„მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“ - დროებითი ზავი ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ამ სიტყვებით დაირღვა

„მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“ - დროებითი ზავი ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ამ სიტყვებით დაირღვა

„მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“ – „ევროპული საქართველოს“ რიტორიკა ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შესაძლოა, გიგი უგულავას ვიდეო მიმართვამ ოპოზიციაში ახალი განხეთქილება შეიტანოს.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თქვა, რომ ის რეტროგრადულ პარტიად გადაიქცა, მათი ლიდერი კი საერთო ოპოზიციური მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა. ამ კონტექსტში პირველად ახსენა ვანო მერაბიშვილიც, რომელიც, უგულავას მტკიცებით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ამ პროცესში ეხმარებოდა.

გიგი უგულავას რიტორიკა წინასაარჩევნო პოლიტიკურ ისტერიად მიიჩნიეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და პოლიტიკურ დებატებში შესვლას აღარ აპირებენ.

ოპოზიციის ნაწილი გიგი უგულავას პათოსს იზიარებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახლა ერთმანეთთან დაპირისპირების დრო არ არის. ამასთან, თავად „ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიასთვის წინასაარჩევნო კამპანიის ასეთი ფორმა და შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის გასაყოფი მხოლოდ ერთი რამ არის - საპარლამენტო სავარძლები.

გიგი უგულავას ვიდეორგოლის გავრცელებამდე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებული იყო, რომ ერთმანეთთან პოლიტიკურ დებატებში აღარ შევიდოდნენ და დაპირისპირებას შეწყვეტდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დაპირება დაირღვა.

 „ბუნებრივად ისმის კითხვა - ახლა რა ხდება? წავაგებთ? რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას, ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან, ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ „მეგატრონებს“ ეს საერთოდ არ ადარდებთ.

 გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის „ოცნებას“ და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოვებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და მე პირადად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ზემოთაღწერილი სცენარით ებრძოლა და გაემარჯვა, მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოვებული წრის გარღვევას გულისხმობს“, - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, უგულავას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად გადაიქცა და სააკაშვილმა ოპოზიციური ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, გავრცელებული ვიდეომიმართვით „ევროპულმა საქართველომ“ ბიძინა ივანიშვილის გული გაახარა.

„ეს არის ფუნდამენტურად არასწორი მოქმედება, არა მარტო მორალურად, რაც მთავარია, პრაგმატულად, ისინი არა მარტო საკუთარ თავს იზიანებენ, კარგავენ ბევრ მხარდამჭერს, როდესაც ამომრჩეველი ხედავს, რომ ისინი ივანიშვილთან კინკლაობის პარალელურად, ივანიშვილის მთავარ დამმარცხებელ ძალას ებრძვიან, რომ ისევ ივანიშვილის გულს ახარებენ. ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომლებსაც, შესაძლოა, მათთვის ხმა მიეცა, აღარ მისცემენ, მაგრამ მე ეს ნაკლებად ამაღელვებდა, რომ არა ის ხმები, რომელიც, შეიძლება, პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებში აღარ წავიდეს და საერთოდ ფრუსტრაცია მოახდინოს ამომრჩევლის. ძალიან ცუდი და არასწორია, რასაც ეს პოლიტიკური ძალა აკეთებს“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის როლს მიმდინარე საარჩევნო კამპანის დროს, გიორგი ბარამიძის თქმით, ვანო მერაბიშვილი ენმ-ს არც პოლიტსაბჭოს წევრია და არც სამდივნოსი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ „ევროპული საქართველო“ ცდილობს, ერთი მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ამომრჩეველი წაართვას და მეორე მხრივ ნეიტრალური ამომრჩევლის გადაბირება უნდა, რომელსაც არც სააკაშვილი აინტერესებს და არც ივანიშვილი. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ევროპელები ცდილობენ პოზიციები შეინარჩუნონ და ამ კამპანიით ამომრჩეველთა რიგები გააფართოვონ. სხვაგვარად მათ ამომრჩევლის გადაბირება გაუჭირდებათ.

„ზოგადად სააკაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მიმღებლობას საზოგადოებაში ხელს უშლის. სამწუხაროდ, სააკაშვილის ფაქტორი ისაა, რომ თუ ივანიშვილს კოალიციის შექმნაზე უარს ეუბნები, მაშინ სააკაშვილსაც ავტომატურად უარი უნდა უთხრა. სხვაგვარად ლოგიკური ვერ იქნება. ევროპელები ასეთ განაცხადებას ამიტომაც აკეთებენ. უბრალოდ, სხვა გზა არა აქვთ და კონკურენციაში არიან როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან.

თუ საუბარი იმაზეა, რომ „ოცნების“ ამომრჩეველი ოპოზიციაში დაპირიპირების გამო ისევ ივანიშვილისკენ დაბრუნდება, ეს ასე არ იქნება, რადგან აქ მაინც ისევ სააკაშვილის ფაქტორი მუშაობს. პარტიის ლიდერი ივანიშვილი ამომრჩეველს თუ კვლავ დაარწმუნებს, რომ სააკაშვილი ბრუნდება, მას განაწყნებული ამომრჩეველი ისევ უკან დაუბრუნდება. ეს იციან ევროპელებმა ამიტომაც ორივეს ამ განცხადებით ემიჯნებიან. თუმცა ამისგან რას და როგორ მოიგებს, ეს ცოტა რთული სათქმელია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ პრობლემა ის არის, რომ ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. აცხადებს, რომ თუ ივანიშვლი ხელისუფლებიდან არ წავიდა, ქვეყანა იღუპება. ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ რა დროს სააკაშვილთან ბრძოლაა? ძაბირაძე ამბობს, რომ რეალობა ის არის, რომ მოსახლეობა აღარ ფიქრობს, ოღონდ ივანიშვილი წავიდეს და ვინც გინდა ის მოვიდეს. ეს ფორმულა ამ არჩევნებზე აღარ მუშაობს. თუ საზოგადოება იქამდე მივა, რომ მხოლოდ ივანიშვილი მოვიშოროთ და ვინც გინდა მოვიდეს, მაშინ გაიმარჯვებენ, მაგრამ დღეს საზოგადოებაში ეს განწყობა არ არის. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხალხში ამ არჩევნებზე ინფანტილური დამოკიდებულებაა და სულაც აღარ აინტერესებს ვინ წავა და ვინ მოვა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ „ევროპული საქართველო“ არც ერთი განცახდებას ბოლომდე არ მიჰყოლია და არც იმაზე უფიქრია, რა შედეგს მოუტანდა. საყვარელიძე ამბობს, რომ ძალიან ხშირად რჩება შთაბეჭდილება ბევრ რამეს მხოლოდ გულის მოსაფხანად აკეთებენ. ანალიტიკოს მიაჩნია, რომ როდესაც ევროპელებმა, თავის დროზე, ნაციონალებისგან დამოუკიდებლად მოღვაწეობა გადაწყვიტეს და სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობდნენ, ერთი პერიოდი გამოუვიდათ კიდეც და გარკვეული შედეგიც ჰქონდათ. თუმცა შემდგომ მოვლენების განვითარებისას, როცა საქმე-საქმეზე მიდგა, ისინი ისევ ერთნი გახდნენ და საერთო ინტერესები გაუჩნდათ.

ამიტომაც ამომრჩეველს მათი იდენტიფიცირება გაუჭირდა. ამით ასევე ნეიტრალური და ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველიც დაკარგეს, რომლებიც ხელისუფლებაზეც და ნაციონალებზეც განაწყენებულები იყვნენ. ამიტომაც საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ევროპელებს განცხადებები მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის გულის მოფხანაზე აქვთ გათვლილი და რეალურად პოლიტიკურად არანაირი მოგების მომტანი არ იქნება.

„ევროპელები საკუთარ განცახდებებს პრინციპულად თავადვე რომ ატარებდნენ და მალე არ ავიწყდებოდეთ, რაღაცას მოიგებდნენ. გიგი უგულავას განცხადება მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზეა გათვლილი და ამით რაიმე პოლიტიკურ ქულებს ნამდვილად ვერ ჩაიწერენ. ხალხი მათ ისევ ნაციონალებად თვლის, რადგან, როცა საქმე-საქმეზე მიდგება, მაინც ერთად არიან და ერთი ინტერესები ამოძრავებთ. შესაბამისად, მათი განცხადება ფუჭია და არანაირი ამომრჩევლის მიზიდვაზე არ არის გათვლილი. ახლა ხელისუფლებას ნამდვილად არ უდგას ისე საქმე, რომ, ჯერ ერთი, მაგათი თუნდაც გაერთიანების ეშინოდეს, ან მაგათი დაპირისპირება უხაროდეს, რომ რამე ხეირს ნახავს. როცა საქმე ხელისუფლებას და სკამებს ეხება, როგორც ნაციონალები ისე ევროპელები ყველანაირ წყენას დაივიწყებენ და ერთმანეთში მოგვარდებიან. ამიტომაც მათი დაპირისპირების არც ხალხს და არც მმართველ გუნდს არ სჯერა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

Maverick „მუშტი ბიძინას, იდაყვი მიშას“ გიგი უგულავას ვიდეო მიმართვა?!
ჩემგან: ცერი ... ოპოზიციას!
3 წლის უკან