ალექსანდრე ბარამიძე არჩილ კბილაშვილის ზარმა გააღიზიანა

ალექსანდრე ბარამიძე არჩილ კბილაშვილის ზარმა გააღიზიანა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესა და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს შორის უთანხმოების მიზეზი შესაძლოა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებები გახდეს, რომლის მიხედვითაც, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სფერო ხდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე განიხილეს, სადაც თავის მხრივ, ალტერნატიული წინადადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“  წარადგინა.

კერძოდ, მთავრობის წინადადებით, თბილისისა და ქუთაისის სასამართლოები მიმდინარე წლიდან, 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

ამას გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების მიერ განხილული იქნება ის საქმეები, როდესაც, სისხლის სამართლის საქმე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული თანამდებობის ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენლებს და მათთან ერთად დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხებათ.

ამასთან, კანონპროექტში ტერმინის - „თანამდებობის პირების“ განმარტებაც ხდება და ზუსტდება, რომ ამ რეგულაციაში  ყველა რანგის სახელმწიფო მოხელე იგულისხმება. კერძოდ, პრეზიდენტით დაწყებული, ადგილობრივი მმართველი ორგანოების წარმომადგენლებით დასრულებული.

რაც შეეხება უმცირესობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოქმედება აღარ იქნეს შემოფარგლული მხოლოდ თბილისითა და ქუთაისით, არამედ ბათუმის სასამართლოს დანაშაულთა გარკვეულ სახეებთან მიმართებით, საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს.

ამასთან, მათივე ინიციატივის გათვალისწინების შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმდინარეობა ტელე-რადიო მაუწყებლობის საშუალებების მიერ გაშუქებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ასევე, თუ სადღეისოდ მოქმედი კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სსკ-ის 109-114-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს იხილავს, ნაციონალების პროექტის თანახმად, მათ მიერ განსახილველ საქმეებს სსკ-ის 108-ე (მკვლელობა), 137-141-ე (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ) და 178-179-ე (ძარცვა, ყაჩაღობა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები უნდა დაემატოს.

გარდა ამისა, უმცირესობის წინადადებით, ბრალდებული პირი დაკითხულ უნდა იქნეს მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე და ეს დებულება,  2013 წლის 1-ელ დეკემბერს უნდა ამოქმედდეს.

რაც შეეხება ბარამიძესა და კბილაშვილს შორის არსებულ დაპირისპირების საბაბს, მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ალტერნალიული წინადადებების შესახებ ისაუბრა, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ უმცირესობის მიერ დაყენებულ რიგ საკითხებს მიესალმებოდა, თუმცა, ყველას გათვალისწინება ვერ მოხდებოდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე განსაკუთრებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის ტერიტორიულ ზრდას ეწინააღმდეგებოდა. სწორედ, იმ დროს, როდესაც ბეჟაშვილი და ბარამიძე პოზიციების შეჯერებაზე მსჯელობდნენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის პირად ტელეფონზე ზარმა დარეკა და დეპუტატი საკომიტეტო მოსმენისთვის განკუთვნილი მეხუთე დარბაზის აივანზე გავიდა. როდესაც, ხმალაძე ტელეფონზე საუბრობდა, ალტერნატიულ წინადადებებთან დაკავშირებით, უმრავლესობამ ბეჟაშვილს უმცირესობის ლიდერებთან პოზიციების შეჯერება ურჩია და ოპოზიციონერმა კონსულტაციების გავლის მიზნით, სხდომა დროებით დატოვა. ამ დროს კი, კომიტეტის სხდომაზე ხმალაძე დაბრუნდა და განაცხადა, რომ „არჩილს ვესაუბრე და  პოზიციები უკვე შეჯერებულია“.

ხმალაძე „პოზიციების შეჯერებაში“ იმას გულისხმდობდა, რომ  ხელისუფლება უმცირესობის იმ წინადადებებს დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოქმედება ბათუმშიც გავრცელდება. ასევე ბრალდებული პირი დაკითხულ იქნება მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე, თუმცა, ეს დებულება, 2013 წლის პირველი დეკემბერის ნაცვლად, პირველ სექტემბერს ამოქმედდება. ამას გარდა, მმართველი ძალა საზოგადოების მეტი ინფორმირებისათვის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომის ტელე-რადიო მაუწყებლობის საშუალებებით გაშუქებასაც მიესალმა.

ვახტანგ ხმალაძის მიერ პოზიციების დაფიქსირებას ალექსანდრე ბარამიძის გაღიზიანება მოჰყვა. კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ პროტესტი გამოხატა და განაცხადა, რომ „ამ ცვლილებების ავტორი მე ვარ და მე, არ მეკითხებიან? მაშინ, თავად მოვიდეს და თავად გააკეთოს“. ეს რეპლიკა ბარამიძემ არჩილ კბილაშვილის მისამართით გააკეთა. მოგვიანებით კი, ბარამიძემ ხმალაძე გვერდით გაიყვანა და ვითარებაში გარკვევა სცადა. მას შემდეგ, რაც მინისტრის მოადგილემ ხმალაძის მიერ მოყვანილი არგუმენტები მოისმინა, ხმალაძეს უპასუხა, რომ „მაშინ, თუ ასეთი რაღაცეები ხდება, ეს ყველაფერი წინასწარ ვინმემ უნდა მითხრას, რადგან სხდომებზე ფაქტების წინაშე დადგომა ძალიან მიჭირს“. ბარამიძე „რაღაცეებში“ თუ რას გულისხმობდა, ეს for.ge-სთვის გაურკვეველი დარჩა, რადგან ვახტანგ ხმალაძემ ბარამიძეს არგუმენტები საკმაოდ დაბალ ხმაზე მოახსენა.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კმაყოფილი დარჩა.

როგორც for.ge-ს ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა,  წინადადებების გათვალისწინების შემდეგ, კანონპროექტი მეტ-ნაკლებად გამოსწორებულია.

მისი თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ ბრალდებულის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის პრინციპი შენარჩუნდება.

 „იმ საქმებზე, რომელიც ამჟამად, პროკურატურაშია წარმოებული, შესაძლებელი იქნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენება ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში, მაგრამ მხედველობაში ერთი გარემოება არის მისაღები. კერძოდ, ვინაიდან, სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი ფორმულირებულია და  ბევრი ფაქტობრივი მტკიცებულება გამოქვეყნებულია, საეჭვოა ის, თუ რამდენად დაცული იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლება და რამდენად მიეცემა სასამართლოს გამოძიებისა და საქმის წარმოების საშუალება. ყველა ქვეყანაში, როცა რაიმე საფრთხე არსებობს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აღარ იმართება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ბრალდებული მიიღებს“,  - აცხადებს ბეჟაშვილი.

სანდრო ბარამიძე კი, ცვლილებების მომზადების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ  იმ კითხვებსა და ეჭვებს, რომელიც წინა ხელისუფლების დაპატიმრებულ მაღალჩინოსანთა საქმეებთან დაკავშირებით გამოითქმის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში ყველაზე ობიექტური და სამართლიანი პასუხი გაეცემა.

„ეჭვებს, ყოფილ მაღალჩინოსანთა პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოხსნის და წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დროული და ადეკვატურია“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაურკვეველია, ბარამიძემ ვითარების გარკვევა თავად კბილაშვილთან სცადა თუ არა, მაგრამ პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 103 მომხრე ხმით დღეს დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელეობა კი გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ პროექტში მეორე მოსმენისას, რაიმე შესწორება შევიდეს, როგორც ეს, ცვლილებების მუხლობრივად განხილვის დროს ხდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონით, ნაფიც მსაჯულთა განსჯად სფეროებს განზრახ მკვლელობებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წარმოადგენს. ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ისეთ საქმეებზე შეიძლება გამოიტანონ, როგორიცაა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (სსკ-ის 109-ე მუხლი), მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (სსკ-ის 110-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (სსკ-ის 111-ე მუხლი), დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 112-ე მუხლი), მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (სსკ-ის 113-ე მუხლი) და მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით (სსკ-ის 114-ე მუხლი).