როგორც ჩანს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების პერსპექტივას წერტილი საბოლოოდ დაესვა. ამას ადასტურებს მომავალი წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებიც, სადაც აშკარად ჩანს, გულგრილი დამოკიდებულება საერთაშორისო დონის პროექტისადმი.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონ ლარს ჩადებს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-24 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. თუმცა, უშუალოდ პორტის პროექტის განხორციელებისათვის მხოლოდ 1,5 მლნ ლარია გამიზნული.
იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტში 2021 წელს გზის მშენებლობაზე 10 მილიონი ლარის დახარჯვა არის გათვალისწინებული, ეს რეალურად არ არის გარანტია იმისა, რომ აღნიშნული ხარჯების ათვისება მართლაც მოხდება. გასული წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ გზის განვითარებაზე დაიხარჯა იმდენი, რამდენიც ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. მაგალითად, 2019 წელს თავდაპირველად პროექტზე 11 მილიონის დახარჯვა იყო დაგეგმილი, ფაქტობრივად კი ათვისებამ 3.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, გზის მშენებლობაში 50 მილიონის ჩადება იყო გათვალისწინებული, რაც შემდგომ 3.3 მილიონ ლარამდე შემცირდა.
2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ამ დავის გამო მთავრობაში ფიქრობენ, რომ პროექტზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი შესაძლოა, წარუმატებელი აღმოჩნდეს.
„არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ ბიუჯეტის პროექტის ის ნაწილი გააკრიტიკა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს ეხება.
„თუ ანაკლიის პორტის აშენება ნამდვილად განზრახული ამბავია, 1,5 მლნ ლარზე ბევრად მეტი უნდა იყოს ჩადებული სახელმწიფოს მხრიდან. პორტს, რა თქმა უნდა, ინვესტორი ააშენებს, მაგრამ არ მგონია, რომ სახელმწიფოს მხრიდან 1,5 მილიონი იყოს საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც დაიწყოს ამ პორტის მშენებლობა“, - მიმართა არველაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.
გიორგი კაკაურიძემ კი დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტში ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან ამ ეტაპზე ანაკლიის მშენებლობა ბიუჯეტიდან არ იგეგმება.
„ანაკლიის მშენებლობა უნდა მოხდეს კერძო ინვესტორის მიერ. თუ კერძო ინვესტორთან შეთანხმების ფარგლებში მოხდება ისე, რომ სახელმწიფო რამე წილით უნდა შევიდეს, ან რამე გააკეთოს ამ პროექტში, ეს იმ შეთანხმების მერე, კონკრეტულად, კონკრეტული წლის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ოპოზიციაში გადაბარგებული უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ კი მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს.
„ბიუჯეტში ანაკლიის პორტზე მხოლოდ 1.5 მლნ ლარია გათვლილი, რომელსაც რა მიმართულებით დახარჯავენ, უცნობია. მთავრობის წევრთა განცხადებებით და ბიუჯეტის პროექტით ნათლად დავინახეთ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას მთავრობა არ აპირებს, ამ დროს კი ინვესტორებთანაც არ აწარმოებენ მოლაპარაკებას“, - განაცხადა კობერიძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ანაკლიის პორტის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, თუკი პროექტით ინვესტორები დაინტერესდებიან. მან ფოთის პორტის პროექტის მაგალითი მოიყვანა და დასძინა, რომ აქ ამერიკულ ინვესტიციას არანაირი წინაღობა არ შექმნია.
„ანაკლიის პორტის პროექტზე ძალიან ბევრი საუბარი იყო წინა ინვესტორების ვალდებულებებთან დაკავშირებით. ვადასტურებ, რომ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის არის ფოთის პროექტი, სადაც იცით, რომ იგივე ამერიკული ინვესტიციებია და არანაირი წინაღობა და გამოწვევა არ შექმნია - 120-მილიონიანი პროექტია და ასევე ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთების სურვილია. ერთი მეორეს ხელს არ უშლის, დაფიქსირდეს ინტერესი და იქნება დიალოგი“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.
მთავრობა ახალ ტენდერს ანაკლიის პორტის პროექტისთვის, სავარაუდოდ, მომდევნო წლის მეორე ნახევარში გამოაცხადებს, მანამდე კი სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გადაიხედოს. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, ანაკლიის პორტით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდებიან.
ახლა სასწრაფოდ ხორბლისა და სიმინდის ნათესი ფართობების გაზრდაზე და მარცვლეული კულტურების ინტენსიფიკაციაზე უნდა ვიზრუნოთ. ტურისტი, კენკრა და სოკო სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ!
ტურისტი, კენკრა და სოკო ეკონომიკის საფუძველი ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ პორტი მნიშვნელოვანია. თუმცა ყველაფერი მსოფლიო წესრიგზეა დამოკიდებული. კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად რამე რომ შიცვალოს, ახალი კი არა არსებული პორტიც ტვირთების გარეშე დარჩება.
ასე რომ ერთად ერთი სტრადეგიული მიმართულება სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგებისა და მრეწველობის განვითარებაა.
ერთი დამცხიკვება და ფაფუ ტურიზმი.