არავითარი იმედი ტურიზმის გაცოცხლებისა არ არსებობს. ზაფხულის სეზონმა კორონავირუსის აფეთქების მეტი არაფერი მოიტანა, ზამთრის სეზონი აქედანვე ჩავარდნილია. ამასობაში კი 6-თვიანი შეღავათები, რაც ამ მიმართულებით მთავრობამ დააწესა, უკვე იწურება. გამოსავალი კი არსად ჩანს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია.
შესაბამისად, მძიმე ვითარებაშია არა მარტო საკურორტო და სასტუმრო ბიზნესი, არამედ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული სფეროებიც. საზღვრების ჩაკეტვის გამო მიღებული ზარალი მათზეც აისახა. ყველა დარგი შეღავათების მოლოდინშია. სარესტორნო ბიზნესი მთავრობას დამატებით საგადასახადო შეღავათს სთხოვს. ოფიციალური მიმართვა რესტორატორთა ასოციაციამ რამდენჯერმე გააგზავნა, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რეალური რეაგირება მათ არც ერთ მიმართვას არ მოჰყოლია.
ბარ-რესტორნების დიდი ნაწილი დროებით, ზოგი კი, სამუდამოდ დაიხურა. მათი გათვლებით, მომავალი წლის მაისამდე ქვეყანაში რეგისტრირებული 10 ათასზე მეტი ობიექტიდან მხოლოდ 10-15% მიაღწევს.
„როდესაც უმუშევარია, ფაქტობრივად, 100 000 ადამიანი და მუშაობს მხოლოდ 1000, ამ ვითარებაში საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები არაფერს ნიშნავს. სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ყოფილიყო დათმობები დღგ-ის გადახდის ნაწილში“, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე.
მათთვის საგადასახადო ტვირთთან ერთად მთავარი გამოწვევა საბანკო ვალდებულებებია და რეალური მხარდაჭერა მთავრობისგან სწორედ ბანკებთან შუამდგომლობისთვის სჭირდებათ.
„მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სასესხო ვალდებულებებზე გაკეთებულიყო კიდევ 6-თვიანი შეღავათი, რადგან ყველაზე დაზარალებული დარგი ვართ. ბანკებმა მოიმარჯვეს ნაჯახი, ხდება დატერორება - დაგაყადაღებთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთ, ქონებებს წავიღებთ, 6 თვე გავიდა და გეყოთო. რეალურად ასე მსოფლიოში არ ხდება, ჩვენ თუ დავზარალდებით, წავიყოლებთ უამრავ თანმდევ ბიზნესებს“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მოთხოვნები, როგორც კერძო სექტორი ამბობს, ეკონომიკის მინისტრისთვის უკვე ცნობილია. ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებლის მაია მურაჩაშვილის თქმით, იმისთვის რომ ტურისტული სექტორი გადარჩეს, აუცილებელია მთავრობის მხრიდან მორიგი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ის საშეღავათო პერიოდი, რაც არაერთი მიმართულებით ამოქმედდა, რიგ შემთხვევებში უკვე ამოიწურა.
„ვითხოვთ დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდას, საგადასახადო ვალდებულებების გადადებას მინიმუმ 1 წლით და საოპერაციო ხარჯების სუბსიდირებას, იმიტომ რომ 8-თვიან აბსოლუტურად განულებულ შემოსავალზე, ტურისტული კომპანია ვერ გადარჩება. საოპერაციო ხარჯები მასაც სჭირდება, ძალიან ბევრმა ოფისები დაცალა. ოფისების გარეშე, ნულოვანი შემოსავლით ვერანაირად ვერ აღდგება ტურისტული კომპანია. ასევე სასტუმროებს, სასტუმრო სახლებს სჭირდებათ ეს დახმარება.
გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული ტურიზმში, რომელიც ახლა აღმოჩნდა ბანკების კრედიტორი, აი, ამ ადამიანებისთვის ასევე ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ინდივიდუალურად მოლაპარაკებები აწარმოოს ბანკებთან იმისათვის, რომ მათ გადაუვადდეთ 3, 6 თვით სესხები, ოღონდ პროცენტის დანამატის გარეშე“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ მაია მურაჩაშვილმა.
საქართველოსთვის ერთ-ერთი შემოსავლიანი სექტორი ახლა მძიმე ვითარებაშია. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია ამბობს, რომ წელს დღესდღეობით პრობლემის მცირედით გამოსწორების შესაძლებლობაც კი არ არის.
„ჩვენ მთელი ეკონომიკა ტურიზმზე გვქონდა მიბმული, შესაბამისად, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვითარების გამოსწორებას პირი არც ზამთარში უჩანს, ამიტომ კვლავ ასეთი არასახარბიელო სტატისტიკა გვექნება. შემოსავლების კლების მხრივ არის განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია, დიდ ზარალზე გავდივართ. ჯერ კიდევ აგვისტოს მდგომარეობით, 1,8 მილიარდ დოლარამდე იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებული, რაც ეკონომიკისთვის სერიოზული დანაკარგია“, - განაცხადა ნიკო კვარაცხელიამ.