ტურიზმი ჭაობში საბოლოოდ ჩაეფლო. მდგომარეობა ურთულესია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოშიც. დამაიმედებელი პროგნოზი არსად კეთდება, შესაბამისად, პერსპექტივა გაურკვეველია.
მდგომარეობა იმდენად არასახარბიელოა, რომ ტურიზმის სექტორის სრულად აღდგენას საქართველოს მთავრობა მხოლოდ 2025 წლისთვის ვარაუდობს:
„ტურიზმის სრული აღდგენა მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. 2022 წლისათვის მოსალოდნელია 2019 წლის მაჩვენებლის 80 პროცენტით აღდგენა. 100-პროცენტიან ნიშნულზე დაბრუნება მხოლოდ 2025 წლისთვისაა ნავარაუდევი. საბაზისო სცენარი უშვებს, რომ „ტურისტული ბუმის“ შეჩერება ამ სექტორის წილს გლობალურ ეკონომიკაში შეამცირებს“, - აღნიშნულია მთავრობის მიერ წარდგენილ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში.
ტურიზმის სექტორს საქართველოს ეკონომიკის 12% უჭირავს, ამიტომაც მასზე საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. მოგზაურობის შეზღუდვამ ვიზიტორთა ნაკადი შეაჩერა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკაზე და ტურიზმის სექტორში დასაქმებული ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“
უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ჩაკეტილი ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2020 წლის ბოლომდე ალბათ, ჯამში, 1,5 მლრდ დოლარით შემცირდება. მთავარი დარტყმა, რაც მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ - ეს იყო ტურიზმი. სხვა სექტორები აღდგა, ტურიზმი კი დღესაც ჩაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ დახმარებები მიიღეს ადამიანებმა, მოსახლეობის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. თუკი ადამიანს გაუჭირდა, უფრო ნაკლებს მოიხმარს და დანაზოგს გამოიყენებს, თუკი ბანკში დანაზოგი იკლებს, ბანკსაც ნაკლები ფული აქვს გასასესხებელი. ასევე, სამომხმარებლო ხარჯების შემცირებასთან ერთად მცირდება გაყიდვებიც, რაც, საერთო ჯამში, ეკონომიკაზე ცუდად აისახება, ეს გადაჯაჭვული პროცესია. იმის მიზეზი, რომ დღეს 3,20-ია ლარის კურსი, არის ზუსტად ტურიზმიდან დაკარგული შემოსავალი“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სექტორი, ფაქტობრივად, ჭაობშია და ახლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის იმედად დარჩა. ასეთ მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო და ყველა ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია.
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის პირველ ნახევარში გლობალურად საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა.
„უკანასკნელი კვირების განმავლობაში მსოფლიოს ტურისტული დანიშნულების ქვეყნების 53%-ში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება, თუმცა არაერთი ქვეყნის მთავრობა კვლავ ინარჩუნებს სიფრთხილეს და სამოგზაურო შეზღუდვებს არ ამსუბუქებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის უსაფრთხო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურიზმის მოცულობა 2020 წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი ვიზიტორით შემცირდა, რამაც გლობალურად ამ სფეროს შემოსავლის 460 მილიარდი დოლარით კლება გამოიწვია. ეს, დაახლოებით, ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე ის დარტყმა, რაც გლობალური ტურიზმის ინდუსტრიამ 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს მიიღო.
ევროპაში ვიზიტების რაოდენობა 66%-ით შემცირდა. ამერიკის კონტინენტზე კლება 55%-ია, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში - 57%, ხოლო აზიასა და ოკეანეაში ტურიზმის შემცირებამ 2020 წლის პირველ ნახევარში 72% შეადგინა.