ყარაბაღის ომი საერთაშორისო მასშტაბის პროექტებსაც მისწვდა

ყარაბაღის ომი საერთაშორისო მასშტაბის პროექტებსაც მისწვდა

სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გამო საფრთხე საერთაშორისო დონის პროექტებსაც ემუქრება. პირველი სამიზნე ობიექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მილსადენი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში, კონფლიქტის გაღრმავების კვალდაკვალ, შესაძლოა, იგივე საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს გაზსადენები, ბაქო-ყარსის რკინიგზა და ა.შ.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ უკვე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განკარგულებით, ევლახის რაიონში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მონაკვეთზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს, თუმცა მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ „აღნიშნული ტერორისტული მცდელობა აღკვეთა“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა შუშან სტეპანიანმა კი უარყო აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადა: „აზერბაიჯანული მხარის განცხადება, რომ სომხურმა ქვედანაყოფებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმის განხორციელება სცადეს, ტყუილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა სამხედრო ობიექტი და ადგილი, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის მიმართულებით, განადგურდება“, – წერს სომხეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი.

მოგვიანებით, აზერბაიჯანმა ცოტათი შეცვალა განცხადების ფორმულირება. კომპანია „სოკარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ იბრაჰიმ აჰმადოვმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით მედიის ზოგიერთმა საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღიკვეთა სომხეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ევლახის ტერიტორიაზე. ამ მომენტისთვის ნავთობსადენი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, - დაწერა აჰმადოვმა.

ორ ქვეყანას შორის ვითარება ისე დაიძაბა, რომ საფრთხე უკვე საერთაშორისო პროექტებს ემუქრება. ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება, თუკი კონფლიქტი გაღრმავდება და რეგიონულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. ეკონომისტ დემურ გიორხელიძის აზრით, ეს არ არის მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის ბრძოლა და ამ კონფლიქტს ძალით გადაჭრის არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

„დღეს რაც კავკასიაში ხდება, გეოპოლიტიკის გავლენაა, აქ არის ურთიერთგამოდევნის, ურთიერთშესუსტების პოლიტიკა. ვფიქრობ, კონფლიქტს დიდ ომში გადაზრდის არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ძალიან კარგად იციან, რომ იმას, რაც გლობალურ ინტერესებშია, ხელი არ უნდა ახლონ, რადგან ეს ცუდად დასრულდება. გაზისა და ნავთობის გამტარ მილებს არაფერი ემუქრება. ეს ორივეს კარგად აქვს გათავისებული“, - აღნიშნა გიორხელიძემ და დასძინა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საომარი ვითარება მთელ რეგიონს და, მათ შორის, საქართველოს, საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს, რადგან ინვესტორმა რომ საქმეში ფული ჩადოს და ბიზნესი წამოიწყოს, სჭირდება სტაბილური და უსაფრთხო გარემო.

ეკონომისტ გივი მომცელიძის შეფასებით, შეიძლება ენერგომატარებლების იმპორტის მხრივ დიდი ცვლილება არც მოხდეს, თუმცა რაღაც დოზით პრობლემები ამ მხრივაც არის მოსალოდნელი.

„საბრძოლო მოქმედებებისას თუ დაზიანდა ბაქო-ჯეიჰანის, ან ტანაპის პროექტით გათვალისწინებული მაგისტრალი ან საქართველოში შემომავალი სხვა საერთაშორისო დონის კომუნიკაცია (როგორიცაა სამხრეთ კავკასიური მილსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი), მაშინ გარკვეული შემოსავლები დაგვაკლდება და ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემებიც შეგვექმნება“, - აღნიშნა მომცელიძემ.