გოგაშვილის წასვლა ოცნებისთვის საინტერესო აღარ არის

გოგაშვილის წასვლა ოცნებისთვის საინტერესო აღარ არის

გიორგი გახარია ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, რომელიც ბოლოს „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურს კურირებდა. რატომ დატოვა მმართველი გუნდი გოგაშვილმა, პრემიერ–მინისტრს არც აინტერესებს.

„საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა, ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი. მიზეზი, საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილემ სოსო გოგაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა. როგორც გოგაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ დატოვა მმართველი გუნდი. სად გააგრძელებს საქმიანობას სოსო გოგაშვილი და უკავშირდება თუ არა მისი გეგმები პოლიტიკას, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე მომავალში ისაუბრებს.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გავაკეთებ“, – აცხადებს სოსო გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილის პარტიიდან წასვლის მიზეზი არ იცის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, რომლის განცხადებით, გოგაშვილი ძირითადად პირად განვითარებასა და განათლებაზე ზრუნავდა.

„სოსო გოგაშვილზე მე რაც ვიცოდი, იგი აქტიურად იყო ჩართული თავსი განვითარებაში, განათლების მიმართულებით, ცდილობდა რაღაც–რაღაცეებს, ყალიბდებოდა, რაც მე მისგან ტელეფონზე საუბრით ვიცი და წარმოდგენა არ მქონდა თუ საით აპირებდა, როგორ აპირებდა, თუ პარტიის დატოვებდა, ახლა მესმის“, – ამბობს ანზორ ჩუბინიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ყველაზე ბინძური წარმომადგენელი იყო და ხალხს, რომელსაც ლუკმა–პურის პრობლემა აწუხებს, არ აინტერესებს ივანიშვილის მარიონეტული თამაშები.

„სოსო გოგაშვილი ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი ყველაზე ბინძური წარმომადგენელი იყო, ეხლა რომელიმე თავის ბინძურ ტიპს მოიშორებს, გვერდით გაწევს თუ ახლოს მოწევს, ეს არის ივანიშვილის მარიონეტული თამაშები, რომელსაც არსებითად ხალხთან არანაირი საქმე არ აქვს. ამ თამაშებს რომ გადაყვა ხელისუფლება, იმიტომ გაღარიბდა, იმიტომ გვაქვს ეკონომიკა კოლაფსში, იმიტომ ვართ ჭაობზე და ვაქნევთ ხელს და გვგონია, რომ წინ წავალთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჭაობზე ხელების ქნევა ნიშნავს ჩაძირვას. ხალხს ლუკმა–პურის პრობლემები აწუხებს და გოგაშვილი სულ ფეხზე ჰკიდია ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს“, – აცხადებს გიგი უგულავა.

გოგაშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განქორწინებას ეჭვის ქვეშ აყენებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა.

„სოსო გოგაშვილი არის კომპრომეტირებული ადამიანი. შესაბამისად, მისი მართვის მექანიზმი მთლიანად ხელში უჭირავს დამსხვრეული ოცნებების პარტიას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა. რეალურად, შეიძლება მას აქვს რაღაც კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რაც დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი. ისე, ასეთი ჰყავთ ყველა, გოგაშვილი გამონაკლისი კი არ არის, ასეთია ყველა, გახარიადან დაწყებული“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გოგაშვილი, რომელიც 2012 წლიდან მოჰყვება „ქართულ ოცნებას“, ფლობს ძალიან ბევრ შიდა კულუარულ ინფორმაციას. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გოგაშვილის წასვლა პარტიიდან იმ შემთხვევაში იქნებოდა წამგებიანი, კარების გაჯახუნებით რომ წასულიყო.

„როგორც თვითონ აღწერა, ეს წასვლა კარების გაჯახუნება არ არის. სავარაუდოა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლო ფრონტის გახსნას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პოლიტიკურად წყნარ სივრცეში გადასასვლელად გადადგა ეს ნაბიჯი და არა იმიტომ, რომ გაბრაზებულმა შეუტიოს „ოცნებას“. თუ არ დაუპირისპირდა მმართველ გუნდს, სხვა შემთხვევაში, აქვს თუ არა კომპრომატები, მნიშვნელობას კარგავს, რადგან რაც იცის, მასთან დარჩება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, სუს–ის ყოფილი უფროსი ის ფიგურა არ არის, რომელმაც შესაძლოა ცალკე პოლიტიკური თამაში დაიწყოს.

„აბსოლუტურად არ ვიცნობ. სიტუაციის ლოგიკიდან გამომდინარე ვამბობ, რადგან, როგორც წესი, ასეთ თანამდებობებზე მყოფი ადამიანი კომპრომატებს სხვაზე აგროვებს. მაგრამ სხვებსაც ექნებათ მასზე კომპრომატები. ამიტომ არ მგონია, რომ ასეთი კომპრომატების ომში გადაეშვას ამ პროფესიის კაცი. მათ არ უყვართ ხმაურიანი სიტუაცია, თუ თვითონ არ არიან ამ ხმაურში სუფთა.

რაც შეეხება აზარალებს თუ არა მმართველს გუნდს, საარჩევნო ხმების მოპოვების თვალსაზრისით, არ მგონია ეს მნიშვნელოვანი იყოს, თუ მისი ალაპარაკება და რაღაც ახალი ფაქტები არ გახდა საზოგადოების ყურადღების საგანი. თორემ, თავისთავად ასეთი წასვლა–წამოსვლა იმხელა სხვაობაში, რაც „ოცნებას“ სხვა პარტიებთან შედარებით აქვს, არაფერს არ ნიშნავს. ახლოს რომ იყოს რომელიმე პარტიის და „ოცნების“ რეიტინგი, ასეთ შემთხვევაში დეტალები საინტერესო იქნებოდა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.