მიხეილ სააკაშვილის ქურდული გაგება

მიხეილ სააკაშვილის ქურდული გაგება

2012 წლის 1 ოქტომბრიდან  2012  წლის 28 დეკემბერს ჩათვლით პრეზიდენტმა1544 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა 1359 მსჯავრდებული, სასჯელი შეუმსუბუქდა 156 მსჯარდებულს, ხოლო 29 პატიმარს მსჯავრი მოეხსნა. 1544 მსჯავრდებულიდან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გათავისუფლდა 289, მძიმე დანაშაულისთვის 723, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული - 532 პატიმარი.

განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლებულთაგან სააკაშვილის შეწყალება შეეხო 38 მსჯავრდებულს. სააკაშვილმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მსჯავრდებული 11 პატიმარი შეიწყალა, ქურდობის მუხლით - 364 მსჯავრდებული, ყაჩაღობის მუხლით - 94 პატიმარი.

ამასთავე ირკვევა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ კანონიერი ქურდები ელგუჯა გურჩიანი, რომელსაც 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხე 2 წლის შემდეგ დატოვა და იოსებ სორდია, რომელსაც პატიმრობის ვადა 2015 წელს ეწურებოდა. გურჩიანის გვარი 2010 წელს გახსნილ ნარკოკარტელის საქმეშიც ფიგურირებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ არ იცის, საიდან მოხვდნენ სორდია და გურჩიანი შესაწყალებლთა სიაში. თევდორაძის თქმით, კომისიას არცერთ მათგანზე რეკომენდაცია არ გაუცია.

ზოგადად კი, ქვეყანაში მუსირებს აზრი, რომ პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები იმისთვის შეიწყალა, რომ საზოგადოებაში შექმნას ისეთი განწყობა, თითქოს საპატიმროებიდან ბევრი დამნაშავე გამოვიდა. ეს ყველაფერი კი ამნისტიას დაბრალდეს. ამასთანავე, თუკი ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია დამძიმდება, გამართლდება „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა კრიტიკული განცხადებები, რომელთა თანახმად, კატეგორიულად დაუშვებელია საქართველოში ფართომასშტაბიანი ამნისტიის განხორციელება, რადგან ქვეყანაში კრიმინალი მნიშვნელოვნად მოიმატებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად საქართველოში დამყარებული სიტუაცია ისევ აირევა.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ხელწერა შესწავლილი აქვს და 2009 წლის დეკემბერში განხორციელებულ შეწყალებას იხსენებს, როდესაც ე.წ. ანტიკრიზისული საბჭოს რეკომენდაციით პრეზიდენტმა ასობით პატიმარი შეიწყალა. ლორთქიფანიძის თქმით, მაშინ 1287 პირიდან 300 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმარი იქნა შეწყალებული, რომლებსაც დანაშაულთა ერთობლიობით 16, 17 ან 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ეს პირები სასჯელის დინების მე-11, ან მე-12 თვეს იყვნენ შეწყალებულები. ამიტომ დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სრულიად წარმოუდგენელია, რა კრიტერიუმებით უნდა მომხდარიყო მსგავსი პირების შეწყალება, რომლებიც წარსულშიც ნასამართლებნი იყვნენ და მძიმე კატეგორიის რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იყვნენ მსჯავრდებულები.

„მაშინ გაჩნდა ეჭვები, რომ აქ გარკვეული კორუფციული ელემენტები იყო ჩადებული. ამაზე მაშინ განცხადებაც გავაკეთე, რაზეც პრეზიდენტმა პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა, რომ მომავალში „შეცურებას“ ადგილი აღარ ექნებოდა. ზუსტად ამ სიტყვით გამოხატა მან საკითხისადმი დამოკიდებულება, ანუ მან ფაქტიურად თქვა, რომ ვიღაცამ, ვინც მას ამ სიებს უმზადებდა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯვრდებული პატიმრები შეუცურა, თუმცა როგორ მოხდა ეს 300 პირის მიმართ, სრულიად წარმოუდგენელია“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ მოხდა ამ სისტემის მხილება მსჯავრდებულ რატი რეხვიაშვილის დედის მიერ, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მისი შვილის შეწყალების სანაცვლოდ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ 120 ამომრჩევლის ხმა უნდა შეეგროვებინა, თუმცა ამ ფაქტს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. უფლებადამცველი აცხადებს, რომ შეწყალებები ძირითადად „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, ანუ იმ პირებს ეხებოდა, რომელთა წინაშეც პარტია ვალში იყო და ეს პროცესი პატიმრების ახლობლების მხრიდან საარჩევნოდ ამომრჩეველთა ხმების შეგროვებას უკავშირდებოდა. ლორთქიფანიძის თქმით, დღეს ამ ელიტურმა კორუფციამ გარკეული ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა პრეზიდენტი შეწყალებას იმ იმედით ახორციელებს, რომ მის მიერ მძიმე დანაშაულისთვის შეწყალებული პირები ქვეყანაში კრიმინოგენურ სიტუაციას დაამძიმებენ და ეს ამნისტიას დაბრალდება.

„პრეზიდენტს და მის გარემოცვას რა თქმა უნდა, ეს განჭვრეტილი აქვთ და სანამ ამნისტიის აქტი ამოქმედდება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 1000-ზე მეტი პატიმარი ჰყავს პრეზიდენტს შეწყალებული. ელენე თევდორაძის შეწყალების კომისია აქ მხოლოდ ანტურაჟის ფუნქციას ასრულებს, რადგან ეს კომისია მხოლოდ ნაკლებად მძიმე და იშვიათად ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების საკითხს განიხილავს. მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალების პასუხისმგებლობას კი თავის თავზე არ იღებს. ამას აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი და ადვილი მისახვედრია, ვისზე დაყრდნობით. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ პროკურატურაში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, ახლა კი პარლამენტის წევრის მაღალი სტატუსით სარგებლობენ, ასევე საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებზე“, - აღნიშნავს ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, იგი შეწყალების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ დაუშვებლად მიიჩნევს, რომ მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პირი სასჯელის მოხდას აგრძელებდეს, ხოლო დანაშაულთა შეკრებითობის საფუძველზე 17-18 წლიანი სასჯელის მქონე პირები პრეზიდენტმა შეიწყალოს. აქვე უფლებადამცველი პარლამენტს მოუწოდებს, თითოეულ ასეთ ადამიანთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს დაუსვან კითხვა, რა კრიტერუმებით მოახდინა მათი შერჩევა და შეწყალება, ხოლო პრეზიდენტმა კი კეთილი უნდა ინებოს, და საზოგადოებას განუმარტოს, რატომ უშვებს რეციდივისტებს ციხიდან.

ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ თავმჯდომარე, ლია მუხაშავრია ამბობს, რომ პატიმრის განთავისუფლებას (ამნისტიის თუ შეწყალების საფუძველზე ) ყოველთვის მიესალმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი შეწყალებების თვალსაზრისით აქამდე ასე გულუხვი არ იყო. ამიტომ უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ სააკაშვილი გონს მოეგო, მიხვდა, რომ ასეთი შანსი ცხოვრებაში შესაძლოა აღარ მიეცეს და ამიტომ გადაწყვიტა, ის ადამიანები მაინც მოიმადლიეროს, რომლებსაც შეიწყალებს. მუხაშავრია არ მიიჩნევს, რომ ეს აქტები კრიმინოგენურ სიტუაციას დაამძიმებს, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად მუშაობს. ამასთანავე, უფლებადამცველი ფიქრობს, რომ შეწყალებისა და ამნისტიის შედეგად ციხეებიდან გამოსული ადამიანები მადლიერები იქნებიან ამისათვის დაკრიმინალის გზას აღარ დაადგებიან.

„ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ პატიმრობიდან რაც შეიძლება მეტი ადამიანი განთავისუფლებულიყო და ეს კრიმინოგენურ ვითარებას არ დაამძიმებს, მიტ უფრო, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გაღატაკებულია და წასწრთმევი და მოსაპარი არაფერი აქვს, ხოლო ვისაც აქვს, მათთვის დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები არსებობს“, - აღნიშნავს მუაშავრია.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ზოგადად ამნისტიას კრმინოგენური ვითარების გამწვავების რისკები ახლავს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს მაინც არ არის იმის საპირწონე, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართულ ციხეებში ხდებოდა. ეს აქტი ციხეებში დარჩენილ პატიმრებს მდგომარეობას ვერ შეუმსუბუქებს და ამიტომ სამართლიანობის აღდგენა მაინც შედარებითია.

„ვფიქრობ, რომ პატიმრებს მაინც ინდივიდუალურად უნდა მიუდგე, ამნისტია კი ამას ვერ გააკეთებს. როდესაც ადამიანი მიიჩნევს, რომ უკანონოდ იხდის სასჯელს და შენ მას პატიმრობის ვადას ერთი მეოთხედით უმცირებ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. აქედან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა, პარლამენტს შესაბამისი კანონი მიეღო, რომ უკვე ძალაში შესული განაჩენების გადახედვა გამხდარიყო შესაძლებელი“, - ამბობს ადვოკატი.

იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტს ყველა მის მიერ შეწყალებულ პატიმართან დაკავშირებით მყარი არგუმენტები გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები – რატომ შეიწყალეს პატიმარი, რომელსაც 20 წელი აქვს მისჯილი და რატომ არ შეეხო შეწყალება მას, ვისაც სამი წელი აქვს მისჯილი. ასეთები კი ძალიან ბევრია. ადვოკატს იმედი აქვს, რომ ამნისტიისა თუ შეწყალების შედეგად ციხიდან გამოსული ადამიანი კრიმინალის გზას აღარ დაადგებიან, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, შსს საკმაოდ კარგად მუშაობს საიმისოდ, რომ ასეთი რამ აღკვეთოს. ირმა ჭკადუა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ის სია, რომელიც სააკაშვილს სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გადაუგზავნა და რომელი პატიმრებიც პრეზიდენტმა სუბარის რეკომენდაციით შეიწყალა. აქვე ადვოკატი ამბობს, რომ თუ პატიმარი მძიმედ დაავადებულია და მას შესაბამისი ნორმის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლება ეკუთვნის, მხოლოდ იმის გამო, რომ ის კანონიერი ქურდია, მისი ციხეში დატოვება დაუშვებელია. უბრალოდ ეს პროცესი შერჩევითი არ უნდა იყოს და ღიად უნდა წარიმართოს.

For.ge შეეცადა საპარლამენტო უმცირესობის წევრების პოზიციაც გაერკვია, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ მათ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების, განსაკუთრებით კი კანონიერი ქურდების შეწყალება მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დევიზი კანონიერ ქურდებთან შეურიგებელი ბრძოლა იყო.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, აკაკი ბობოხიძე შეწყალებასა და ამნისტიას შორის განსხვავებაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ ამნისტია ეხება მუხლს, შეწყალება კი - პიროვნებას. კერძოდ, ამნისტია ეხება ნებისმიერ პირს (თუკი მის მუხლს ეხება) და ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული, ინანიებს თუ არა ეს ადამიანი დანაშაულს და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იქნება თუ არა საშიში საზოგადოებისთვის. შეწყალების შემთხვევაში კი პატიმრის პიროვნებაა გათვალისწინებული და მისი გამოშვება მხოლოდ იმ ვითარებაში ხდება, როდესაც ცხადია, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ასეთი ადამიანი დანაშაულს აღარ ჩაიდენს.

„მე არ მჯერა კანონიერი ქურდების შეწყალების, რადგან როგორც ვიცი და ამ ფენის ცხოვრების წესთან დაკავშირებით რა ინფორმაციასაც ვფლობ, კანონიერი ქურდები შეწყალებით არ სარგებლობენ. რაც შეეხება იმას, პრეზიდენტმა შეიწყალა თუ არა ამ კატეგორიის ადამიანები, აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ადამიანები სხვადასხვა მექანიზმებით ხვდებიან, ერთ-ერთი არის შეწყალების კომისია, ასევე არიან საპატრიარქოს რეკომენდაციით შეწყალებული პირები და ა.შ.“, - აცხადებს ბობოხიძე.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ერთი კანონიერი ქურდი შეწყალებით განთავისუფლდა იმის გამო, რომ უმძიმესი ავადმყოფი იყო, ფეხზე ვერ დგებოდა და შესაბამისად, მისგან საზოგადოებას რაიმე საფრთხე არ ემუქრებოდა. ამიტომ დეპუტატი ამბობს, რომ თუკი კანონიერი ქურდები პრეზიდენტმა შეიწყალა, მაშინ გასარკვევია, ვისი რეკომენდაციით და რა მოტივით მოხდა მათ შეწყალება.

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა ჩვენს კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია პრეზიდენტის მიერ კანონიერი ქურდების შეწყალება, გვიპასუხა, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს და ჩვენს კითხვას აბსურდული უწოდა.  

„კანონიერ ქურდებს თუ ვინმე ებრძოდა ამ ქვეყანაში, ეს იყო ჩვენი ხელისუფლება. ამიტომ გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია, რადგან აბსურდულ კითხვებ მისვამთ“, - ამბობს დარჩიაშვილი.

და, ბოლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა ცნობილმა სახემ, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი გაუგია, რადგან უკანასკნელ დღეებში საქართველოში არ იმყოფებოდა.