდელობა აშკარაა. „მთელი ამ ისტორიიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფინანსთა მინისტრი უარზე არ არის, მაგრამ ნაციონალებს არ უნდათ. მონოლოგის რეჟიმში გაკეთებული ბრალდება ერთია, მაგრამ როცა იმავე წუთს შეიძლება ის ბრალდება უკან შემოგიბრუნონ და გამოააშკარავონ სიცრუე, ეს მეორეა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე განმარტებით, იმ თემას, რაზეც დებატები უნდა გაიმართოს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში საუბრისას პროფესორი ლადო პაპავაც შეეხო.

„ლადოს ვენდობი, როგორც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალს და როგორც ნეიტრალურ პიროვნებას. მას ვალდებულება არც ერთი პარტიის წინაშე არ აქვს. ლადომ თქვა, რომ არ იყო მერაბიშვილის ბრალდებები გამართული და კორექტული“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე, რომელიც იმედს იტოვებს, რომ დებატები მაინც შედგება და სიცრუე და სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

„ძალიან ბევრი ბრალდება ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და ამ დებატების იმედი მაქვს, რომ გამოავლინოს ვინ იტყუება და ვინ არა. თუ დებატები არ შედგება და ფინანსთა სამინისტრო უარს იტყვის, გამოდის, რომ ის აჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირების გეგმას. „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, ასეთი მიმართულება თუ მიიღო ამ დებატებმა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე შეფასებით, თუ დებატები არ შედგა იმიტომ, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან, მოგებული „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩება.

„იმ სიმშვიდით და ღიმილიანი დამოკიდებულებით, რაც სჩვევია ხადურს, უკეთესია ჩაებას დებატებში, ბოლოს და ბოლოს, „რუსთავი 2“-იც ხომ საქართველოს ტერიტორიაა“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.