უილიამ დავიდსონის მინის და სპორტული იმპერია

უილიამ დავიდსონის მინის და სპორტული იმპერია

88 წლის, 3,5 მილიარდი დოლარის მფლობელ უილიამ დავიდსონს ბოლო დრომდე მხოლოდ ბიზნეს-წრეებში იცნობდნენ. სიტუაცია 2004 წელს შეიცვალა, როცა პირველად ისტორიაში NBA-ს (კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია), NHL-ის (ჰოკეის ნაციონალური ლიგა) და WNBA-ს (ქალთა კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია) რეგულარული ჩემპიონატები ერთი ადამიანის, დავიდსონის მფლობელობაში მყოფმა კლუბებმა მოიგო. ასე ალაპარაკდა მთელი მსოფლიო მინის წარმოებით გამდიდრებული ადამიანის გამარჯვების ფორმულაზე.

 

მინის იმპერია

ბილ დავიდსონი დაიბადა 1922 წლის 5 დეკემბერს, დაამთავრა დეტროიტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გაბანკროტების სპეციალისტი იურისტის დიპლომი აიღო და შემდეგ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ომიდან დაბრუნებულ ერთ ხანს იურიდიული პრაქტიკა ჰქონდა, 1955 წელს კი თავისი ნათესავის მიერ 23 წლით ადრე დაარსებულ მინის კომპანიაში გადავიდა, რომელიც გაბანკროტების პირას იმყოფებოდა და ბილის სპეციალიზაცია ძალიან სჭირდებოდა. დავიდსონმა საქმეს

თავი ბრწყინვალედ გაართვა, კომპანია, რომელსაც მოგვიანებით Guardian Industries ეწოდა, კრიზისიდან გამოიყვანა, 1957 წელს ხელში ჩაიგდო და მისი პრეზიდენტი გახდა.

 

გაპრეზიდენტებიდან სამი წლის შემდეგ ბილმა კომპანიის ყველა ვალი გაისტუმრა და დეტროიტში რესპექტაბელური ბიზნესმენის სახელი დაიგდო. Guardian Industries-ის მთავარი პროდუქტი იყო და არის ავტომობილის მინები, რაც სრულიად ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი აშშ-ს ავტომშენებლობის მექად აღიარებულ რეგიონში მდებარეობს. ცხადია, თანდათანობით კომპანიის მოღვაწეობის სფერო გაიზარდა და ამჟამად იგი უამრავი სახის მინას, საიზოლაციო მასალებს და ა.შ. აწარმოებს.

 

1968 წელს Guardian Industries ღია ტიპის სააქციო კომპანიად გადაკეთდა. თავდაპირველად მისი ერთი აქცია 17 დოლარი ღირდა, ოთხი წლის შემდეგ კი 135 დოლარამდე გაძვირდა. ფირმის პოზიციები სერიოზულად გაამყარა კარლტონში ახალი ქარხნის აშენებამ და რამდენიმე კონკურენტის შთანთქმამ.

 

70-იან წლებში კომპანია ძალზე სწრაფად ვითარდებოდა. 1974 წლისათვის მისი გაყიდვების მოცულობამ 100 მილიონ დოლარს მიაღწია, 1980 წელს კი სამჯერ მეტს. 1985 წელს Guardian Industries-ის ხელმძღვანელობამ აქციები შეისყიდა და იგი კვლავ კერძო კომპანია გახდა, რამაც საშუალება მისცა ფინანსური მონაცემები აღარ გამოექვეყნებინა. თუმცა, ჟურნალ Ceramic Industry-ს მონაცემებით, 2001 წელს Guardian Industries-ის ფინანსურმა ბრუნვამ 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც თავის სექტორში მსოფლიოში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

 

მას შემდეგ კომპანია კიდევ უფრო განვითარდა და, როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, ამჟამად მეორე-მესამე ადგილზეა. Guardian Industries-ს წარმომადგენლობები აქვს ოთხი კონტინენტის 23 ქვეყანაში და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვებას აპირებს.

 

თავმდაბალი მილიარდერი

Guardian Industries-ის წარმატების საფუძველი უნიკალური კორპორაციული კულტურა გახდა, რომელიც თავად დავიდსონის ხასიათიდან გამომდინარეობს. მისი ბიზნეს-მეთოდების საფუძველი კადრების სწორად შერჩევა და მათთვის თავის თავისუფლად გამოჩენის მიცემის საშუალება გახლავთ. მიუხედავად ერთობ სოლიდური ასაკისა, კომპანიას კვლავ უილიამ დავიდსონი ხელმძღვანელობს. მემკვიდრეების დასახელების საკითხი არც კი დგას, თუმცა კარგა ხანია ცნობილია, რომ Guardian Industries მის შვილებს, რომლებიც ბიზნესისაგან ძალიან შორს არიან, არ დარჩება.

 

ამერიკის ბიზნეს-წრეებში დავიდსონს ახასიათებენ როგორც სასტიკ კონკურენტს, მაგრამ პირად ურთიერთობებში ერთობ თავმდაბალ და თბილ ადამიანს. იგი არასოდეს ატარებს ჰალსტუხს და თუ მას ლუდხანაში, რომელსაც საკმაოდ ხშირად სტუმრობს, შეხვდებით, 15-20 წუთში დაუმეგობრდებით.

 

თავმდაბალი მილიარდერი იშვიათად იძლევა ინტერვიუს, ერიდება საჯარო ღონისძიებებზე გამოჩენას, გარდა სპორტული ღონისძიებებისა, როცა თავის კლუბს ქომაგობს. კლუბები დავიდსონის სუსტი წერტილია, მათ მის ცხოვრებაში მართლაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.

 

დავიდსონის ფისტონები

70-იან წლებში Guardian Industries-ის წარმატებამ დავიდსონი სხვა სფეროში ინვესტიციის განხორციელებაზე დააფიქრა. უამრავი ვარიანტიდან მან პროფესიონალური სპორტი აირჩია. მართალია, თავად სპორტული მონაცემებით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ მხურვალე ქომაგი კი იყო. თავდაპირველად მან თვალი ამერიკული ფეხბურთის კლუბს Maiami Dolpins-ს დაადგა, მაგრამ მისმა მფლობელებმა იმდენი მოითხოვეს, რომ დავიდსონმა მოლაპარაკებები შეწყვიტა.

 

იმ პერიოდში დავიდსონმა ფლორიდაში ზამთრის სახლი შეიძინა, რომლის მახლობლადაც კალათბურთის კლუბის Detroit Pistons-ის დამაარსებელი და მფლობელი ფრედ ზოლნერი ცხოვრობდა. მოკლედ, მათ შეთანხმებას მიაღწიეს და 1974 წელს 7 მილიონ დოლარად Detroit Pistons უილიამის საკუთრება გახდა.

 

დავიდსონი ახალი ბიზნესისათვის სწორი მენეჯმენტის ძიებას შეუდგა, რომლითაც კლუბის აღორძინებას შეძლებდა, იქამდე კი Detroit Pistons შავ დღეში იყო. 1980 წელს უილიამმა გენერალურ მენეჯერად ჯეკ მაკლოსკი დანიშნა, რომელიც ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენით იყო განთქმული. სწორედ მან მიიწვია Detroit Pistons-ში ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან აიზია ტომასი, დენის როდმანი, ჯო დუმარსი და მარკ აგირე. მწვრთნელად კი ჩაკ დეილი დანიშნა, რომელმაც ჯერ კიდევ უცნობი მოთამაშეებისაგან მშვენიერი გუნდი შექმნა.

 

ცხადია, დავიდსონი კლუბის ფეხზე დასაყენებლად ფულს არ იშურებდა. მეტად რისკიანი ინვესტიცია იყო 1988 წელს ობერნ-ჰილსში მდებარე სპორტის სასახლის 100 მილიონ დოლარად შეძენა. მაგრამ, ამ ნაბიჯმა გაამართლა, ამჟამად მასში წელიწადში 200-ზე მეტი სპორტული ღონისძიება ტარდება და დიდძალი მოგება მოაქვს.

 

დავიდსონის ძალისხმევამ ნაყოფი 1989 წელს გამოიღო, როცა Detroit Pistons NBA-ს ჩემპიონი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი ეს მიღწევა გაიმეორა. შემდეგი ტიტული კი Pistons-მა 2004 წელს, დავიდსონის ზეობის ჟამს მოიგო. მაშინ უილიამს გუნდის მწვრთნელად ლარი ბრაუნის მოწვევისათვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ როგორც ტრიუმფის შემდეგ უილიამმა აღნიშნა, იგი Detroit Pistons-ს უკვე 30 წელი ფლობდა და მშვენივრად იცოდა რას აკეთებდა.

 

ყინული და ქალები

ჰოკეის კი დავიდსონმა ალღო საოცრად მალე აუღო. მან Tampa Bay Lighting 1999 წელს 100 მილიონ დოლარად შეიძინა. ცოტა ხნით ადრე ფლორიდის ქალაქ ტამპას მკვიდრ ჰოკეის ამ კლუბს ავტორიტეტულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა NHL-ის ყველაზე წამგებიანი კლუბი უწოდა. სწორედაც მოიქცა, რადგან ხუთი წლის განმავლობაში Tampa-მ ლიგის სხვა კლუბებზე გაცილებით მეტი, 50 მილიონი დოლარი იზარალა. სწორედ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაეუფლა დავიდსონს კლუბის ფეხზე დაყენების აზარტი.

 

Tampa Bay Lighting-ში საქმე მართლაც ცუდად იყო და დავიდსონს კიდევ 50 მილიონის ინვესტირება მოუწია. კლუბის მენეჯმენტის სწორად ასაწყობად მას გვარიანი დრო დასჭირდა და მხოლოდ 2003 წლიდან დაიწყო Tampa-მ მოგების მოტანა. ამ პერიოდში უილიამმა მთავარ მწვრთნელად ჯეი ფისტერი დანიშნა, რომელმაც რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე შეიძინა, მათი გამოცდილ ჰოკეისტებთან შერწყმა მოახერხა და შედეგმაც არ დააყოვნა: 2004 წელს Tampa Bay Lighting-მა „სენლის თასი“ მოიგო.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამავე წელს დავიდსონისავე კუთვნილმა ქალთა საკალათბურთო კლუბმა Detroit Shoks-მა, რომელიც მან 1997 წელს შეიძინა და ჩვეული მეთოდებით ააღორძინა, WNBA-ს ჩემპიონატი მოიგო. ასე შეასრულა მილიარდერმა უილიამ დავიდსონმა ერთგვარი საჩემპიონო ტრიპლეტი და სახელი საქვეყნოდ გაითქვა.