„არ მჯერა, სააკაშვილს 70-80 მილიონად, ანუ ასე იაფად გაეყიდა დავით გარეჯი, ალბათ, აქ საუბარია დროში განგრძობად სარგებელზე“

„არ მჯერა, სააკაშვილს 70-80 მილიონად, ანუ ასე იაფად გაეყიდა დავით გარეჯი, ალბათ, აქ საუბარია დროში განგრძობად სარგებელზე“

„ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილის ახალ-ახალი საარაკო საქმეების შესახებ ვიგებთ, ახლა დავით გარეჯზეა საუბარი, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს სააკაშვილი, ლენინი ხომ არ არის? ამ პოლიტიკურ გვამს ერთგვარი პოლიტიკური მავზოლეუმი აუშენეს და უნდათ გაასაღონ მთავარ ამბად, მთავარ ფიგურად და სანახაობად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

წინა დღეებში გახმიანდა თეა წულუკიანის სურვილი სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის მუხლის დაბრუნების შესახებ, რომელიც ნაციონალებს თურმე დავით გარეჯთან მიმართებით გაუქრიათ. ღალატი და მოღალატე ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილმაც ახსენა დავით გარეჯთან მიმართებით. იმის გამო, რომ ღალატის მუხლი უმძიმესი დასამტკიცებლია, ნაწილობრივ, დავით გარეჯის თემა წინასაარჩევნო რიტორიკას ხომ არ გადაეჯაჭვა?

- ეს ქმედება ჩადენილ იქნა 2006-07 წლებში. როდის შეფასდება ეს ქმედება და როდის დაერქმევა ღალატის სახელი, ამას ხანდაზმულობა არ აქვს. თუ ეს საარჩევნოდ იქნა გამოყენებული, ძალიანაც კარგი, რადგან მოღალატე ადამიანს ეს სახელი უნდა დაერქვას და უნდა აღიკვეთოს ყველა საშუალება, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდეს. წარმოიდგინეთ, დღევანდელ ხელისუფლებას ეს რომ არ გაეკეთებინა და დაემალა, მაშინ მიზერული შანსი ხომ იარსებებდა, ნაციონალებს წარმატება მოეპოვებინათ არჩევნებზე? მაშინ ამ ფაქტის დამალვა იქნებოდა ღალატი. რაც შეეხება წულუკიანის ინიციატივას ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ, თავის დროზე ყველა დასჯადი ქმედება, რაც 307-ე მუხლში ეწერა სახელმწიფო ღალატის ქვეშ, სხვა დანარჩენ მუხლებშიც იყო გადანაწილებული, უბრალოდ, „სახელმწიფო ღალატი“ ასე მკვეთრად არ ეწერა. ნაციონალებმა ეს სახელდება „სახელმწიფო ღალატი“ ამოიღეს და ქმედებები, რაც დასჯადია, დატოვეს, ანუ სხვა სახელები გადაარქვეს. ჩემი აზრით, სახელდება „სახელმწიფო ღალატი“, ანუ ეს გამაერთიანებელი მუხლი ისევ უნდა დაბრუნდეს, რადგან ასეთი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული პრაქტიკაში გვხვდება.

ის, რაც ე.წ. კარტოგრაფებს ბრალად წაუყენეს, ზუსტად გამოხატავს ამ მუხლის პირველი ნაწილის შინაარსს, ანუ ქმედება, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გასხვისებისკენ. რაც ჩაიდინა სააკაშვილმა (თუ დავუჯერებთ და საფუძველი არ გვაქვს, არ დავუჯეროთ ნოღაიდელს), რომ უშიშროების საბჭოზე ყოველგვარი „თუ“- ს გარეშე და ყოველგვარი რუკის მოშველიების გარეშე თქვა, თითქოს ეს აზერბაიჯანის ტერიტორიააო, ეს სახელმწიფო ღალატია. მას ერთპიროვნულადაც შეეძლო ამის გადაწყვეტა, რადგან მაშინ პრეზიდენტი იყო.

ხომ არ ფიქრობთ, რომ დავით გარეჯის ნაწილის დათმობა სააკაშვილის რეჟიმს იმისათვის დასჭირდა, რომ იმ პერიოდში აზერბაიჯანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი იყო, რომლის მეშვეობითაც უპრობლემოდ ვიღებდით ბუნებრივ აირს და რუსეთზე დამოკიდებულებას ვანაცვლებდით.

- ცხადია, ეს გამოძიების დასადგენია, კონკრეტულად რა სარგებელში გაცვალა სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორია და ეროვნული იდენტობის გამომხატველი ძეგლი. სავარაუდოდ, ეს სარგებელი მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. არ მჯერა, რომ 70-80 მილიონად გაყიდა დავით გარეჯის აღნიშნული მონაკვეთი. ასე იაფად რომ გაეყიდა, ეს მისი გაქანების ადამიანის საქციელს არ ჰგავს. აქ საუბარია ხანგრძლივვადიან და დროში განგრძობად სარგებელზე. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს, რომ ნავთობის ტრანზიტიდან საქართველოს წილი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო, შეიძლება ეს იყო პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება აზერბაიჯანისგან, პლუს კიდევ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც „სოკარი“ ახორციელებდა და, ალბათ, მატერიალური სარგებელიც. ამას დადასტურება და გამოკვლევა სჭირდება, რაც უკავშირდებოდა პირადად სააკაშვილის კეთილდღეობას და „ნაცმოძრაობის“ მაღალი იერარქების მატერიალურ სარგებელს. ცხადია, ეს გამომდინარეობს საქართველოს ტრანზიტული ფუნქციიდან, და აზერბაიჯან-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობიდან. ახლა მე ვარაუდს გამოვთქვამ, არა მგონია, მატერიალური და პოლიტიკური სარგებლის მისაღებად პირდაპირ დავით გარეჯზე იყო საუბარი, ესეც არასერიოზული მგონია, მაგრამ ფაქტია, დათმეს ეს ტერიტორიები ყოველგვარი დისკუსიის და მოლაპარაკების გარეშე და პირდაპირ შესთავაზეს აზერბაიჯანს ამ ტერიტორიის გამიჯვნისას საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უპირატესობა, პრივილეგია. ეს დაახლოებით იგივეა, რაც სერგო ორჯონიკიძემ გააკეთა. მაშინაც პოლიტიკური დივიდენდი იყო მისაღები, ინტერნაციონალური ვალი მოიხადა ორჯონიკიძემ და დათმო საქართველოს ტერიტორიები. ეს არის სახელმწიფო ღალატი, ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც კი ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს, რადგან ტერიტორია არაფერში არ იცვლება, არავითარი ღირებულება არ არის ტერიტორიაზე მეტი.

სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული, დამტკიცების შემთხვევაში, ეს შიდა ქართლისა და კოდორის ხეობის დაკარგვის შემდეგ ყველაზე მძიმე ბრალდება იქნება?

- დიახ, ნახეთ, რა ვითარებაა? ყოველი არჩევნების წინ უკვე მოსაბეზრებელიცაა, შეუძლებელია ამის დაუსრულებლად ყურება, რომ ახალ-ახალი საარაკო სიავკაცეები ჩნდება ამ კაცის მიერ ჩადენილი. თავიდან სტრასბურგის სასამართლოც კი გაოგნებული იყო გირგვლიანის საქმით, შემდეგ ყველაზე დიდი გაოგნება, რაც სააკაშვილმა საქართველოს დაატეხა, აგვისტოს ომი იყო. ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ამას მოჰყვება დავით გარეჯის თემა. ეს უნდა დასრულდეს, რადგან წარმოუდგენელია ყოველი არჩევნების მთავარი თემა იყოს სააკაშვილის სიავკაცე. როდემდე შეიძლება ამას ვუყუროთ, ერთი და იგივე ლუკმა რამდენ ხანს უნდა ვღეჭოთ? ქვეყანა წინ ხომ უნდა წავიდეს? ხომ უნდა შეიქმნას პოლიტიკური დისკურსი, რომ გარდა სააკაშვილისა უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ამ ვითარებაში, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად უალტერნატივო ძალაა, რადგან არჩევანი უნდა გავაკეთოთ მოღალატესა და არამოღალატეს შორის.

ისე, მოღალატის თემა და სააკაშვილ-ბიძინას შორის მარადიული არჩევანის გაკეთება ძალიანაც აწყობს წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ისევე, როგორც შევარდნაძე-სააკაშვილს შორის არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იყო.

- „ოცნებას“ აწყობს თუ არა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ისეთი ვითარებაა, რომ, რაც აწყობს „ოცნებას“, ის უალტერნატივოა. ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ სააკაშვილი კიდევ პოლიტიკურ ველზეა. სანამ ის არ გავა ამ ველიდან... ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, ლენინი ხომ არ არის? როგორც ლენინის გვამს აუშენეს მავზოლეუმი, ეს ამბავი აქცია საბჭოთა პროპაგანდამ მთავარ ამბად, საბჭოთა კავშირის მთავარ მითად და მთავარ სანახაობად. მავზოლეუმთან უზარმაზარი რიგი იდგა, ასევე იქცევა ჩვენი პროპაგანდაც. ადამიანს, რომელიც 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური გვამია, ერთგვარი პოლიტიკური მავზოლეუმი აუშენეს და უნდათ, გაასაღონ მთავარ ამბად, მთავარ ფიგურად და სანახაობად. რამდენი ადამიანი უყურებს მას ყოველდღიურად ტელევიზიით, დაახლოებით ეს იგივეა, ლენინს რომ არ მარხავენ. არადა, უნდა დამარხონ, რანაირად შეიძლება სააკაშვილი მთავარი აქტორი იყოს ქართულ პოლიტიკაში? ერთ რამეში ვეთანხმები გუბაზ სანიკიძეს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მთავარი ფაქტორია, მაგრამ შინაარსი უკიდურესად ნეგატიური აქვს, ერთადერთი, ლენინს თუ შეადარებ. გვინდა თუ არა, წლევანდელი არჩევნების მთავარი თემა ხდება ეს საკითხი, აბსოლუტურად გადაფარა ყველაფერი, საარჩევნო პროგრამები ვიღას ახსოვს.

სააკაშვილი ყოველთვის წარმოაჩენდა, რომ ალიევთან უბადლო მეგობრობა ჰქონდა. ეს მეგობრობაც შეიძლება დავით გარეჯის დათმობით აიხსნას?

- მანდ კომპლექსურად მთელი ამბავია, ამიტომაც ვამბობ, გამოძიებითაა დასადგენი. აქ საუბარია პოლიტიკურ და მატერიალურ სარგებელზე, რაც მიიღო სააკაშვილმა ამ ტერიტორიის დათმობით და არა მხოლოდ ტერიტორიების დათმობით, სავარაუდოდ, ლაპარაკია სხვა ტიპის დათმობებზეც. ალიევთან კარგი ურთიერთობაც ეს არის, რასაკვირველია, სტრატეგიული პარტნიორობა სტრატეგიული პარტნიორობაა, ეს უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ტერიტორიების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ეს აზერბაიჯანის მხარესაც შესანიშნავად ესმის, რადგან თვითონ აქვს ეს პრობლემა სომხეთთან. არავითარი სტრატეგიული პარტნიორობა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე არ შედგება, ვერ შედგება. ამიტომ არა მგონია, ამან პრობლემები შეგვიქმნას მოლაპარაკებების დროს.

კარტოგრაფების საქმის მთავარ პერსონაჟებს ზოგი სინდისის პატიმრებად, ზოგიც პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ეს მოქმედება მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადასაცემად. ეს დასრულებული დანაშაულია იმთავითვე, როგორც კი ეს რუკა დაიმალა, ამონახაზი გაკეთდა ტერიტორიების და ეს შეთანხმდა აზერბაიჯანულ მხარესთან. ამ საქმეს კიდევ ორი ეტაპი ჰქონდა, უნდა მომხდარიყო შეთანხმება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მთავრობებს შორის. საბოლოოდ პარლამენტის რატიფიცირება უნდოდა, მაგრამ ეს დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ვერ მოხდა. როცა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, რაც ამ კომისიის ექსპერტთა ჯგუფების შეთანხმებაა, საზღვარი დაიხაზა, ეს ივერი მელაშვილისა და იმ ქალბატონის ნებისგან დამოუკიდებლად მოხდა. მელაშვილმა და ილიჩოვამ რომ ხელი მოაწერეს, უკვე იცოდნენ, რა შედეგი დადგებოდა. ეს უკვე ჩადენილი დასრულებული დანაშაულია და იმაზე საუბარი, მერე რა მოხდა, არავითარი იურიდიული ძალის უკვე არ არის უგუნურობაა. როგორც იურისტი, ისე გეუბნებით ამას, ეს ყველა დამწყებმა იურისტმა იცის. დანაშაული უკვე ჩადენილია, მაგალითად, კაცის მოკვლა დავაპირე, მოკვლაც ვცადე, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ის კაცი გადარჩა. მიზანი აქ არ იყო, რომ „მეცნიერულად“, კვლევითი მიზნით რუკა დაემახინჯებინა ვინმეს. მიზანი იყო ტერიტორიის გადაცემა. ეს აშკარაა, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამოვიდნენ იქ, სადაც ადრე ჩვენები იდგნენ და დადგნენ თხემზე. დე ფაქტო ეს ტერიტორია უკვე აზერბაიჯანმა წაიღო.

მეორე მხარე ამტკიცებს, რომ საქართველოს ინტერესებს ივერი მელაშვილი ისე მტკიცედ იცავდა, რომ აზერბაიჯანმა კომისიიდან მისი დათხოვნა რამდენჯერმე მოითხოვა.

- წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. აქ საუბარია კონკრეტულ ქმედებაზე, იმ ამონახაზზე, რაც გაკეთდა, შეთანხმებული საზღვრის 66%-ზე. ამ შეთანხმების შედეგად რა თქვა აზერბაიჯანმა, საერთოდ არ არის საინტერესო. მთავარია, რომ აზერბაიჯანის სასარგებლოდ საქართველომ დათმო 3500 ჰექტარი მიწა, რაც 35 კვადრატული კილომეტრია და, მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ, ეს არის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ტოლი. ეს ტერიტორია დაუთმეს აზერბაიჯანს, ერთი გოჯი მიწის დათმობაც არ შეიძლება, ამ ტერიტორიაში შედის საქართველოს ეროვნული იდენტობის გამომხატველი ძეგლი. ტერიტორიულ მთლიანობას რომ თავი დავანებოთ, სადღა არის აქ ან ქვეყნის ღირსება, პატივი, როგორ შეიძლება, ეს ვინმეს შერჩეს.

ერთია ივერი მელაშვილი, როგორც პიროვნება, მაგრამ მეორეა, რაც მან ჩაიდინა, ადამიანი კი არ უნდა გვძულდეს, არამედ ცოდვა უნდა გვძულდეს. ამ ცოდვას სჭირდება პასუხისგება. ამას საქართველო ვერასდროს ვერავის ვერ აპატიებს. აქ არ არის საუბარი, ის პოლიტპატიმარია თუ არა, არანაირი არგუმენტი აქ აღარ მიიღება. რას ჰქვია, აზერბაიჯანმა მოითხოვა? იქნებ, აზერბაიჯანი ითხოვდა, 3500 ჰექტარი კი არა, 10 000 ჰექტარი გვინდაო. 3500 ჰექტარი მისცა და ეს არ ამართლებს მას, რომ ვითომ დანარჩენი ტერიტორია დაიცვა. ერთი კვადრატული სანტიმეტრის დათმობაც არ შეიძლება.