მსოფლიო ბანკი საქართველოში 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზრდას პროგნოზირებს. კორონავირუსის პანდემიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტად ღარიბ ფენას დაარტყა. თუკი ეპიდემია გახანგრძლივდება, სიღარიბის ჭაობში უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, კოვიდ-19-ის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, ქვეყნის 160 000 მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს. პარალელურად ბანკი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ით შემცირებას პროგნოზირებს, 2021 წლისთვის კი ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი.
„საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ეკონომიკის ზომა, სავარაუდოდ, 6%-ით შემცირდება, რაც ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა.
ზემოქმედება ასევე მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400 000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4 პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ბანკი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში.
„მსოფლიო ბანკი ჩართული იყო კოვიდ-19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.
სიღარიბე ისედაც მუდმივი თავის ტკივილი იყო საქართველოსთვის და პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა ამ მხრივ ვითარება. გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას ამ პრობლემის დასაძლევად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
„სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება, დიდი პრობლემა გველის. სახელმწიფომ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ სოციალური პროგრამები კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, თუმცა ესეც არ იქნება საკმარისი. ამასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონოს რაციონალური შესაძლებლობები, რაც კოვიდ-19-ის პირობებში შერჩა მთავრობას და ახალი მექანიზმიც დაინერგოს. მძიმეა პროგნოზი, რომ 400 ათას ადამიანს შეუმცირდება შემოსავალი, ქირურგიული ჩარევა თუ არ მოჰყვა ამ პროცესს, ბაზარი ვეღარ დაარეგულირებს.
მსოფლიო ბანკი აქცენტს ტურიზმის სექტორზე აკეთებს, მაგრამ სხვა დარგებსაც შეექმნება პრობლემა. მაგალითისთვის, თუკი კაფე ან რესტორანი დაიხურა, პრობლემას შეუქმნის მომიჯნავე სფეროებსაც, მათ შორის დისტრიბუციას და სოფლის მეურნეობას, ბევრგან არის პრობლემა მოსალოდნელი. ასე თუ გაგრძელდება, ჩვენი ქვეყნისთვის შედეგი ძალიან ნეგატიური იქნება“, - განუცხადა „რეპორტს“ პეტრიაშვილმა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით ეკონომიკის აღდგენის ტემპი, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება კორონავირუსის პანდემიის ხანგრძლივობასა და ვაქცინის შექმნის თარიღზე.