უცხო ენების შემსწავლელმა ცალკეულმა კურსებმა დისტანციურად სწავლება განაახლეს, ზოგიერთმა მათგანმა სწავლების ფასიც მნიშვნელოვნად დასწია, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ონლაინსწავლებისას ათვისების ხარისხი იკლებს და ბევრ ადამიანს არც ხიბლავს დისტანციურად სწავლება.
როგორ უნდა წარიმართოს მოზრდილთათვის განკუთვნილი კურსები - დისტანციურად, თუ არადისტანციურად?
ექსპერტი განათლების საკითხებში, „საქართველოს განათლების ლიგის“ თავმჯდომარე მანანა ნიკოლაიშვილი ინტერესდება, მოზრდილთათვის განკუთვნილ კურსებს რატომ არ აკონტროლებს სახელმწიფო?
„ვინმემ გააკონტროლა ეს კურსები? არავის არ გაუკონტროლებია, არანაირი სანიტარულ-ჰიგიენური პირობები მაგ კურსებზე არ არის დაცული, გათბობა არ აქვთ, ყინავენ ბავშვებსაც, მოზრდილებსაც და მასწავლებლებსაც, ძირითადად დაქირავებული აქვთ ისეთი შენობები, სადაც ძალიან პატარა ოთახებში ჰყავთ შეჭუჭყული ადამიანები. ეგ სეგმენტი მხედველობიდან გამორჩა ჩვენს ხელისუფლებას. მანდ აუცილებელია დისტანციური სწავლება, ხელისუფლებამ ეს უნდა გააკონტროლოს და დახუროს მოსამზადებელი ცენტრები, რადგან ჯგუფში უზით 18- 20- 25 ადამიანი და ასეთ სივიწროვეში ამზადებენ“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას მანანა ნიკოლაიშვილი.
მისივე განმარტებით, ძირითადად ასეთი კურსებით უფრო მეტად აბიტურიენტები სარგებლობენ და უცხო ენებს ეტანებიან. თუმცა სახელმწიფო რატომღაც სკოლებს, უნივერსიტეტებს აკონტროლებს, ეს კურსები კი არ გახსენებია, ისევე, როგორც არავის გახსენებია სპორტული წრეები და სპორტული სკოლები.
„დისტანციური სწავლება დაწყებულია როგორც უნივერსიტეტებში, ასევე, სკოლებში. მე ორივეგან ვასწავლი, უნივერსიტეტშიც და სკოლაშიც და წავაწყდი ასეთ რამეს, გამცდენი ბავშვები რომ მოვიკითხე, შევიტყვე, რომ ყველანი წასულები არიან სპორტულ სექციებში. ყველაზე სუსტი წერტილია სკოლაში თუ უნივერსიტეტში სპორტის გაკვეთილების და ლექციების ჩატარება, ამ დროს ეს სპორტსკოლები იბარებენ ბავშვებს, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ბავშვები დარბიან, ეჯახებიან, ეხუტებიან ერთმანეთს, გააჩნია სპორტის სახეობას. როგორ შეიძლება სპორტში დაიცვან ერთმეტრიანი დისტანცია? თანაც, სასკოლო საათებში რატომ იბარებენ? სპორტის მესვეურებს ჰგონიათ, რომ ბავშვებს სხვა გაკვეთილები არ უტარდებათ? რატომ აგდებენ ბავშვებს ამ დღეში? სახელმწიფომ ხომ უნდა მოიკითხოს სპორტული სკოლები, მარტო ჩვეულებრივ სკოლებზე რომ აქვთ გამახვილებული ყურადღება? ეს სპორტული სექციები ძირითადად კერძო პირებისაა და მათი ბიზნესია, ფულის გამო იბარებენ ბავშვებს, მშობლებიც უშვებენ შვილებს. ვინ შეამოწმა მათი ჰიგიენური პირობები? ეს მაშინ, როცა რეკომენდაციაა, ფიზიკური კულტურისა და სპორტის საკითხები ბავშვმა თეორიულად ისწავლოს მანამ, სანამ კოვიდვირუსი გვემუქრება“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დისტანციური კურსები არც მოზრდილებისთვისაა რეკომენდებული, რადგან სოკრატედან მოდის, რომ რეალური განათლება დისკუსიაში იბადება. უმაღლესში უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს სტუდენტი განათლების მიღების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ეს ეხება მაგისტრატურას.
„პირადად მე მაგისტრატურა რომ დავამთავრე განათლების მიმართულებით, მქონდა რამდენიმე ონლაინკურსი და არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე ჩვეულებრივი კურსი, მაგრამ ეს თვითპასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ამდენად, უმაღლესში შეიძლება უფრო კარგი შედეგები მივიღოთ. ცოცხალი დისკუსია განათლების საფუძველია. დისკუსიაში ხდება ახალი ცოდნის აღმოჩენა. განათლება თეორია არ არის, რომ რაღაც დაიზეპირო, მთავარია, ახალი ცოდნა აღმოაჩინო“,- აცხადებს მუხრან გულიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე for.ge- სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ, ხარისხის თვალსაზრისით, ვერც ერთი დისტანციური სწავლება ვერ შეედრება პირად კონტაქტს, მაგრამ როდესაც ეპიდემიაა, როდესაც მოიმატა სიკვდილიანობამ და მართლაც გადავასწარით ყველას ყველაფერ ცუდში, ასეთ დროს ონლაინსწავლება უმჯობესია. ადამიანს თუ სწავლა უნდა, ის ყოველთვის ისწავლის, დისტანციური იქნება, თუ არადისტანციური, ხოლო, ვისაც არ უნდა სწავლა, ის მაინც არ ისწავლის. მე მაგალითად, ჩემს შვილებს დისტანციურ სწავლებას ვურჩევ და მოზრდილებსა და სტუდენტებზეც ამავეს ვიტყვი“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.