ერთი შეხედვით „უმნიშვნელო გრძელვადიანი ინციდენტი“, რომელმაც თავი იჩინა ორი თვის წინ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ამჟამად უკვე სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა, - რუსი მესაზღვრეები უარს აცხადებენ ფედერაციის ტერიტორიაზე გაატარონ მილიონობით ლიტრი სპირტით დატვირთული ავტომანქანები, ვინაიდან ტვირთი „კონტრაბანდულად“ მიაჩნიათ.
ეს სრული სიმართლეა. სპირტი კონტრაბანდულია იმ აზრით, რომ მის მეპატრონეთ (ამერიკულ და თურქულ ფირმებს) არ სურთ გადაიხადონ დაწესებული საბაჟო გადასახადი, რაკი ამ სპირტით სარგებლობა ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც ათასობით არყის სახდელი ქარხანაა განლაგებული, მომგებიანი აღარ იქნება.
საქართველოს გავლით სპირტის ტრანზიტი ამ ფირმებს საშუალებას აძლევდა საქონელი გაეფორმებინათ „ესენგეს ტარიფებით“ და, ფაქტობრივად, არ გადაეხადათ რუსეთის მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადი. სწორედ ამიტომ ხდებოდა სპირტის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით და არა ნოვოროსიისკის პორტიდან, რაც თითქოს უფრო იაფი უნდა ყოფილიყო ტრანსპორტირების ხარჯთა გათვალისწინებით.
საქართველოს გავლით იმპორტირებული სპირტი ჩრდილო ოსეთის ბიუჯეტისათვის შემოსავლის ძირითადი წყარო გახდა. ეს ბიზნესი დიდ მოგებას უქადდა საქართველოს ბიუჯეტსაც, რომელსაც ტრანზიტის საფასურად რამდენიმე მილიონი ლარი უნდა მიეღო, მაგრამ რუსეთის მთავრობამ (მეტისმეტად „გათამამებული“ ჩრდილო ოსეთის დასჯისა და სპირტის საკუთარ მწარმოებელთა დაცვის მიზნით) ფაქტობრივად აკრძალა სპირტის იმპორტი (გადასახადის სრულად გადახდის შემთხვევაში ეს ბიზნესი წამგებიანი ხდება), ხოლო ტრადიციული „ქრთამის“ იმედად მყოფი ქართველი „საქმოსნები“, ისევე როგორც მათი დასავლელი კოლეგები ხახამშრალნი დარჩნენ.
ამჟამად რუსეთის საზღვარზე კატასტროფული ვითარებაა შექმნილი. ათასამდე უზარმაზარმა სატვირთო ავტომანქანამ მოძრაობა შეაფერხა ორივე საავტომობილო ტრასაზე: ყაზბეგისა და „სამხრეთ ოსეთის“. რუსი მესაზღვრეები ნამდვილი ომისთვის ემზადებიან. მათი სარდალი, გენერალი ნიკოლაევი აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას: არტილერიას, ავიაციას (ალბათ თუ გაჭირდა ატომურ იარაღსაც), რათა არ დაუშვას „ფედერაციის ტერიტორიაზე კონტრაბანდული საქონლის შეტანა“. გენერალ ნიკოლაევის დამოკიდებულება საქართველოსადმი საყოველთაოდ ცნობილია. 1995 წლის ზაფხულში, მან შევარდნაძესთან შეუთანხმებლად „მოინახულა“ სოჭში ვლადისლავ არძინბა. ამისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა თავნება გენერალი ლაზათიანად გამოლანძღა რადიოინტერვიუში. ანდრეი ნიკოლაევი დღენიადაგ იმის ცდაშია, როგორმე სამაგიერო გადაუხადოს საქართველოს „შეურაცხყოფისათვის“. ამჯერად მართლაც მიეცა საბაბი და საეჭვოა, უკან დაიხიოს. ქართული მხარე საპასუხო ზომებს იღებს: ჯერ ერთი, საქართველოს სამხედრო გზა და ტრანსკავკასიური მაგისტრალი „დაიკეტა“ არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ სომხეთისთვისაც, რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთისათვის წამგებიანია.
გარდა ამისა, საქართველომ გააჩერა აფხაზეთის გავლით მიმავალი რუსეთის რამდენიმე სამხედრო კოლონა. რაკი ყაზბეგისა და ცხინვალის გზა დაკეტილია, სპირტით დატვირთული მანქანების მძღოლთა ბედს ამჟამად რუსი ოფიცრები და მათი ოჯახის წევრებიც იზიარებენ. თუმცა, საბოლოო ანგარიშით, საქართველომ ამ სფეროში ალბათ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, რადგან კონტრაბანდაზე აგებული ბიუჯეტი ქვეყანას სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს.