კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა პრაქტიკულად უკვე დაიწყო. მართალია მთავრობა ეკონომიკის შეზღუდვას აღარ აპირებს, მაგრამ ვითარება თავისთავად იძაბება და ამან შეიძლება ეკონომიკური კრიზისი ავტომატურად გამოიწვიოს. ბიზნესი უკვე ალაპარაკდა საფრთხესა და რისკებზე, რომელიც ყოველდღიურად მზარდია.
კომპანიები და ბიზნესმენები უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ ინფექციის მეორე ტალღა ახალ ეკონომიკურ კრიზისს წარმოშობს, რომელთანაც გამკლავება ურთულესი იქნება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე პირდაპირ ამბობს, რომ კარანტინის საჭიროება კიდევ ერთხელ თუ დადგა, ეს ძალიან ბევრი ოპერატორისთვის მძიმე შედეგით დასრულდება. დღეს ბიზნესი ბევრი პრობლემის წინაშე დგას და პანდემიის ნეგატიური გავლენა მათზე დროთა განმავლობაში უფრო მეტად აისახება.
„დღეს ადამიანებისთვის ერთ სივრცეში ყოფნა ბიზნესისთვის გამოწვევაა, მაგრამ არსებულ ვითარებაში, თუ ბიზნესებმა სამუშაო ადგილები არ შეინარჩუნეს, კომპანიებიდან გაშვებული ადამიანები ისევ სახელმწიფოს საზრუნავი იქნება. მთავრობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს ხელფასების გარკვეული რაოდენობა შევუნარჩუნოთ.
პანდემიის ნეგატიური გავლენა ბიზნესზე ერთ-ორ დღიანი არ არის და მისი გარკვეული გამოძახილი წინ გველის. როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც გავიარეთ, არ ნიშნავს რომ დამთავრდა. კი არ გავიარეთ, არამედ ამ პროცესს გავდივართ და სრული ეფექტის დანახვას ხანდახან თვეები და წლები სჭირდება“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ ვეფხვაძემ.
პანდემიისას მიღებულმა შოკმა საქართველოს ეკონომიკა დიდი ხნით უკან დახია, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს კი ახალი ეკონომიკური კრიზისი წარმოიქმნება, რომელიც ყველასთვის რთულად გადასატანი იქნება.
ეკონომისტი გიორგი კაპანაძე ბიზნესმენთა პოზიციას სრულად იზიარებს და აცხადებს, რომ თუკი მდგომარეობა გართულდება და მორიგი ჩაკეტვის წინაშე აღმოვჩნდებით, ეკონომიკის გამოცოცხლების იმედი აღარც უნდა გვქონდეს.
„შეგვიძლია, ორი ვარიანტი განვიხილოთ: პირველი - თუ ჩვენ არ მოგვიწია ეკონომიკის გაჩერება და, იმავდროულად, მოხერხდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება, ვფიქრობ, სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისამდე არ მივალთ, უბრალოდ, დავრჩებით იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა ვართ. გვაქვს რეცესია, მაგრამ ნელ-ნელა ვადგავართ გამოსწორების გზას, თუმცა არც იმის მოლოდინი არსებობს, რომ წლის ბოლომდე სერიოზული წინსვლა გვექნება.
მეორე - თუკი კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაგვეზარდა და ამის გამო, სახელმწიფო შეზღუდვების დაწესებას გადაწყვეტს, უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით, რადგან ბიზნესი ხელმეორედ ჩაკეტვას ძნელად გადაიტანს და, თანაც, მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება ფინანსურად. ეს ცუდი სცენარი იქნება და შესაძლოა, მომავალი წლის პროგნოზირებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა უტოპია გახდეს და ან ნულოვანი გვქონდეს, ან საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ ორივე შემთხვევაში აუცილებელია ეროვნული ვალუტის დასტაბილურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდებით.