ახლა უკვე არა მხოლოდ ქართველი ეკონომისტები, არამედ საერთშორისო ორგანიზაციები და მათი ანალიტიკოსები პირდაპირ მიუთითებენ საქარველოს მთავრობას, რომ საგარეო ვალების სიდიდეს ქვეყანა გამოუვალი მდგომარეობისკენ მიჰყავს. შეშფოთებას ვერ მალავს თვით ისეთი ინერტული ორგანიზაცია როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია.
2021 წელს საქართველოს მთავრობის ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება. სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ მომდევნო წელს მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 58.79%-ს მიაღწევს, ეს კი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.12 პროცენტული პუნქტით მეტია.
სავალუტო ფონდისგან განსხვავებული მოლოდინი აქვს საქართველოს მთავრობას, რომელიც მომდევნო წელს მშპ-თან მიმართებით ვალის კლებას პროგნოზირებს. 2021 წლის ბიუჯეტის თანდართული ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს მთავრობის მიერ აღებული რეკორდული საგარეო ვალის გათვალისწინებით, მშპ-სთან მიმართებით ვალის ნიშნული 57.9%-ს მიაღწევს, 2021 წელს კი 55.9%-მდე შემცირდება. შესაბამისად, სავალუტო ფონდი კლების ნაცვლად, ვალის ზრდას პროგნოზირებს. IMF-იც და მთავრობაც მომდევნო წელს 5%-იან ზრდას ელიან.
რაც შეეხება ვალის აბსოლუტურ მაჩვენებელს, 2020 წელს ვალი 8 მილიარდი ლარით გაიზარდა და მან 29.26 მილიარდ ლარს მიაღწია. სავალუტო ფონდის შეფასებით, მთავრობის ვალის მოცულობა 2021 წლისთვის დამატებით, 31.75 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გაისად მთავრობა 3.2 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღებას და 500 მილიონის ოდენობის ევროობლიგაციების გასტუმრებას გეგმავს.
„ბიუჯეტის ზრდაში დიდი წილი უჭირავს ვალის დაფარვის ნაწილს, ეს არის 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვისთვის გათვალისწინებული თანხა. მომდევნო წელს ჯამში 3.2 მილიარდი ლარით სესხის აღებას ვგეგმავთ, ამავდროულად 2.6 მილიარდი ლარის ვალის დაფარვა არის გათვალისწინებული ბიუჯეტში, შესაბამისად, საერთო ჯამში ახალი ვალის ზრდა შეადგენს 530 მილიონ ლარს“, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა.
თუ ქვეყანამ ვალი ეტაპობრივად არ შეამცირა, შეუძლებელი იქნება როგორც სახელმწიფოში, ასევე კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, მნიშვნელოვნად გართულდება სესხის აღება, გაძვირდება საპროცენტო განაკვეთები.
„მომდევნო ორ წელიწადში აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ 3%-იანი დეფიციტის მაჩვენებელს და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ვალის მაჩვენებლი 55%-ს ქვემოთ ჩამოვიდეს, რათა ნებისმიერ მერყეობაზე 60%-იან კრიტიკულ ზღვარს არ გადასცდეს“, - განაცხადა პარლამენტში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ივანე მაჭავარიანის უწყებაში აღიარებენ, რომ საქართველოს ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობის ვალების აღება მოუწია. მარტო 500-მილიონიანი ევრობონდების მომსახურება წლიურად 100 მლნ-ზე მეტი უჯდება.