აკაკი ასათიანი - „ვნანობ ხელისუფლებაში არყოფნას“

აკაკი ასათიანი - „ვნანობ ხელისუფლებაში არყოფნას“

პრეზიდენტთან საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრამ ის ოპოზიციონერები გაანაწყენა, რომლებიც პარლამენტგარეთ არიან. სააკაშვილთან უცნაური აუდიენციისა საზოგადოებამ ბევრი ვერაფერი გაიგო. ის საკითხები კი, რაც პრეზიდენტთან საუბრის თემად დასახელდა, არც იმდენად საშური და გადაუდებელი იყო, რომ დამდურებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესხა. ამიტომაც არაერთი ეჭვი თუ ვერსია გამოითქვა.

ისინი, ვინც “საიდუმლო სერობაზე” არ მიიწვიეს, მიწვეულებზე ეჭვიანობენ, - ამ ყველაფერს ვაჭრობის სუნი ასდის, საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს გაურიგდაო. ზოგი ამბობს, სააკაშვილმა დიალოგი მათთან გამართა, ვისთანაც წარსულში პარტიული მეგობრობა აკავშირებდა, მხოლოდ მათთან პოულობს საერთო ენას, თორემ ნამდვილ ოპონენტებს სათოფეზეც არ იკარებსო.

თუმც სხვა მაგალითებიც გვაქვს. შევარდნაძის წინააღმდეგ ბრძოლაში სააკაშვილთან აკაკი ასათიანმაც ითანამშრომლა, მაგრამ დღეს უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს იმ დროის გახსენებაც არ უნდა, - ხელისუფლებას კრიჭაში უდგას, ამიტომაც შეიყვანა გივი თარგამაძემ “საეჭვოთა” სიაში და იგორ გიორგაძესთან ფარული ალიანსიც დააბრალა. ირინა სარიშვილის მარაქაში გაყვანილმა “ტრადიციონალისტთა” ლიდერმა ბრალდებებს ასე უპასუხა:

- არ გამოვრიცხავ, რომ თარგამაძე კარგად ვერ გაერკვა ვითარებაში და შემთხვევით მახსენა, მაგრამ ეს ალიაქოთი სხვა რამეს უფრო უნდა ისახავდეს მიზნად. უცნაური და საინტერესო იყო პოზიცია, - პარტიებმა ნატოსთან დამოკიდებულება დააფიქსირონო (ცხადია, იმის გასარკვევად, ვინ არის მტერ-მოყვარე). ეს იმას მაგონებს, მარქს-ენგელსის მოძღვრებისადმი დამოკიდებულების გამოხატვას რომ ითხოვდნენ კომუნისტები... რაკი პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს, საჯაროდ ვიტყვი: უპრიანი იქნება, ჯერ ნატომ გამოხატოს საქართველოსთან დაკავშირებული პოზიცია და მერე გავიგოთ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების შეხედულებები. პრივატულ საუბრებში რა ითქმება, ეს უსაგნოდ მიმაჩნია. თუ ნატო ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და შენარჩუნების გარანტი იქნება, მასზე უკეთესი ორგანიზაცია საქართველოსთვის და ჩემთვის დედამიწის ზურგზე არ იარსებებს, მაგრამ განცხადება, საქართველოს ნატოში ცხინვალისა და აფხაზეთის გარეშე მივიღებთო, მიუღებელი თუ არა, საკამათო ხომ მაინც არის?

რუსეთიდან იღებენ დოტაციასო, სწორედ ოპოზიციის იმ ნაწილზე ითქვა, რომელსაც თქვენც მიგათვალეს.

- ასე ისინი ლაპარაკობენ, რომლებიც ფულისთვის და უცხო კაცის ფულით იბრძოდნენ თავიანთი ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველა თავისნაირი ჰგონიათ. მესმის კიდეც მათი. შევარდნაძე არ მომწონდა და მისი წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა, გადამიხდიდნენ ფულს თუ არა. ფულის გამო არასოდეს ავიღებ რამე ვალდებულებას. შპიონი - შპიონია, გინდ რუსეთის ყოფილა და გინდ ამერიკის. ყველაზე უარესი კი თოკზე გამობმული მაიმუნია. აი, ისეთი, როგორიც ჩვენი ხელისუფლებაა.

აშშ ჩვენი მთავარი მოკავშირეა, მაგრამ კონდოლიზა რაისის ამასწინანდელი განცხადება, გაერომ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი დადებითად უნდა გადაწყვიტოსო, ჩვენთვის სასიკეთოდ არ მიმაჩნია. მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ უარი თქვა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ჩვენი ორიენტირიც ნათელი უნდა გახდეს - ევროპა. ჩვენი პრობლემა ევროპას უკეთ ესმის, ვიდრე აშშ-ს. ყველაზე კომიკური ამ ვითარებაში ის არის, რომ რუსეთს სწორედ ჩვენნაირი პოზიცია აქვს. ხელისუფლების მიერ ატეხილი ალიაქოთი მაფიქრებინებს, რომ ის დიდი ღალატისთვის - ქვეყნის გასაყიდად ემზადება და ამის შესანიღბავად გაიძახის, ვიღაცები ნატოს წინააღმდეგი არიანო.

ვიღაცები კი არა, პირდაპირ ვიტყვი: მე ვიქნები ნატოს წინააღმდეგი, თუკი ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება.

ალბათ, ამიტომაც თქვა გივი თარგამაძემ, ზოგიერთი ოპოზიციონერი რუსეთის ელჩის განცხადებებს იმეორებს და ნატოში შესვლის ნაცვლად საქართველოს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობსო.

- რუსეთის ელჩის ნათქვამი უფრო დროის გაყვანისა და ვაჭრობის მცდელობა მგონია, მაგრამ თუ იმ კაცმა სერიოზულად თქვა, - თუკი საქართველო ნეიტრალიტეტს აღიარებს, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე შეიძლება ლაპარაკიო, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უსათუოდ უნდა იმუშაოს.

ვინც თავის ქვეყანას უღალატებს, ხალხის წინაშე მოუწევს პასუხისგება. სამშობლოს ღალატი სწორედ ის იქნება, თუკი ნატოში ცხინვალისა და აფხაზეთის გარეშე შევალთ. ვატყობ, ხელისუფლება ამის გაკეთებას აპირებს და ამიტომაც დაიწყო კურკური საპარლამენტო ოპოზიციასთან. ფიქრობს, ესენი უნდა გავაჩუმოო.

ეს ოპოზიციის გასახლეჩად გადადგმული ნაბიჯიც ხომ არ იყო?

- რა თქმა უნდა, - პარლამენტში იქნები, კაბინეტი გექნება, მანქანა მოგემსახურება, უშიშროების საბჭოში ჩემთან იქნები და შეგხვდები კიდეცო, - ასეთი იყო პრეზიდენტის დაპირება.

ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ეს ხელისუფლება ყველაფერზე მოაწერს ხელს. სანამ ქვეყნისთვის უღალატიათ, მანამ უნდა იყოს საზოგადოება ფხიზლად. გვიღირს ნატოში შესვლა ტერიტორიების დაკარგვის ფასად? ალბათ, ოდესმე საქართველო ევროკავშირშიც შევა და ნატოშიც, მაგრამ ხვალ რომ შევიდეთ ნატოში, მერწმუნეთ, ზეგ ეს ხელისუფლება აღარ გვეყოლება, რადგან ნატო დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებაა, დემოკრატიისაგან კი საქართველო ძალზე შორს არის.

მაგრამ ხელისუფლებას არასოდეს უთქვამს - ნატოში შესვლის სანაცვლოდ აფხაზეთსა და ცხინვალს ვთმობო.

- როდესაც ქვეყანაში კონფლიქტებია, არც ევროკავშირი მიგიღებს, არც ნატო. ეს ორგანიზაციები ჩვენ კი არ გვერჩიან, უბრალოდ, აქვთ პრინციპი - კონფლიქტში მყოფ არც ერთ ქვეყანას არ იღებენ. ქვეყანამ ან კონფლიქტი უნდა მოაგვაროს, ან ტერიტორიაზე უნდა თქვას უარი. ამის გამო უნგრელებმა თავის დროზე ტრანსილვანიაზე თქვეს უარი. ჩვენც გვეუბნებიან, თქვენ გამო რუსეთთან არ ვიომებთ, თავად გაარკვიეთ მეზობელთან ურთიერთობაო. აქამდე რუსეთის პოზიცია არ ვიცოდით, მაგრამ გვითხრეს ელჩის პირით, ნეიტრალიტეტი აღიარეთო.

აქამდე ეს მხოლოდ რუსი პოლიტოლოგებისგან გვესმოდა, ახლა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გვიცხადებს სახელმწიფოს პოზიციას და არ არის ეს საკითხი სამსჯელო? ის მაინც არ უნდა გავარკვიოთ, ამას რუსეთი სერიოზულად გვთავაზობს თუ “გვკერავს”. ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ვნანობ ხელისუფლებაში არყოფნას. კარგი ხელისუფალი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ ტერიტორიებს დაიბრუნებდა, თანაც ისე, რომ არც ამერიკას გაანაწყენებდა, ევროპას კი აღფრთოვანებულს დატოვებდა.

ბოლოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის საუბრის კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთრების ხელშეუხებლობის პირობაც დადო და შესაბამისი კანონპროექტიც შეიტანა პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, რით იყო გამოწვეული ეს?

- ხელისუფლებას ძალზე მარტივი მიზეზი აქვს საიმისოდ, რომ საკუთრებაზე იზრუნოს, - სხვისი ქონება მიისაკუთრა და ახლა, რა თქმა უნდა, მისაკუთრებულს დაიცავს.

ხომ გახმაურდა, რომ კომპანია “ვისოლი” სააკაშვილის ძმის არის, ისიც შევიტყვეთ, “ვისოლს” ბიუჯეტში 45 მლნ ლარი რომ შეუტანია. საინტერესოა, ამდენის გადამხდელს რამდენი დარჩა, ერთი ამდენი ხომ მაინც დარჩებოდა? ამ დროს პრეზიდენტი უფასო სასადილოებში სუპს ამადლის დამშეულ ხალხს. თუ ხალხის დახმარების სურვილი მართლა აქვს, მისი ძმის ერთი წლის შემოსავალი ყველა მშიერის დაპურებას ეყოფა.

მხოლოდ საქართველოში ხდება ასე: კაცი თანამდებობაზე რომ დაინიშნება, მის ნათესავებს უმალ ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდებათ. სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე ხომ არ ჰქონია მის ძმას “ვისოლი”? ასევე იყო შევარდნაძის დროსაც... ახლა ხელისუფლება დიდი ქონების მფლობელია, ყველაფერი გადაიფორმა და, რა თქმა უნდა, დაიცავს კიდეც თავის საკუთრებას...