საქართველო 190 პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეულ ადამიანს ათავისუფლებს

საქართველო 190 პოლიტიკურ პატიმრად მიჩნეულ ადამიანს ათავისუფლებს

კვირას, საქართველომ 190 პატიმარი გაათავისუფლა, რომლებსაც კანონმდებლებმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭეს. ეს პატიმრების პირველი ჯგუფი გახლდათ, რომელიც ახალი პარლამენტის მიერ შარშან მიღებული მასშტაბური ამნისტიის კანონის ფარგლებში გათავისუფლდა.

„ვფიქრობდი, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა“, თქვა ერთ-ერთმა პატიმარმა დავით მესხიძემ, ყოფილმა სამხედრო ინჟინერმა, მას შემდეგ, რაც თბილისის შემოგარენში მდებარე ციხე დატოვა და საკუთარ დას გადაეხვია.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის კანონი არ მოიწონა, მაგრამ პარლამენტმა საკმარისი ხმა მოაგროვა ამ კანონის მისაღებად მისი ხელმოწერის გარეშე. ამნისტია ახალი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების ხორცშესხმაა. ივანიშვილმა მაშინ პირობა დადო, რომ გადავსებულ ციხეებში პატიმრების რიცხვს შეამცირებდა და გაათავისუფლებდა ადამიანებს, რომლებსაც ის პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევდა.

გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ სამხედრო ამბოხში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და უკანონო პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაში.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში ამნისტიის კანონით სარგებლობა შეუძლიათ ასევე არაპოლიტიკური მოტივით, სისხლის სამართლის დანაშაულებებში ბრალდებულ პატიმრებს. ამნისტიის კანონი ციხეებიდან ათავისუფლებს დაახლოებით 3 000 პატიმარს, ხოლო 14 000-ზე მეტს საპატიმრო ვადა უმცირდება.

ბ-ნი ივანიშვილის პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შარშან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რითაც ნიადაგი მომზადდა ძალაუფლებისთვის ბრძოლისათვის პრემიერმინისტრს და პრეზიდენტს შორის. სააკაშვილი, რომლის პოპულარობაც შემცირდა მისი მეორე ვადის დასასრულისთვის, ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა გადადგეს. კანონით განსაზღვრული ვადებით მას ხელახლა კენჭისყრის უფლება არ აქვს.

მაგრამ მანამდე, პრემიერმინისტრმა და პრეზიდენტმა ძალაუფლება უნდა გაიზიარონ და ამნისტიის კანონი ერთგვარი ადრეული ტესტია, რომელიც გამოცდის იმას, თუ როგორ იმუშავებს ეს შეთანხმება.

ბ-ნმა მესხიძემ, რომელმაც ციხე კვირას დატოვა, განაცხადა, რომ ოჯახი 2010 წლის შემდეგ არ უნახავს, როდესაც ის და კიდევ 12 ადამიანი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან თქვა, რომ უდანაშაულო იყო, და რომ სააკაშვილის პროკურორებმა მთელი ეს საქმე შეთითხნეს, რადგან საქართველოში რუსეთისადმი „ზიზღის გაღვივება“ სურდათ. ეს ორი ქვეყანა 2008 წელს ერთმანეთს ეომებოდა და კონფლიქტის შემდეგ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია.

„ორი წლის და სამი თვის განმავლობაში ვცდილობდი გამეგო, რატომ შემემთხვა ეს“, თქვა მესხიძემ. „არაფერი ცუდი ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია და მას ყოველთვის პირნათლად ვემსახურებოდი. უბრალოდ, არ გამიმართლა.“

ასობით ადამიანმა მოიყარა თავი კვირას, თბილისის შემოგარენში მდებარე ციხესთან. ისინი აპლოდისმენტებით და ცრემლებით შეეგებნენ პატიმრების პირველ ჯგუფს, რომლებიც ჭიშკართან გამოჩდნენ.

შარშან, საპარლამენტო კომისიამ პატიმრების 190 კაციან ჯგუფს, რომლებიც კვირას გათავისუფლდნენ, პოლიტიკური პატიმრების სტატუსი მიანიჭა და ისინი პირველები გაათავისუფლა. ყველა მათგანი ყოფილი მთავრობის ოპონენტი იყო.

ბ-ნი სააკაშვილი კატეგორიულად არ დაეთანხმა მათ, ვინც განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. „ახალმა მთავრობამ დღეს რუსეთის აგენტები გაათავისუფლა“, განაცხადა მან სატელევიზიო მიმართვაში. „ახლა ყველა ფიქრობს: „რა კარგია, რომ ადამიანები გათავისუფლდნენ“, მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ არ ვიცოდე ის, თუ შეიძლება ამას მოჰყვეს. ეს პრობლემაა სახელმწიფოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის“.

პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი არ მოაწერა. მაგრამ პარლამენტმა, რომელშიც დღეს სააკაშვილის ოპონენტები დომინირებენ კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით, იოლად დაძლია ვეტო დეკმებრის ბოლოს.

„დღეს ჩვენ სინდისი გავუსუფთავეთ ჩვენს ქვეყანას“, განაცხადა პარლამენტის წევრმა და ამნისტიის კანონის ავტორმა ეკა ბესელიამ, გათავისუფლებულ პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ ციხესთან. „ყველა ეს ადამიანი სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს, და ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრები ვართ“.

კვირას გათავისუფლებულ პატიმრებს შორის რუსეთის ორი მოქალაქეა, რომელთა გათავისუფლებასაც მოსკოვი მოითხოვდა. ერთ-ერთი, 50 წლის პავლე ბლიაძე რუსეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი, იარაღის უკანონო ფლობაში იყო ბრალდებული.

„საქართველოში სამი თვით, დასავენებლად ჩამოვედი და დავრჩი აქ სამი წლით ციხეში“, განაცხადა ბლიაძემ, რომლიც იღიმოდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. „საქართველოს უშიშროების ძალებმა მთხოვეს კამერის წინ მეღიარებინა, რომ ფული ჩამოვიტანე სამხედრო აჯანყების ორგანიზატორებისთვის. არ დავთანხმდი და მათ ციხეში გამიშვეს“.

foreignpress.ge