განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული – გამოძიება ხმაურიანი დაკავებებისთვის ემზადება

განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული – გამოძიება ხმაურიანი დაკავებებისთვის ემზადება

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდნენ, ვინაიდან საქმე მოცულობითია და მისი გაცნობა ვერ მოასწრეს. რაც შეეხება თავად ბრალდებულებს, მათთვის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

ორივე ბრალდებული სადავო ტერიტორიებზე ტოპოგრაფიულ მიმართულებას კურირებდა. პროკურატურის ინფორმაციით, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმების დროს ბრალდებულების მიერ 1938 წლის რუკის ნაცვლად 1970–80–იან წლებში გამოცემული რუკების გამოყენებამ ქვეყანა 3 500 ჰექტრის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. საქმის პროკურატურის განცხადებით, ეს არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და განზრახ ქმედება, რითაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

ბრალდების სიმძიმის მიუხედავად, მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძე ამბობს, რომ მისი მეუღლის მიმართ ბრალი შეთითხნილია და თვლის, რომ ბრალდებულების დაკავება საარჩევნო პროცესს უკავშირდება.

„დანაშაული არ არსებობს, შეთითხნილი დანაშაულია, უნდათ პოლიტიკურად რაღაც ააგორონ, რომ იმ ხელისუფლების დროს ვითომ, რაღაც დანაშაული მოხდა, რომ ისინი არიან სისხლისმსმელები, მიწის გამყიდველები და ჩვენ ფრთიანი ანგელოზები ვართო. იმ ხალხმა, ვინც საქმეში ჩახედული არაა, შეიძლება იფიქროს, არიქა, ისინი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ესენი იყვნენო და ხმებს მოიპოვებენ. ყოველი არჩევნების წინ რაღაც სპექტაკლს დგამენ“, – განაცხადა თამარ სულაძემ.

ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი დაუმალავს და რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, საჯაროა. კომახიძის თქმითვე, ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს.

„ბუნებრივია, ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. ადამიანმა რუკის სწორად წაკითხვა რომ იცოდეს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, ამისთვის ის პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს. ყველა მოქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სუნი უდის. რუკების მის კაბინეტში აღმოჩენაზე ბრალდებაში საუბარი არ არის. მას არავისთვის არაფერი დაუმალავს და ყველა რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, არამხოლოდ კაბინეტში, არამედ ინტერნეტსივრცეშია გავრცელებული და ყველგან დევს“, – აცხადებს სულხან კომახიძე.

ბრალდებული მელაშვილის ადვოკატის შეფასებით, დღევანდელი მოვლენები მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ პროცესს. მისი თქმით, საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია.

„ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ეს გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ.

საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან, ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ეს ცალსახად პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება. დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს – არა“, – აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

გახმაურებული საქმის პროკურორის განმარტებით, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, მამა კირიონ ონიანი იხსენებს, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.

„მამა კირიონი ადასტურებს, რომ მას ამ პროცესში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილთან. მოწმე იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.

ივერი მელაშვილი ცალსახად აცხადებდა მამა კირიონთან კომუნიკაციის დროს, რომ არ გააჩნდა რელევანტური რუკა, რომელიც საქართველოს რუკებს საუკეთესოდ წარმოაჩენდა. ის ამ რუკას ფლობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღების დროს ვერ იქნა ამოღებული ბრალდებულების მიერ განზრახ არასწორი რუკების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია. ეს მისი ოთახის ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად, სახეზეა, რომ ბრალდებულმა ყველა რესურსი გამოიყენა, რომ ჩვენ გამოძიებას მისი ბრალის დამადასტურებელი ეს ინფორმაცია ვერ მოგვეპოვებინა“, – განაცხადა სადრაძემ.

პროკურორის თქმით, სასულიერო პირმა გამოკითხვისას განმარტა, რომ აზერბაიჯანის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა რუკები, სადაც დავით გარეჯის მონაკვეთები საქართველოს სასარგებლოდ ჩანდა. მამა კირიონის კითხვაზე, თუ რატომ არ იყენებდა მელაშვილი აზერბაიჯანის რუკებს, რადგან ის საქართველოს სასარგებლო იყო, სასულიერო პირის თქმითვე, ივერი მელაშვილმა მას უარი უთხრა აღნიშნული რუკის გამოყენებაზე.

არქიმანდრიტი კირიონი ონიანის განმარტებით, 2004 წელს ვითარება შეიცვალა, როდესაც ადგილზე სასაზღვრო პოლიცია უკვე აღარ იყო. 2006 წელს უკვე გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და უკვე 2007 წელს დადგნენ ახალი რეალობის წინაშე.

„ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ყველაფერს ვიღონებთ, ყველაფერს გამოვასწორებთ. ათასი დაპირება იყო და გვთხოვდნენ, რომ გავჩერებულიყავით, შეგვეწყვიტა ჩვენი პროტესტი. გვეუბნებოდნენ: გვენდეთ, ყველაფერს ვაკეთებთ. გვარწუმნებდნენ, რომ ეს ინციდენტია, ცალმხრივი ქმედებაა და ჩვენ ამას არ ვეთანხმებითო. მაშინ რას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეეძლო რაიმე ქმედება განეხორციელებინა. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ხელისუფლება შეეგუებოდა იმას, რომ აზრებაიჯანელი მესაზღვრე მდგარიყო გარეჯის ტერიტორიაზე და ჩვენს მონასტერში არ შევეშვით“, – აცხადებს მამა კირიონი.

მისი თქმით, ამ მხრივ დღეს დაკავებული ივერი მელაშვილი აქტიური იყო და უმტკიცებდა, რომ კოშკის ერთი მხარე ხვდება აზერბაიჯანის მიწაზე და რომ ეს მათი ტერიტორიაა.

„სრულიად გაუგებარი თეზისია. თუ ერთი კუთხე მათ მხარეზე ხვდება, 3 დანარჩენი ხომ ჩვენს მხარეზეა და მაშინ რატომ დგება იქ ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრე? ჩვენ ვიდექით აქამდე და ჩვენ ვიდგეთ! რატომ იკავებს აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას მთლიანად და ჩვენ იქ ფეხს ვეღარ ვდგამთ? ამაზე ბევრი კამათი და ბევრი ჩხუბი გვქონდა. მაგრამ მაინც გვქონდა შინაგანი ნდობის ფაქტორი ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ჩვენთვის დაუჯერებელი იყო, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას არ მოაგვარებდა“, – ამბობს მამა კირიონი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს განცხადებით, დღეს უკვე არის ყველანაირი ავთენტობით აღჭურვილი რუკა, ისეთი რუკა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ამ კომისიაში. ამიტომაც, თუ რაიმე არ ემთხვევა კომისიის გადაწყვეტილებებში ამ რუკას, დეკანოზის განცხადებით, ყველაფერი არის გადასახედი. დეკანოზის თქმით, მონასტრის ბერ–მონაზნობა ცდილობდა, ამ თემის აწევას სახელმწიფო დონეზე. სასულიერო პირმა ასევე ისაუბრა ავთენტურ რუკებზეც, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საზღვრებშია.

„მამა კირიონმა ატეხა განგაში, როდესაც ნახა, რომ ამოიწურა ნდობის ყველა ვადა, რასაც საზღვრის დამდგენი კომისია პირდებოდა. მან შენიშნა, რომ რეალობას იყო აცდენილი ის, რასაც პირდებოდნენ. 2015 წელს გამოჩნდა რუკის ასლი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ, მაგრამ ეს ასლი არ იყო ავთენტური. მას არ ჰქონდა შესაბამისი ბეჭედი, რომელიც მის ავთენტურობას დაადასტურებდა. ანუ, კომისიის სხდომებზე ვერ გამოიყენებდი. ნებისმიერს შეეძლო, მოეტანა მსგავსივე ნიშნებით გადაკეთებული რუკა და ეთქვა, მეც მაქვს გარეგნულად მსგავსი, მაგრამ ხაზი ერთი მილიმეტრით იქეთ გადის. ერთი მილიმეტრი კი უკვე 300 მეტრს აღნიშნავს“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

ბრალდების მხარე პარალელურად მუშაობს ექს–პრეზიდენტის ბრალეულობაზე. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამართალდამცველების საქმეა იმის დადგენა, 70–80 მილიონი აქვს თუ არა აღებული სააკაშვილს, რაზეც თვითონ საუბრობს. მისი თქმით, არის ბევრი საეჭვო გარემოება, თუმცა ეჭვებით ვერ ვისაუბრებთ.

„ვინც იყო ჩართული ამ ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, ამას გამოძიება დაადგენს და სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის და ვინ არაა დასაკითხი. არის ბევრი საეჭვო გარემოება, თუმცა ჩვენ ეჭვებით ვერ ვისაუბრებთ. როდესაც მიხეილ სააკაშვილს წამოცდა, რომ 70–80 მილიონი აქვს აღებული ამ საქმეში, ბუნებრივია, ჩვენ ეჭვებისა და სააკაშვილის საუბრის დონეზე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ეს სამართალდამცავი ორგანოების საქმეა, მათ შორის იმის დადგენა, 70–80 მილიონი აქვს თუ არა აღებული სააკაშვილს, რაზეც თვითონ საუბრობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამტკიცებს, რომ დაკავებული ორი ექსპერტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური რეჟიმის მძევალია. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყნის ინტერესებს სწირავს.

„რასაც დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს, პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ როგორმე ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას და მზადაა გაწიროს ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამ პროცესს ვუყურებთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში თუ არა, ერთ თვეში მაინც, ძალიან პატიოსანი ექსპერტები დატოვებენ საპყრობილეს და მათ ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, ვის ტვინშიც მოიხარშა ეს მახინჯი სქემა“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის განცხადებით, ივერი მელაშვილის და ნატალია ოლიჩოვას დაკავება აბსურდული ბრალდებებით აჩვენებს, თუ როგორ აგონიურ მდგომარეობაშია ივანიშვილის რეჟიმი.

„ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არაფერი შესათავზებელი ხალხისთვის არ აქვთ და აქ არის ყველაზე დიდი კონტრასტი „ქართული ოცნებას“, ივანიშვილსა და „ევროპულ საქართველოს“ შორის, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წაიყვანოს წინ. ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაფლავდა და ბოლომდე გაკოტრდა, ახლა აქცენტირებულია იმაზე, რომ ისევ რაღაც მოიგონოს წინა ხელისუფლების მადისკრედიტირებელი, რადგან არანაირი ახალი შეთავაზება, გეგმა და ხედვა თუ როგორ შეიძლება ეს კრიზისი დაიძლიოს, „ქართულ ოცნებას“ აღარ გააჩნია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.