„ნინო კალანდაძის, ნიკა რურუას კადრები რომ ტრიალებს, ეს ზუსტად 2012 წლის დროინდელია, როცა ჩვენი მომლოცველები არ შეუშვეს დავით გარეჯში. ამ დროს კი აბრალებენ სალომე ზურაბიშვილს, თითქოს მან გაამწვავა გარეჯის საკითხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.
გასაგებია, რომ დავით გარეჯთან მიმართებით ჩადენილი ღალატი (თუკი ეს მართლაც ღალატია) ვერ იქნებოდა მხოლოდ ორი ექსპერტის მიერ ჩადენილი და უფრო მაღლა უნდა ავიდეს პასუხისმგებლობა, მაგრამ, თუკი ეს ექსპერტები უმწიკვლონი არიან, მაშინ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ საზღვარი შუა მონასტერშია გავლებული? კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური დაკვეთაა, თუ მართლაც დადგა ჭეშმარიტების მოძიების ჟამი?
- დავიწყებ იმ შეფასებებით, რაც ეხება დანაშაულის კატეგორიას. ღალატი ჩადენილია თუ არა და დამნაშავე იქნება თუ არა გამოვლენილი კონკრეტული მუხლის შესაბამისად, ამას სასამართლო დაადგენს. ამ ეტაპზე ბრალი წაყენებულია ერთ-ერთი მძიმე მუხლით და პროკურატურის მხრებზეა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს უმძიმესი ბრალი დაამტკიცოს. ანალოგიური პასუხისმგებლობა აკისრია სასამართლოსაც. რაც შეეხება თავად ამ საქმის დეტალებს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, როცა კულტურულ ისტორიული ძეგლის შუა ნაწილზე გადის საზღვარი და ამაზე თანხმდები, ან არ თანხმდები. თუ არ თანხმდები, კარგია და, თუ დათანხმდი, ცუდია. მით უმეტეს, როცა ასეთი მასშტაბის რუკაზეა საუბარი, 500 ათასიანზე, ეს დაახლოებით იგივეა, გლობუსზე საზღვრები რომ გავავლოთ. ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, ერთი ფანქრის ხაზის სიგანე რა ცდომილებას იძლევა ასეთი მასშტაბის, ანუ 500 ათასიან და უფრო მსხვილმასშტაბიან რუკაზე. მე სამხედრო ვარ და კარგად ვიცი, რომ რუკის უცოდინარი სამხედრო არ არსებობს, ფაქტობრივად, ნებისმიერი სამხედრო ამ საკითხში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულია. უფრო მეტიც, შეიძლება სამხედროებს ამ თვალსაზრისით სპეციალისტებიც კი ვუწოდოთ, თუმცა არსებობს ვიწრო სპეციალიზაცია ამ მიმართულებით, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისით და ისინი გაცილებით ღრმა სპეციალისტები არიან. ვიმეორებ, რუკა უნდა იცოდეს ყველა სამხედრომ, ნებისმიერი სპეციალობის მიუხედავად, თუ ის სამხედროა. ის კი არა, საწყის სამხედრო მომზადებასა და სასკოლო პროგრამებშიც კი რუკის შესწავლა შედის. ახლა ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად მოვამზადეთ „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ წიგნი სკოლებისთვის და იქაც ტოპოგრაფიას და რუკების ცოდნას გარკვეული ადგილი უჭირავს. ასე რომ, ვისაც რუკების შესახებ წარმოდგენა აქვს, მისთვის გასაგებია, თუ რატომ არ შეიძლება საზღვრის დადგენა 500 ათასიანი მასშტაბის რუკით.
ხომ არ აჯობებდა, ამ პროცესში სამხედროები უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ და გადაწყვეტილების მიღებაც მათზე ყოფილიყო დამოკიდებული და არა მხოლოდ კარტოგრაფების დონეზე?
- სამხედროები იყვნენ ჩართულნი. იქ იყო პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა ამ კომისიაში და გარკვეული კამათიც ჰქონიათ კიდეც, მაგრამ ერთია მოწვეული სპეციალისტი სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან, მეორეა წამყვანი უწყება, რომელიც ამ საკითხს ხელმძღვანელობს და ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გადაწყვეტილებას იღებს კომისია, მისი თავმჯდომარე, მოლაპარაკებებს აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რამდენადაც ვიცი, დავით გარეჯის სადავო მონაკვეთი არ არის შეთანხმებული, მაგრამ ეტყობა, მუშაობის პროცესში ისეთნაირად თანხმდებოდა ყველაფერი, რომ ჩვენთვის წამგებიანი პოზიცია ყოფილიყო. მე მაინც ვუბრუნდები იმას, რომ 500 ათასიან რუკაზე არ შეიძლება ზუსტად გაავლო საზღვარი. როგორც მოგახსენეთ, დიდ გლობუსზე საზღვარი რომ გავავლოთ, ხომ შეიძლება, შემთხვევით ნახევარი საქართველო ჩამოვჭრათ?! ეს იმიტომ, რომ თვითონ რუკაა ასეთი მასშტაბის. რაც შეეხება რუკის გადამალვას, ამ დეტალებში ვერ შევალ. ჯერჯერობით არ მომისმენია, უარყოფენ თუ არა დაკავებული პირები იმას, რომ რუკა აღმოჩენილია სახლში იმავე ილიჩოვას შემთხვევაში?! თუკი ეს რუკა კანონიერად იქნა ამოღებული სახლიდან, მაშინ, უბრალოდ, გასაკვირია, რატომ ჰქონდა ის რუკა სახლში, რომლითაც, წესით, უნდა ეხელმძღვანელათ კომისიაში მუშაობის დროს?! როგორც ხდება ხოლმე ჩხრეკის ჩატარებისას ნარკოტიკებზე, თუ იარაღზე, ზოგჯერ ამბობენ, ჩამიდეს ნარკოტიკი, ან იარაღი, რუკის სახლიდან ამოღების ბრალდების უარყოფა კი არ მომისმენია, ეს ბადებს კითხვას.
თუმცა ერთიცაა, ნუთუ მხოლოდ ერთადერთი რუკა იყო, ამ რუკის ასლი სხვაგან არ იყო დაცული, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს არ ჰქონოდა? ხომ შეიძლება, ოპონენტებს ეს შეკითხვა გაუჩნდეთ?
- ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რამდენი აზრია საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით, მე მაინტერესებს, გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად კვალიფიციურად, ბრალი იქნას სამართლიანად წაყენებული, რომ არ მოხდეს უსამართლობა, რადგან ძალიან მძიმე ბრალდებაა და თავადაც ამას ძალიან კარგად აღიქვამენ. ბევრი კითხვა ჩნდება. ერთ-ერთ გადაცემაში პროკურორმა წარადგინა რამდენიმე რუკა, სადაც ჩანს, რომ საზღვარი გადის გაცილებით შორს, ზოგან ასი მეტრით, ზოგან ორასი, ზოგან ხუთასი მეტრით და ეს არის მოქმედი რუკებით. ეჭვი მეპარება, პროკურორმა ისეთი რუკები მოიშველიოს სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოყენების კანონიერებას ვერ დაამტკიცებს სასამართლოში. ეს ხომ არ არის აბსტრაქტული საქმე, როგორც გაგიხარდება, ისე განმარტო. ან არსებობდა ის რუკა, რომელიც შეიძლება მოძიებულიყო, ან ჰქონდათ მათ ეს რუკები, რომლითაც უნდა ემუშავათ, რომელიც ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტდა საქმეს. იქ იყო გერმანული რუკა, კიდევ სხვა რუკები, რომელიც პროკურორმა აჩვენა ტელევიზიით. თუ არსებობდა ეს ყველაფერი, ამაზე პასუხი უნდა გაეცეს და ალბათ, გაეცემა. მაინტერესებს, ამ რუკების თაობაზე სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულები რას იტყვიან, რითი გააბათილებენ, ამ საკითხში სიჩქარე არ შეიძლება.
პროკურატურის გამოძიება ხელს ხომ არ შეუშლის დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობას?
- გამოძიება ხელს არ უშლის კომისიის მუშაობას აზერბაიჯანთან, ის ჩვეულებრივად უნდა გაგრძელდეს, რადგან შეიძლება თვეების განმავლობაში გასტანოს ამ პროცესმა. წრე გაფართოვდება თუ არა, დამოკიდებულია ძიების მსვლელობასა და მონაწილე პირების ჩვენებებზე. თუ ისინი იტყვიან, ჩვენთვის არავის არაფერი უბრძანებია და გამოძიების შედეგად ვერ გამოვლინდებიან უფრო მაღალი ეშელონების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, შემოიფარგლებიან კომისიის წევრებით, თუ გამოიკვეთება, შესაძლოა, წრე გაფართოვდეს და ძალიან მაღლა წავიდეს.
ზოგიერთები პარალელს ავლებენ, რომ ჟვანიას საქმის ექსპერტი სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დააკავეს და შემდეგ გამოუშვეს. ახლაც წინასაარჩევნო კონტექსტში განიხილავენ ამ შემთხვევას.
- გვესმის ასეთი კითხვები, ხუთი წლის განმავლობაში რას აკეთებდა ეს ხელისუფლება, ან რვა წლის განმავლობაში? ყველაფერი, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, შეიძლება, საარჩევნო კონტექსტში იქნას განხილული, ამას ვერ გავექცევით. თუმცა არჩევნები სად იყო, როცა სალომე ზურაბიშვილმა თავის კოლეგასთან ბაქოში ვიზიტისას ეს საკითხი დააყენა. მას შემდეგ გასულია წელიწადზე მეტი. ამის შემდეგ დავით გარეჯის საკითხი გამწვავდა მაისის თვეში, როცა ჩვენი მომლოცველები არ შეუშვეს და იყო აქციები. ამ აქციებში ყველა მონაწილეობდა - „ნაცმოძრაობაც“, პრორუსული პარტიებიც, „პატრიოტებიც“, უპარტიო ადამიანებიც, ანუ თემა პირველად გააქტიურდა პრეზიდენტის ვიზიტის დროს და ამას მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები ოპოზიციურ პარტიებში, როგორ წამოსწია პრეზიდენტმა ეს თემა, ეს როგორ შეიძლებოდაო. მე მაშინ გავაკეთე კომენტარი, აბა, ვის უნდა წამოეწია ეს თემა, თუ არა პრეზიდენტს პრეზიდენტთან? ამის შემდეგ მაისში დაისვა ეს საკითხი, ხუთი თვეა გასული, მაშინაც გააკრიტიკეს პრეზიდენტი, მას რომ არ წამოეწია თემა, გზას არ დაგვიკეტავდნენო. თუმცა შევახსენებ მკითხველს, მანამდეც, წინა წლებში, როგორც ამ ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების დროს, მომლოცველებს პერიოდულად საზღვარს უკეტავდნენ, ასე მოხდა 2012 წელს. მინისტრის მოადგილის, მაშინდელი კულტურის მინისტრის ცნობილი კადრები რომ ტრიალებს, ზუსტად 2012 წლის არის, წინა ხელისუფლების დროინდელი, როცა ჩვენი მომლოცველები არ დაუშვეს. ანუ აქ სპეკულაციებია და აბრალებენ სალომე ზურაბიშვილს, თითქოს მან გაამწვავა ეს საკითხი. მაშინ 2012 წელს ვინ გაამწვავა? 2012 წელს ხუთი წელი იყო გასული 2007 წლიდან, როცა ჩიხში შევიდა მოლაპარაკებები, რა გააკეთეს ხუთი წლის განმავლობაში? ჩვენ მოვისმინეთ მაშინდელი ჩინოვნიკების განცხადებები, რომ ეს ტერიტორია თურმე იყო აზერბაიჯანის საზღვრებში საბჭოთა პერიოდში, გამოდის, მაშინდელმა ჩინოვნიკებმა უკვე დაასკვნეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს ამ კონკრეტულ მონაკვეთთან დაკავშირებით. მაშინ წელს აქციებში რატომ მონაწილეობდნენ და ახლა სხვა შეფასებები რატომ აქვთ? იმ ვიდეოების გახსენება არ სიამოვნებთ და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ტელეარხები ამ ვიდეოებს არ აჩვენებენ. რვა წელი რას აკეთებდნენო, რომ ინტერესდებიან, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ერთი წლის წამოსწია ეს თემა, ანუ მთლად უსაქმოდ არ ყოფილან. პრეზიდენტი ამ საკითხს თავისით ვერ წამოსწევდა. დღევანდელი კონსტიტუციით, საერთაშორისო ვიზიტებისას განსახილველ ასეთ საკითხებს პრეზიდენტი ათანხმებს მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. საპარლამენტო რესპუბლიკაა და პარლამენტთანაც შეათანხმებს, მთავრობასთანაც, საგარეო უწყებასთან. საგარეო უწყების წარმომადგენელი ყოველთვის ახლავს პრეზიდენტს დელეგაციაში ან მინისტრის მოადგილის დონეზე, ან მინისტრის დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ახლა არ გახსენებია ამ ხელისუფლებას ეს საკითხი, ანუ რაღაცას აკეთებდნენ. დავუშვათ, რვა წელი არაფერი უკეთებიათ და დავით გარეჯის თემა მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, კი ბატონო, ეს თემა შეგვიძლია პოლიტიკურად დავტვირთოთ, მაგრამ, თუ აქ საქართველოს ტერიტორიების საკითხია, იმ მოტივით, რომ არჩევნები მოდის, თვალი დავხუჭოთ დანაშაულზე, თუკი დანაშაულია ჩადენილი? ოპოზიციას არავინ უშლის, დაამტკიცოს, რომ გარეჯის თემა წინასაარჩევნოა, ეს პოლიტიკური პროცესია და მათი უფლებაა, მაგრამ პარალელურად კითხვებსაც გასცენ პასუხები. ამ საკითხის გადაფარვას და ჩაფუშვას ნუ შეეცდებიან, რადგან ეს საშვილიშვილო საქმეა.