განახლდება თუ არა ლევან კალაძის მკვლელობის საქმის ძიება

განახლდება თუ არა ლევან კალაძის მკვლელობის საქმის ძიება

კახი კალაძის ძმის ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ლევან ცინცაძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა. იგი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს და საქმის გადახედვას მოითხოვს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის საფუძველზე მას გამოუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მისი საქმის გადახედვის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ცნობისთვის, ლევან ცინცაძეს კალაძის გატაცებისა და მკვლელობისთვის 25–წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი.   

For.ge ლევან ცინცაძის ადვოკატს ირმა ჭკადუას ესაუბრა.

ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ლევან ცინცაძემ შიმშილობა გამოაცხადა და საქმის გადახედვა მოითხოვა. რა მტკიცებულებები გააჩნია თავის გასასამართლებლად?

- ლევან ცინცაძე მიმართავს კალაძეების ოჯახს, დაეხმარონ, რათა გამოძიება რეალურად დაიწყოს და დადგინდნენ რეალური დამნაშავეები, რადგან იგი შვიდი წლის განმავლობაში უკანონო პატიმარია. უბრალოდ, წინა ხელისუფლების პირობებში მან ვერანაირი სიმართლის დამტკიცებას ვერ მიაღწია. მას საქმე გაგზავნილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მიმართული აქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის და სიმართლის დასადგენად არცერთი წუთით არ გაჩერებულა.

მას არ აქვს ბრალი აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად იყო ნაწამები. ის ამბობს, დღესაც რომ გამიღონ ციხის კარები, მე გამოსვლას არ ვაპირებ, სანამ ამ ლაქას არ მომაშორებენ, რომ თითქოს მე ვარ ლევან კალაძის მკვლელი, ჩემთვის უსაყვარლესი ფეხბურთელის ძმის მკვლელი, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ტანჯვა და ტკივილია. ამიტომ მისი სურვილია, რომ ამ ხელისუფლებამ, რომელიც სამართლიანობის აღდგენის პრინციპით მოვიდა, გამოიძიოს აღნიშნული საქმე, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი დღე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მექანიზმი კანონში დევს.

მის განცხადებასთან ერთად, ასევე, ვახო კომახიძის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ჩაწერილი დისკი წარვადგინეთ, სადაც ძალიან სერიოზული აქცენტებია გაკეთებული იმ პიროვნებაზე, რომლის აღიარებითი ჩვენების საფუძველზეც მოხდა ამ საქმის გახსნა.

ლევან კალაძის ტრაგედიის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. მათ შორის რომელია სანდო ვერსია?

- მართლაც, ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის რამდენიმე ვერსია შემოგვთავაზეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, თუმცა რომელი ვერსია უნდა დაიჯეროს ოჯახმა და ასევე, საზოგადოებამ, ეს ძიების საქმეა. აქედან გამომდინარე, კალაძეების ოჯახი იმსახურებს, რომ რეალურად გამოიძიონ ეს საქმე. ამიტომ ლევან ცინცაძე ბოდიშს უხდის კალაძეების ოჯახს. ცხადია, მისი ყოველი ახალი განცხადება მათი ოჯახებისთვის ძალიან მძიმეა, რადგან უნდა გაიხსენონ ეს ტრაგიკული სიტუაცია, მაგრამ მისი თხოვნაა, დაეხმარონ იმისთვის, რომ გაირკვნენ ნამდვილი დამნაშავეები.

ლევან ცინცაძემ თუ იცის, ვინ არის რეალური დამნაშავე და შეუძლია თუ არა მას ამ მხრივ ძიებას დაეხმაროს?

- მან რეალური დამნაშავის შესახებ არ იცის, მაგრამ საქმეშია ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი უამრავი მტკიცებულება. არის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაზისუბანში აღმოჩენილ გვამს არ ჰქონდა ფრაგმენტები, რომელი ფრამგენტებიც მოგვიანებით გაგზავნილ იქნა დნმ-ის ანალიზისთვის. ჩვენ წარვადგინეთ სასაფლაოს დირექტორის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოდან ამოღებული გვამი არ იქნებოდა ერთ წელზე მეტი ხნის დამარხული.

ასევე, გვაქვს იმ ადამიანის ჩვენება, რომელმაც უშუალოდ დაინახა, თუ რა ასაკის პიროვნებამ ჩაისვა მანქანაში ლევან კალაძე საავადმყოფოს ეზოდან და იგი დაახლოებით 40 წლის იყო. იმ პერიოდში კი ლევან ცინცაძე იყო 24-25 წლის. გარდა ამისა, არის უამრავი სხვა მტკიცებულებაც. პრაქტიკულად, ამ საქმეზე შოუ იყო დადგმული, რადგან ამისულაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სპექტაკლი გათამაშდა, თითქოსდა, იგი სადახლოს გამშვებ პუნქტზე დააკავეს, მაშინ, როცა წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს იგი ერთი თვის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ მუხიანის აგარაკზე.

იმ ფილმში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, საუბრობს ქალბატონი, რომლის აგარაკზეც მოხდა ეს ამბავი და იგი ითხოვს, თუკი დღეს გამოძიება დაინტერესდება და იმ ოჯახში ჩაატარებს ექსპერტიზას, შესაძლებელია, ამისულაშვილის სისხლის კვალი იქნას აღმოჩენილი, რაც დაადასტურებს, რომ იმ ოჯახში ნამდვილად აწამებდნენ  ამისულაშვილს და წამების შედეგად მისგან მიიღეს ის ჩვენება, რომელიც ამ საქმეზე იყო გამოტანილი.

აქამდე კახი კალაძე თუ დაინტერესებულა, რომ ლევან ცინცაძეს შეხვედროდა?

- ეს ნამდვილად არ არის ჩემთვის ცნობილი, ბატონი კახი კალაძის მხოლოდ სატელევიზიო კომენტარები მაქვს მოსმენილი. დიდი სურვილი მაქვს, მას პირადად შევხვდე, თუკი ის ამას ისურვებს, მას წარვუდგენ ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს. ლევან ცინცაძეს აქვს სურვილი, კალაძეების ოჯახმა ის არ აღიქვას მტრად, პირიქით, ის არის მათ მხარეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიხსნას აღნიშნული საქმე.

ყოფილი ხელისუფლების სამართალდამცავებმა ლევან კალაძის მკვლელობის საქმეში რატომ დაადეს ხელი მაინცდამაინც ლევან ცინცაძეს?

- არ ვიცით. ეს თვითონ ლევან ცინცაძისთვისაც გაურკვეველია. იგი დარწმუნებულია იმაში, რომ რომელიღაც პიროვნების ნაცვლად ჩაანაცვლეს ამ საქმეში. ერთადერთი, რა შეხებაც ჰქონდა დანარჩენ დაკავებულებთან (გაგნიძესთან და ასათიანთან) ის იყო, რომ გაგნიძესთან მეგობრობდა, გაგნიძე სარგებლობდა მისი სიმ-ბარათით, თუმცა იმაშიც დარწმუნებულია, რომ გაგნიძეც ამ საქმეში უდანაშაულოა, ისევე, როგორც - ასათიანი.

ფიქრობთ, რომ საქმის გამოძიების შემთხვევაში, პროკურატურაში შეტანილი სარჩელის საფუძველზე ლევან კალაძის ნამდვილი მკვლელის ვინაობა გაირკვევა?

- არ ვიცით, ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, რათა გამოიკვლიონ, ვინ არის რეალური მკვლელი, ვინაიდან ამ ხელისუფლების პრიორიტეტი, რომელიც ხალხის დიდი ნდობით სარგებლობს, სამართლიანობის აღდგენაა. ამიტომ უსამართლოდ დასჯილი ადამიანების ნაცვლად რეალური დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.