მანქანების ტექდათვალიერება მძღოლების ნება-სურვილზეა მიშვებული

მანქანების ტექდათვალიერება მძღოლების ნება-სურვილზეა მიშვებული

ბოლო პერიოდში ტექდათვალიერების მიმართულებით კონტროლი საგრძნობლად შესუსტებულია. მძღოლები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ჯარიმების გამოწერა აღარ ხდება, შესაბამისად, ბევრი უკვე თავსაც არიდებს ინსპეტრირების ცენტრებში მისვლას.

ტექნიკური ინსპეტირების ზოგიერთ კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ დღეში 2 ავტომობილზე მეტი არ შედის და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან ნებაზეა მიშვებული. შპს „აირბალონის“ წარმომადგენელის, ნოდარ რამიშვილის თქმით, მოთხოვნა თითქმის არ არის.

„ჩვენი კომპანიის მდგომარეობით, ინსპექტირებაზე 80%-იანი კლება ფიქსირდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არავინ ცდილობს ამ ვალდებულების შესრულებას და არც კონტროლია შესაბამის დონეზე. ჯარიმების გამოწერა არ ხდება და ვალდებულებების შესრულებაზეც ხელი აიღო ხალხმა. ამ ეტაპზე, ძირითადად, ტაქსები გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას, ამ მიმართულებით კონტროლი ნამდვილად მაღალ დონეზეა“, - განაცხადა ნოდარ რამიშვილმა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმართვიანობა 36%-ით შემცირდა. ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის ვაჟა იორდანაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ვადებთან დაკავშირებით შეღავათი დასრულებულია და პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება, მოთხოვნა მაინც დაბალია.

„ტექდათვალიერებაზე მიმართვიანობა ძალიან დაბალია, გასულ წელთან შედარებით 36%-იანი კლებაა. მანქანების ტექნიკური შემოწმების პროცესი გადავადებული იყო 2 თვით, მაგრამ ეს ვადა უკვე ამოიწურა და ტექნიკური ინსპექტირება დღესაც ჩვეულებრივ კონტროლს ექვემდებარება. ამ ეტაპზე კოვიდ-19 ხელისშემშლელი ფაქტორი ნამდვილად არ არის. მთავარი პრობლემა ადმინისტრაციის მხრიდან კონტროლის შესუსტებაა. მიდგომა უნდა გამკაცრდეს. ჭკვიანი კამერები არ რეაგირებენ და შესაბამისად, არც ჯარიმების გამოწერა ხდება, რის გამოც მოსახლეობაც ამ ვალდებულებას ზერელედ ასრულებს და ეს შედეგზეც აისახება“, - აღნიშნა „რეპორტთან“ საუბრისას იორდანაშვილმა.

მდგომარეობა რომ არასახარბიელოა, ადასტურებენ სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებიც. „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ვასო ურუშაძე მიზეზად საარჩევნო წელს ასახელებს, რადგან ხელისუფლებისათვის ახლა მთავარი, მოსახლეობის განწყობაა.

„არათუ შესუსტებულია კონტროლი, ის უბრალოდ აღარ არსებობს. ტექინსპექტირების სისტემა თვიდან ბოლომდე ჩამოშლილია. როცა ეს რეფორმა იგეგმებოდა, იმთავითვე იყო კრახისათვის განწირული, რადგან არ ეფუძნებოდა არავითარ კვლევას. დღეს ავტომობილი უკიდურესად თუ არ არის მწყობრიდან გამოსული, ის უპრობლემოდ გაივლის ტექდათვალიერებას და როცა ასეთი სუსტი ნორმების აღსრულებაც კი საერთოდ აღარ ხდება, რაზე უნდა ვისაუბროთ? გასაგებია, რომ საარჩევნო წელს ხელისუფლება ხალხის ზედმეტად გაღიზიანებას ერიდება, თორემ აბსოლუტურად ყველამ ვიცით, რომ მანქანები, რომელსაც არ გაუვლიათ ინსპექტირება თავისუფლად გადაადგილდებიან და არავის მისდის ჯარიმები“, - განაცხადა ურუშაძემ.

გამკაცრდება თუ არა ნოემბრიდან ტექდათვალიერებაზე კონტროლი, ეს ჯერ არავინ იცის. მანადე კი მძღოლები უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

 

ლაზი სახელმწიფომ შესანიშნავად იცის ტექდათვალიერების ეს სისტემა როგორც შეიქმნა და რომ, პტი ცენტრები გაცემულის ამოღებაზე მუშაობენ. არჩევნები არაფერ შუშია, თავიდანვე არ აკონტროლებდნენ ამ სფეროს და სწორიც არის. სწორედ ამიტომ არის რომ, "დღეს ავტომობილი უკიდურესად თუ არ არის მწყობრიდან გამოსული, ის უპრობლემოდ გაივლის ტექდათვალიერებას". მთავარია ვინმე მივიდეს და უკან გაუშვებენ? აბა რა ქნან, მამასისხლად მოპოვებულ ხელშეკრულებებს გამოსყიდვა არ უნდა? ასეთ ტექდათვალიერებას კი არანაირი აზრი არ აქვს.
ტექდათვალიერების სისტემა თავიდანაა შესაქმნელი საქართველოსათვის შესაფერის პრინციპებზე და მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე. ეკონომიკის სამინისტროს ხმადაყენებული, გაფუყული ჩინოვნიკების მიერ გამოგონილი ყოველგვარი სახელშეკრულებო პირობების გარეშე, მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის სააკრედიტაციო პირობების შესრულებით.
4 წლის უკან
DDD არაა საჭირო ეს ტექდათვალიერება საერთოდ.
შემოიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაშია მოთხოვნა დაფიქსირებული.
მძღოლზე უკეთ შეუძლებელია ამ მძღოლზე ვინმე ზრუნავდეს.
თუ არა და კი გადიან ტექდათვალიერებებს ნათხოვარი მაყუჩებით და კატალიზატორებით და თუ გაამკაცრეს, განა კატალიზატორის თხოვებას კიდევ ვინმე დაუშლის?
ესეც იმიტომ ხდება, რომ ხალხს ფული არ აქვს, ხოლო ცხოვრება საჭიროა.
4 წლის უკან