Wrigley-ის საღეჭი სამყარო

Wrigley-ის საღეჭი სამყარო

საღეჭი რეზინის მწარმოებელი კომპანია Wrigley ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მთელს მსოფლიოში. უკვე მესამე ათასწლეულია კომპანია განუხრელად იცავს პრინციპს: ისეთი პატარა პროდუქტიც კი, როგორიც საღეჭი რეზინია, უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. ამიტომაც არის, რომ Wrigley მრავალი ათწლეულების განმავლობაში აღნიშნული ბაზრის ლიდერია.

 

საპონი, ფქვილი და საღეჭი რეზინი

1891 წლის გაზაფხულზე უილიამ რიგლი უმცროსი ფილადელფიიდან ჩიკაგოში ჩავიდა. 29 წლის კაცს ჯიბეში 32 დოლარი ედო და საკუთარი ბიზნესის გახსნის იდეით გახლდათ ანთებული. ენთუზიასმისა და ენერგიის გარდა მას გამყიდველის ტალანტი გააჩნდა, რომელიც მამისაგან ერგო.

 

მამამისი საპონს აწარმოებდა და უილიამმა ჯერ კიდევ ბავშვობისას დაიწყო რიგლი სკორინგის (სუპერმწმენდავი) საპნის გაყიდვა. ჩიკაგოშიც რიგლი უმცროსმა თავისი საქმე მამისეული საპნის გაყიდვით დაიწყო. თავისი საქონლის გასაღებისათვის დამატებითი სტიმულისათვის უილიამი გამორჩეულ კლიენტებს პრემიის სახით ფქვილით აჯილდოვებდა. ხოლო როცა ფქვილი დეფიციტად იქცა,

პრემიად ორი პაკეტი საღეჭი რეზინი იქცა. როგორც აღმოჩნდა, იგი უფრო მასტიმულირებელი პრემია იყო.

 

იმ დროს აშშ-ში საღეჭ რეზინს ერთ დუჟინამდე კომპანია აწარმოებდა, თუმცა, მისი ინდუსტრია განვითარებული სულაც არ იყო. ჰოდა, მისტერ რიგლიმ გადაწყვიტა, რომ საღეჭი რეზინი იყო პროდუქტი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნდა და მისი წარმოება დაიწყო. მის მიერ გამოშვებული პირველი ორი პროდუქტი Lotta და Vassar იყო, 1893 წელს გამოჩნდა Juicy Fruit,

მოგვიანებით კი Wrigley's Spearmint.

 

ამ ბიზნესში თავის დამკვიდრება რთული საქმე იყო, კონკურენტების პროდუქცია ხომ უკვე ცნობილი და პოპულარული იყო. თანაც, 1899 წელს განხორციელდა ექვსი მსხვილი კომპანიის შერწყმა. კონცერნში შესვლა მისტერ რიგლისაც შესთავაზეს, მაგრამ მან საკუთარი გზით სვლა აირჩია. მსხვიდ კონცერნთან კონკურენცია ძალიაან გაუჭირდა, რამდენჯერმე მისი ახალგაზრდა კომპანია კრახის პირასაც აღმოჩნდა, მაგრამ უილიამის მუხლაუხრელმა შრომამ

გადაარჩინა.

 

მისტერ რიგლი განსაკუთრებულ ყურადღებას გაყიდვებს აქცევდა. მან თავისი საქონლის კარგად გასაღებისათვის პრემიების სისტემა შეინარჩუნა და ძალიან გააფართოვა. იმდენად, რომ პრემიების კატალოგიც კი გამოსცა. ამასთან, მან ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო რეკლამას. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ცალკეული პროდუქტის რეკლამირება დაიწყო.

 

შედეგად, მისი ფირმა სწრაფად იქცა საერთაშორისო კლასის კომპანიად. მრავალ ქვეყანაში ექსპორტის გაფართოვების წყალობით მისი პროდუქცია მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა. მალე გაიხსნა ქარხნები აშშ-ს ფარგლებს მიღმა, კერძოდ, კანადაში, დიდ ბრიტანეთში და ახალ ზელანდიაში. 1919 წელს ფირმის აქციები ბირჟაზე გაიტანეს და იგი ღია ტიპის კომპანიად გარდაიქმნა.

 

ომის წლებისას და შემდეგ

კომპანიის რეპუტაცია რომ დაეცვა, მეორე მსოფლიო ომისას დამაარსებლის ვაჟმა ფილიპ რიგლიმ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ომის გამო მაღალი ხარისხის ინგრედიენტები დეფიციტად იქცა, საღეჭ რეზინზე მოთხოვნილება კი იზრდებოდა. პროდუქციის დიდ ნაწილს შეიარაღებული ძალებისათვის სახელმწიფო ყიდულობდა.

 

კომპანიას მაღალი ხარისხის სათანადო რაოდენობის პროდუქციის გამოშვება არ შეეძლო. ხარისხის გაუარესების ნაცვლად კომპანიამ გადაწყვიტა თავისი განთქმული ბრენდების სამოქალაქო მოსახლეობისათვის გაყიდვა შეეწყვიტა და მხოლოდ შეიარაღებული ძალები მოემარაგებინა. სამოქალაქო მოსახლეობისათვის კი „ომის პერიოდის ხარისხის“ საღეჭი რეზინი გამოუშვეს და ალალად განაცხადეს, რომ იგი კარგი არ იყო.

 

ომის დამთავრების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. კომპანიამ წარმოების ადრინდელი ტემპები აღადგინა. 1946 წელს კი ახალი ბრენდი Orbit წარმოადგინა, რომელმაც უმალ მოიხვეჭა პოპულარობა მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში.

 

შემდგომ წლებში კომპანია ძირითად აქცენტს გაფართოვებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე აკეთებდა. ერთი მეორის მიყოლებით გაიხსნა ქარხნები ფილიპინებზე, საფრანგეთში, ავსტრიაში, კენიაში, ტაივანში, ინდოეთში, პოლონეთში, ავსტრალიაში, ალჟირსა და ჩინეთში. ამ დროისათვის კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 15 ქარხანას ფლობს.