საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში საძიებო სამუშაოებით დაკავებულ ენერგოკამპანია „ფრონტერას“ საქმე ისე წაუვიდა, რომ ოფშორულ ზონებშიც აღარ დაედგომება. კაიმანის ბიზნეს რეგისტრაციის ორგანო აცხადებს, რომ ქვეყანაში მოქმედი წესების შესაბამისად, რამდენიმე ასეულ კომპანიას, რომლებიც არ აწარმოებენ ბიზნეს საქმიანობას, რეგისტრაცია გაუუქმდება და ლიკვიდირებულად ჩაითვლებიან. ამ სიაშია ენერგოკომპანია „ფრონტერა“ და მასთან აფილირებული სხვა იურიდიული პირები. მათ შორისაა FRONTERA RESOURCES GEORGIA-ც, რომელიც წარსულში საქართველოს მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის მოპოვებას ახორციელებდა.
საქართველოს ხელისუფლებასთან დიდი დაპირისპირების შემდეგ „ფრონტერაში“ ცვლილებები დაიწყო. ამჟამად იქ რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს და მათი მეწილეები იცვლებიან. FRONTERA RESOURCES GEORGIA კაიმანის კუნძულების იურიდიული პირი ვეღარ იქნება.
ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა „ფრონტერას“, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო „ფრონტერას“ მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.
საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც „ფრონტერას“ სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა, თუმცა ე.წ. ნავთობმომპოვებელი კომპანია კარგა ხანს ჯიუტობდა და აგრძელებდა ხელისუფლებასთან დაპირისპირებას.
როგორ აფასებენ „ფრონტერაში“ ოფშორული ზონის მიღმა დარჩენის ფაქტს? ენერგოკომპანიის გენერალური დირექტორის ზაზა მამულაშვილის თქმით, კაიმანის კუნძულებზე „ფრონტერას“ კუთვნილი იურიდიული პირების გაუქმება რესტრუქტურიზაციის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო საქართველოში მათ მიერ დაფუძნებული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ საქმიანობას აგრძელებს.
როგორც მამულაიშვილმა „ბიზნეს მედიას“ განუცხადა, რესტრუქტურიზაციის კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ცვლილებების შედეგად კომპანიაში Outrider Managmenet-ის წილი გაიზრდება. რამდენიმე დღის წინ ამ კომპანიამ მიმართა საქართველოს მთავრობას და მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე ნავთობის მოპოვების ნებართვის მათთვის გადაცემა მოითხოვა.
კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველოში, დაახლოებით, 700 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს. ამასთან, Outrider Management-ი ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში მარაგების ზუსტი მოცულობის შესწავლას და მოპოვების სამუშაოების შესასრულებლად ქვეყანაში გამოცდილი ოპერატორის შემოყვანას აანონსებს.
„კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა“, - ნათქვამია კომპანია Outrider Management-ის განცხადებაში.
რაც შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, „ფრონტერამ“ სალიცენზიო ტერიტორიის ფართობის 99% სახელმწიფოს უკვე გადასცა. ეს იყო ის ტერიტორია, სადაც ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოები არ ხორციელდებოდა. სახელმწიფოს ამ ტერიტორიაზე ახალი ლიცენზიანტის შემოყვანისთვის ახალი ტენდერის გამოცხადება შეუძლია. ხოლო სალიცენზიო ფართობის 1%-ზე, სადაც კომპანია ნავთობსა და ბუნებრივ აირს მოიპოვებდა, ლიცენზია კიდევ 7 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.