ლარი თითქოს გამყარდა, მაგრამ მაინც გაუფასურებულ ნიშნულზე რჩება და როგორც ჩანს, ასეც დარჩება, თუ კიდევ უფრო არ დასუსტდა. ყოველ შემთხვევაში გამყარების და ზაფხული ნიშნულზე დაბრუნების შესაძლებლობა წელს აღარ არსებობს. მსხვილმა ანალიტიკურმა ჯგუფებმა უკვე წარმოადგინეს პროგნოზი, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები 2020 წლის დასრულებამდე.
სახარბიელო პერსპექტივა ჯერჯერობით არ იკვეთება, თუმცა დიდ რყევა ახლო მომავალში ალბათ მოსალოდნელი აღარ იქნება. „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან მიმართებაში 3.15-ის ფარგლებში დაფიქსირდება.
„ბოლო დღეებში „თიბისი ჯგუფის“ პროგნოზზე მეტად გაუფასურდა ლარის კურსი, თუმცა ეს ზედმეტად გაუფასურება იყო, ამას მთავრობა და ეროვნული ბანკიც აცხადებდნენ. იგი, ძირითადად, გამოიწვია ზედმეტმა ნეგატიურმა მოლოდინმა, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც, რადგანაც ამბობდნენ, რომ არჩევნების შემდეგ კურსი უფრო მეტად გაუფასურდება. თუმცა სხვა ფაქტორებიც იყო და, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანიც, მათ შორის თურქული ლირის გაუფასურება. რაც
შეეხება პროგნოზს, „თიბისი კაპიტალი“ ჯერჯერობით არ ცვლის თავის პროგნოზებს და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის 3.15-ს ფარგლებში იქნება, მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქვე მნიშვნელოვანია დოლართან სხვა ვალუტების დინამიკაც და ინტერვენციების მოცულობაც. მოლოდინი გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი ბაზარს დამატებით მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო სახსრებს მიაწვდის“, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსმა ოთარ ნადარაიამ.
„გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთ დროს ყურადღება რეგიონში სხვა ვალუტების გაუფასურებასაც უნდა მივაქციოთ.
„მიმდინარე წლის სექტემბრიდან რეგიონში ლარი სხვა ვალუტებთან შედარებით ყველაზე მეტად არის გაუფასურებული. ყურადღება რეგიონის სხვა ვალუტებს უნდა მივაქციოთ, ეს იქნება ლირა თუ - რუსული რუბლი. ორივე სექტემბერში მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
როდესაც რეგიონში რამე რისკი ჩნდება და ეს გარკვეულ კრიზისში გადაიზრდება, ის ლარის კურსზე პირდაპირ ასახვას პოულობს. მიმდინარე პერიოდში ლარის გაუფასურება იმ უარყოფითი ფაქტორებით არის განპირობებული, რომელიც პანდემიის მოლოდინს უკავშირდება.
ფაქტობრივად, მეორე ტალღა გვაქვს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. ასევე, არის ლარის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორი: არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინი, ასევე სეზონურობა, წინა წლებშიც ლარის გაუფასურება შემოდგომაზე იწყებოდა. ამასთან აღსანიშნავია, საბანკო სექტორის სესხების ზრდა, იმიტომ, რომ მასზე მოთხოვნაა. ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ, ეს ფაქტორები ლარის კურსზე გავლენას ახდენს“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ ლაშა ქავთარაძემ.
მისი აზრით, მომდევნო თვეებში ლარის კურსზე მცირედი ზეწოლა მოსალოდნელია, რაც ინფლაციაშიც გადაიზრდება.
„მოსალოდნელია, რომ დარჩენილ თვეებში ინფლაციაზე მცირედი ზეწოლა იყოს. თუ ლარის გაუფასურება წლის ბოლომდე 3.2 ლარის ზემოთ შენარჩუნდება, შესაძლოა, ამას წლის ბოლომდე ინფლაციაზე ზეწოლა ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე უკიდურეს სცენარში, შესაძლოა, ინფლაცია 4% იყოს. თუ ლარის კურსი 3.1-3.2 ფარგლებში იმერყევებს, მაშინ ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე 3.5%-თან ახლოს იქნება“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
პანდემიის დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ბაზარს საკუთარი რეზერვებიდან 450 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა, სავარაუდოდ, სებ-ი ინტერვენციების სახით წლის ბოლომდე კიდევ 200 მილიონ დოლარზე მეტს გაყიდის, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურება ამ ნაბიჯებმა მაინც ვერ შეაჩერა. ლარი დოლართან მიმართებით სექტემბერში თითქმის 7%-ით გაუფასურდა.