მსოფლიო 2030 წელს

მსოფლიო 2030 წელს

კემბრიჯი – როგორი იქნება მსოფლიო რამდენიმე ათეული წლის შემდეგ? ცხადია, დანამდვილებით ეს არავინ იცის, მაგრამ არსებობს რეალური და ნაკლებად რეალური ვერსიები. კომპანიებმა და მთავრობებმა დასაბუთებული პროგნოზები უნდა გააკეთონ, რადგან ზოგიერთი მათი ინვესტიცია 20 წელიწადზე დიდხანს გაჭიანურდება. დეკემბერში აშშ-ის დაზვერვის ეროვნულმა სააგენტომ (NIC) საკუთარი ვარაუდები გამოაქვეყნა: „2030 წლის გლობალური ტენდენციები: ალტერნატიული სამყაროები“.

NIC ვარაუდობს, რომ მსოფლიო გარდაიქმნება და მასში „არცერთი ქვეყანა, იქნება ეს აშშ, ჩინეთი თუ ნებისმიერი სხვა დიდი სახელმწიფო, რეგიონული ჰეგემონიის ცენტრად ვერ გადაიქცევა“. ეს პროგნოზი ოთხ „მეგატენდენციას“ ასახავს: ინდივიდუალური შესაძლებლობები და საშუალო კლასის გლობალური ზრდა; ხელისუფლების დიფუზია სახელმწიფოსგან არაფორმალური ქსელებისა და კოალიციისკენ; ურბანიზაციით, მიგრაციითა და დაბერებით გამოწვეული დემოგრაფიული ცვლილებები; მოთხოვნილების ზრდა საკვებ პროდუქტებზე, წყალსა და ენერგიაზე.

თითოეული ტენდენცია სამყაროს ცვლის და „მნიშვნელოვნად უკან აბრუნებს დასავლეთის ისტორიულ აღმასვლას, რომელიც 1750 წელს დაიწყო, ასევე აღადგენს აზიის მნიშვნელოვან როლს მსოფლიო ეკონომიკაში და აღნიშნავს „დემოკრატიზაციის“ ახალ ეპოქაში შესვლას საერთაშორისო და ნაციონალურ დონეზე“. შეერთებული შტატები რბილი და მკაცრი ძალის წყალობით „თანასწორთა შორის პირველი“ დარჩება, თუმცა „ერთპოლარულობა დასრულდა“.

თუმცა მიმდინარე ტენდენციების ექსტრაპოლაციით მომავლის პროგნოზი ზუსტი არასდროს იყო. სიურპრიზები გარდაუვალია, და NIC განსაზღვრავს ასევე ე.წ. გეიმ-ჩეინჯერებს (თამაშის ცვლა), ანუ შედეგებს, რომელსაც შეუძლია ძირითად ტენდენციებს კურსი შეუცვალოს, თანაც აბსოლუტურად მოულოდნელად.

გაურკვევლობის მსგავს წყაროთა შორის პირველი მსოფლიო ეკონომიკაა: გამოიწვევს თუ არა დისბალანსი კრახს, ან იქნებ მრავალპოლარულობამ მეტი მდგრადობა მოიტანოს? გარდა ამისა, შეძლებენ თუ არა მთავრობები და დაწესებულებები სწრაფ ადაპტაციას ცვლილებებთან თუ პირიქით, ვერ გაუმკლავდებიან მათ?

გარდა ამისა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების რიცხვი შემცირდება, გაგრძელდება ახალგაზრდების ფაქტორით, იდენტობის პოლიტიკითა და რესურსების დეფიციტით გამოწვეული შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტები ზოგიერთ რეგიონში, როგორიცა ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, სამხრეთ აზია. ამას კიდევ ერთ პოტენციურ „გეიმ-ჩეინჯერთან“ მივყავართ: რეგიონული არასტაბილურობა განაგრძობს გლობალური საფრთხეების ან შეკავებას ან ხელშეწყობას.

არსებობს ასევე უამრავი, ახალი ტექნოლოგიების გავლენასთან დაკავშირებული საკითხი. გააღრმავებენ ისინი კონფლიქტებს თუ მათ დროულად შეიმუშავებენ და ფართოდ ხელმისაწვდომნი იქნებიან ისეთი პრობლემების გადაწყვეტისთვის, რომელსაც გამოიწვევს მოსახლეობის ზრდა, სწრაფი ურბანიზაცია და კლიმატის ცვლილებები?

ბოლო „გეიმ-ჩეინჯერი“ იქნება ამერიკის მომავალი როლი. NIC-ის აზრით, აშშ-ის ძალის მრავალმხრივი ბუნება იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ 2020 წლისთვისაც კი, როდესაც, შეფასებების თანახმად, ჩინეთი გაუსწრებს ამერიკას ეკონომიკური თვალსაზრისით, 2030 წლისთვის შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, მაინც შეინარჩუნებს მსოფლიოს ლიდერობას, სხვა ზესახელმწიფოებთან ერთად. NIC-ის მტკიცებით, „გაცილებით დიდია აშშ-ის გადატვირთვის პოტენციალი მზარდი მოთხოვნილებების გამო, ვიდრე იმის რისკი, რომ მას, როგორც მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერს, ვინმე ჩაანაცვლებს“.

კარგია ეს მსოფლიოსთვის თუ ცუდი? NIC-ის აზრით, „აშშ-ის კოლაფსს ან მის მიერ ძალაუფლების მოულოდნელ დაკარგვას, გლობალური ანარქიის ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვება“ „რაიმე სტაბილური საერთაშორისო სისტემის ან ლიდერი ძალის გარეშე, რომელსაც შეერთებული შტატების ჩანაცვლება შეუძლია“.

NIC-ში განიხილებოდა პროექტის უფრო ადრეული ვერსიები ოცზე მეტი ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენლებთან და ჩინოვნიკებთან ერთად, და გაირკვა, რომ არცერთ ახალ მსოფლიო ზესახელმწიფოს არ გასჩენია რევიზიონისტული დამოკიდებულება ნაცისტური გერმანიის, იმპერიული იაპონიის ან საბჭოთა კავშირის მმართველობის მიმართ. თუმცა ამ ქვეყნების დამოკიდებულება შეერთებული შტატების მიმართ ერთგვაროვანი არ არის. მათ ისეთი მსოფლიო წესრიგიდან, სადაც აშშ ლიდერობს, სარგებელი აქვთ, თუმცა ხშირად ღიზიანდებიან ამერიკის მხრიდან უპატივცემულობის ან მისი ცალმხრივობის გამო. მრავალპოლარული სამყაროს ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი აშშ-ის გავლენის შემცირებაა; თუმცა, ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს ისეთ საერთაშორისო წესრიგზე უარესი, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ეს ზოგადად წესრიგის არარსებობაა.

ამერიკის როლს ისეთ საკითხში, როგორიც არის 2030 წლისთვის უფრო რბილი მსოფლიოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სერიოზული შედეგები მოჰყვა ბარაკ ობამასთვის მას შემდგ, რაც ის მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი. მსოფლიო მთელი რიგი ტრანსნაციონალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და პანდემია. ყველა ამ საკითხის გადაწყვეტისთვის თანამშრომლობა აუცილებელია.

ობამას 2010 წლის უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად, აშშ ძალაუფლებას არ უნდა მიუდგეს როგორც თამაშს ნულოვანი საწყისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთ შემთხვევაში აშშ-სთვის (და მთელი მსოფლიოსთვის) ძლიერი ჩინეთი უფრო მომგებიანია. მაგალითად, აშშ-სთვის მომგებიანი იქნებოდა, ჩინეთს რომ უფრო ეფექტურად შეეძლოს თავისი საკვალსათბურო აირის გამონაბოლქვის კონტროლი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თქმით, ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა „გონიერ ძალას“ ეფუძნება, რომელიც თავის თავში ერთდროულად მოიცავს მკაცრი და რბილი ძალის რესურსებს. კლინტონი ამტკიცებს ასევე, რომ უნდა ვილაპარაკოთ არა „მრავალპოლარულობაზე“, არამედ „მულტიპარტნიორობაზე“. გარდა ამისა, NIC-ის ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ამერიკელებმა კარგად უნდა გაარკვიონ ისიც, თუ როგორ ხდება ძალაუფლების გამოყენება სხვა სახელმწიფოების მიმართ და მათთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ისეთ საკითხებში, რომელიც სახელმწიფოთაშორისი სამხედრო ურთიერთობებიდან გამომდინარეობს, იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა შეიქმნას ალიანსები და დაბალანსდეს ძალები, გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა, საუკეთესო სამხედრო შეთანხმებებიც კი განსაკუთრებულად ვერ შეუწყობს ხელს ახალი ტრანსნაციონალური პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც მილიონობით ადამიანს უქმნის იმდენივე საფრთხეს, რასაც ტრადიციული საფრთხეები. ლიდერობა ასეთ საკითხებში მოითხოვს თანამშრომლობას, ინსტიტუტებს და საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნას, რითაც ყველა ისარგებლებს და საიდანაც ვერავინ გამოირიცხება.

NIC-ის ანგარიში სამართლიანად ასკვნის, რომ დანამდვილებით იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს, შეუძლებელია. ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კარგი თუ ცუდი სცენარით, ნაწილობრივ დამოკიდებულია პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენ დღეს ვიზიარებთ.

foreignpress.ge