„ეს ომი შეიწირავს ფაშინიანს, თუმცა, ამ ომში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს“

„ეს ომი შეიწირავს ფაშინიანს, თუმცა, ამ ომში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს“

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ოპტიმისტურია და ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ხოლო ოპტიმიზმის საშუალებას, კი ეკონომიკის აღდგენისათვის მიღებული გადაწყვეტილებები და გატარებული პოლიტიკა იძლევა. განსხვავებული აზრი აქვს ოპოზიციას. „მორიგი ბიუროკრატიული თავგასულობა“, - ასე აფასებენ ისინი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს. ოპოზიციის უკმაყოფილება ბიუროკრატიული ხარჯების არსებობამ გამოიწვია, რაზეც ოპოზიცია ამბობს, რომ აღნიშნული ხარჯების ამოღება ქვეყანას მძიმე კრიზისიდან ამოიყვანდა. ოპოზიცია ამბობს, რომ 2 მილიონი ლარის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი. ექსპერტი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი რეალური შესაძლებლობების ფარგლებშია შედგენილი, თუმცა ექსპერტი ხელისუფლებას გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ეკონომიკური გეგმის შედგენას ურჩევს, რაც სამომავლოდ, ქვეყნის სტაბილური ეკონომიკის გარანტი იქნება.

დემურ გიორხელიძე: 2021 წლის ბიუჯეტი ვერ იქნება უკეთესი 2020 წლის ბიუჯეტზე, რადგანაც შემოსავლების თვალსაზრისით არის სერიოზული პრობლემები. თუ წელს, საქართველოს ეკონომიკა დაეცა მხოლოდ 7%-მდე, ეს იქნება ძალიან კარგი მიღწევა რადგანაც, გაცილებით დიდ ქვეყნებში იქნება უფრო დიდი ვარდნა. ბუნებრივია, რომ შემცირებული ეკონომიკის ფონზე შემოსავლები ვერ იქნება ისეთი, როგორიც გასულ წელს იყო. შეიძლება მისი კომპენსირება სესხების გზით, მაგრამ ამას სხვა ნეგატიური მოვლენა აქვს, დაწოლა ბიუჯეტზე იზრდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ბიუჯეტი არის ბიუროკრატიისთვის ფუფუნების ბიუჯეტი. თუ ეს ადმინისტრაციული ხარჯები არ იქნა შემცირებული, ეს იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ აქ არის უზარმაზარი რეზერვი და საქართველოსნაირი ქვეყანა გაცილებით ხელმოკლედ უნდა ცხოვრობდეს. სამწუხაროდ, მიუხედავად ქვეყანაში არსებული სერიოზული პრობლემებისა, არანაირი შეფერხება ბიუროკრატიას არ ჰქონია, თუ ეს ტრენდი იქნა შენარჩუნებული, მაშინ ოპოზიცია თავის წინადადებაში სწორია. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში არის გადაუდებელი ხარჯები, რასაც ვერანაირი პრობლემა ვერ შეამცირებს, ეს არის ჯარი, პოლიცია, პენსიები და ასე შემდეგ, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებში კადრების შემცირება სრულიად შესაძლებელია. თითქმის ყველა სამინისტროს საშტატო განრიგი ძალიან გაბერილია. ჩვენ დღეს გვჭირდება გაცილებით კვალიფიციური ხალხი და ეფექტური მუშაობა.

როდესაც მსოფლიო დგას პანდემიის წინაშე და არ ვიცით როგორი იქნება მომავალი წელი, როდესაც საგარეო ვალი აღწევს ზღვარს და ხელისუფლება საგარეო ვალების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად წინა წლებში პენსიების ზრდას და სოციალურ პაკეტებს ასახელებს, ამ მოცემულობით, რამდენად აქვს ქვეყანას რესურსი, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს პენსიების და სოციალური პაკეტების ზრდა?

- პენსიების მატება ამ სიტუაციაში არის იძულებითი, ეს არ არის ხელისუფლების კეთილი ნება. მომავალ წელს, გამორიცხულია, რომ ვინმემ სამუშაო ადგილები შექმნას და ეკონომიკა გაიზარდოს, ეს არ მოხდება. ბუნებრივია, გაუჭირდებათ ადამიანებს და ის მცირედი კომპენსაცია ადამიანებისთვის არის პატარა შეღავათი. რაც შეეხება საგარეო ვალის აღებას, აქ სიფრთხილეა საჭირო, ეკონომიკა არის ძალიან მწირი და ძალიან დაბალი ტემპებით იზრდება, ამიტომ, მცირედი ცვლილებაც კი ბიუჯეტში ახდენს ზეწოლას და ეს სასურველი არ არის. ქვეყანა, ბოლო 28 წლის განმავლობაში იღებს ვალებს და ამ ფულის ეფექტურობა არის ნულოვანი, გარდა იმ თანხებისა, რომელიც სავალუტო რეზერვებად წავიდა.

ფაქტია, პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკებში ბევრი მიდგომა შეცვალა, საჭირო გახდა ახალი ხედვები და განსხვავებული პრიორიტეტები, რაზეც უკვე არის საუბარი, თუმცა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული რეალობა, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკის სტიმულირებაზე იფიქროს, ამას ანაცვლებენ საგარეო ვალებით, რაც არ არის გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე, ეს არის მხოლოდ მყისიერი, მინიმალური ეფექტი. რატომ არის ხელისუფლებისთვის ეს მოკლევადიანი ეფექტები უფრო მისაღები და შედეგი რა გვექნება უახლოეს წლებში?

- 2020 წელი, საქართველომ დაკარგა იმ მხრივ, რომ ადგილობრივი რესურსების გამოყენებისთვის ფაქტიურად ნაბიჯი არ გადადგა. ათასობით ჰექტარი დარჩა დაუხნავი, ყველაფერი ჩამოკიდებულია ისევ იმპორტზე, ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ მთელი აქცენტი საშინაო რესურსებზე და ადგილობრივ გადამამუშავებელ წარმოებაზე, სოფლის მეურნეობაზე გადაიტანოს, ამის ნაცვლად, ხელისუფლება ისევ ტურიზმზე ლაპარაკობს. ეს არის ის ნეოლიბერალური ტყლაპო, იმ მრჩევლებისა თუ ექსპერტებისა, რომლებიც ზიან წარსულში ამ უაზრო ლიბერალურ დოქტრინაზე დაფუძნებული, რომელიც წმინდა პროფესიონალური თვალსაზრისით არის ეკონომიკის პროფანაცია. საუბედუროდ, მთავრობის მეთაურიც და სხვებიც, იმეორებენ იმას, რომ იქნება ტურიზმი და სხვა, მაგრამ არავითარი ტურიზმი არ იქნება კარგა ხანს, ტურიზმზე არ შეიძლება ქვეყანა აიწყოს. მაგრამ იმედია, გაჭირვება თავისთავად შეცვლის აზროვნებას.

რაც შეეხება რეგიონში მიმდინარე რთულ მოვლენებს, რეალურად რა ხდება, არსებობს საფრთხე, რომ ამ დაპირისპირების მასშტაბები გაიზარდოს?

- ამ ომს არ ვუყურებ, როგორც იმის პერსპექტივას, რომ ეს შეიძლება, ხანგრძლივ დაპირისპირებაში ან გლობალურ, რეგიონულ კონფლიქტში გადავიდეს. ეს წმინდა წყლის გეოპოლიტიკაა. ეს არ არის მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება. კონფლიქტი გაყინულია, ამ კონფლიქტს ძალით გადაჭრის არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არც აზერბაიჯანის, არც სომხეთის საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა მზად არ არის დიალოგისა და დათმობებისთვის, სხვანაირად კონფლიქტი არ წყდება. ამიტომ, ეს იქნება და იქნება მანამ, სანამ თაობები არ შეიცვლება, უფრო გონიერ პოლიტიკაზე არ გადავლენ. დღეს რაც კავკასიაში ხდება, გეოპოლიტიკის გავლენაა, აქ არის ურთიერთგამოდევნის, ურთიერთშესუსტების პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ ამას დიდ ომში გადაზრდის არანაირი პერსპექტივა არ აქვს. შეიძლება, აზერბაიჯანს ერთი-ორი რაიონის აღების საშუალება მიეცეს, რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე აიღოს, მაგრამ ის, რომ მან ყარაბაღის ოლქი აიღოს, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

ეს პროცესები რამდენად იქონიებს გავლენას ქართულ პოლიტიკაზე და პირველ რიგში ლარის კურსზე რა გავლენა ექნება, და ასევე, ხომ არ იქნება ეს კონფლიქტი მსხვილი ინვესტორებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი?

- მოდით ასე ვთქვათ, ირიბი გავლენები არის, მაგრამ ეს არ არის ის გავლენა, რომელიც დომინირებულია და განსაზღვრავს მდგომარეობას. ჯერ ერთი, ლარის კურსი წელიწადში არაერთხელ ძალიან დიდი ამპლიტუდით თამაშობს. ეს არის არა მხოლოდ ობიექტური, ახლანდელი პანდემიის გავლენის და მსოფლიო პოლიტიკაში ცვლილებების შედეგი, არამედ სუბიექტური პოლიტიკის შედეგიცაა. შეცდომებია მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში. ამიტომ, აქ ახალი არაფერი მოხდება. ლარი აიწევს, ისევ დაიწევს და ა.შ. ეს ძალიან ცუდია ყველასთვის, ვინც ბიზნესთან და საგარეო ოპერაციებთანაა დაკავშირებული და ყველას, ვინც საზღვარგარეთიდან იღებს თანხებს. ლარის კურსის ყოველი აწევა და დაწევა ეს არის დამატებითი გადასახადები, რომელსაც ჩვენ, ყველა მოქალაქე ვიხდით ამის გამო. რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს -  საქართველოში ინვესტორები მაინცდამაინც არ იკლავენ თავს. ეს ათწლეულები გრძელდება. არიან წვრილი ინვესტორები. თუმცა, მდგომარეობა იცვლება, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის გამო თანხებს სჭირდება შედარებით მშვიდი განლაგების ადგილი. მსხვილი ინვესტორებისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის ომი არ არის შემაფერხებელი. წვრილ და ინდივიდუალურ ინვესტორებზე ამან შეიძლება იქონიოს გავლენა და ვიღაცამ თავი შეიკავოს, მაგრამ რა ინფორმაციაც მე მაქვს, მსხვილი ინვესტორებისთვის ეს არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი არ არის. ზოგადად, ეკონომიკაზე გავლენა ძალიან ბევრ რამეს აქვს. მსოფლიო ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და კიდევ უფრო უარესში იქნება. ბუნებრივია, ეს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს. უშუალოდ, ეს ომი ქართულ ეკონომიკაზე მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს იმიტომ, რომ არა მგონია, იმ მთავარ წყაროებს, რომელიც აზერბაიჯანთან გვაკავშირებს, განსაკუთრებით – ენერგომატარებლებს, რაიმე საფრთხე შეექმნას.

სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ძალიან კარგად იცის, რომ იმას, რაც გლობალურ ინტერესებშია, ხელი არ უნდა ახლონ, რადგან ეს ცუდად დასრულდება. გაზისა და ნავთობის გამტარ მილებს არაფერი ემუქრება. ეს ორივემ კარგად იცის. უბრალოდ, ეს ომი დასჭირდათ არა მხოლოდ გეოპოლიტიკის მთავარ ფიგურანტებს, აქ ბრძოლა არის რეგიონებზე, ნახეთ რა ხდება ბელორუსში, იქაც რეგიონებზეა ბრძოლა, არავითარი დემოკრატიაზე და დიქტატურაზე იქ არ არის საუბარი, ესეც გეოპოლიტიკაა. ამიტომ, როგორც აზერბაიჯანი-სომხეთის ომი, ისე ბოლორუსის მოვლენები ეს არის ერთი ჯაჭვი.

არსებული სურათი რაც კონფლიქტის დასაწყისშივე გამოიკვეთა უცვლელია, თურქეთი ღიად უჭერს მხარს აზერბაიჯანს, რუსეთმა ნეიტრალური პოზიცია არჩია, საერთაშორისო თანამეგობრობაც დიდად არ ჩქარობს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პროცესები უნდა მივიდეს გარკვეულ შედეგამდე, რაც არის უკვე განსაზღვრული?

- საქართველოში, რატომღაც აქვთ მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს, მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე არის თურქეთი. ეს ასე არ არის, სამი მთავარი მოთამაშეა: ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი. რა თქმა უნდა, თურქეთი ორი ძალის წნეხის ქვეშ ყოველთვის იქნება მოქცეული. თურქეთის ამბიციურ პრეზიდენტს, ამ დაპირისპირების ფონზე გაუჩნდა საკუთარი ინტერესების მიღწევის საშუალება და ამას იყენებს. თუმცა, ჩვენ, როდესაც ზერელე ანალიზებს ვიყენებთ, გვავიწყდება, რომ რუსეთსა და თურქებს საკმაოდ სერიოზული და ღრმა ურთიერთობა გააჩნიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები c- 400 სარაკეტო სისტემას არ მიყიდიდნენ თურქებს. რუსები თითქოს გაურკვევლად იქცევიან, მაგრამ სრულიად გასაგებია მათი ქცევა, მათ ღიად გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ დახურული გზებით გავლენა ხდება როგორც აზერბაიჯანზე, ისე სომხეთზე. საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი შეიწირავს ფაშინიანს, რომელიც ძალიან ზერელე შთაბეჭდილებებს ტოვებს და ფაქტიურად პოლიტიკოსი არც არის. სერიოზული პოლიტიკოსები იმ გზით არ მოდიან პოლიტიკაში რა გზითაც მოვიდა ფაშინიანი და თუნდაც ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა როგორც მოვიდა თავის დროზე. ეს ომი შეიწირავს ფაშინიანს, მივა რაღაც წერტილამდე, თუმცა, ამ ომში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს.

როგორი იქნება საბოლოო გადანაწილება, რა სურათს მივიღებთ?

- მსოფლიო აღარ დაუბრუნდება იმ ნიშნულს რაც იყო მარტამდე. მსოფლიოში მძაფრდება დაპირისპირებები და ეს იქნება ძალიან დინამიური და ძალიან რთული პროცესი. ფაქტიურად, მსოფლიოში მიდის ახალი გადანაწილება. ამიტომ, ეს არის მთავარი მოთამაშეების დაპირისპირება და საუბედუროდ, მოკლე ჭკუისა და სხვაზე დაქვემდებარებული პოლიტიკური ელიტები მრავალ ქვეყანაში წამოეგნენ, მათ აკეთებინებენ იმას, რაც დაპირისპირების მხარეების ინტერესებში არის. გამორიცხულია ფართომასშტაბიანი ომი, იმიტომ, რომ აქ გადარჩენის გარანტია არავის არ აქვს. ის, რომ თითქოს არის საფრთხე მესამე მსოფლიო ომის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდა, მაგრამ ცუდ მდგომარეობაში არიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აზერბაიჯანი, უკრაინა, ლიბია და ასე შემდეგ. აქ მიდის ძალიან სერიოზული და დაუნდობელი ბრძოლა და ვფიქრობ, რომ ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების გონიერება თუ გადაარჩენს ამ სახელმწიფოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ძალიან საშიში პერსპექტივა ელით, იმიტომ, რომ ამ დაპირისპირებაში არ იქნება არანაირი კომპრომისები.