„ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს არჩევნების გადადება“

„ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს არჩევნების გადადება“

კახა კალაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა არ დადგება. თბილისის მერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელსაც არჩევნების პირველივე ტურში მოგება შეუძლია.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ეს ჩანს ყველა კვლევაში. ეს ჩანს იმ შეხვედრებზე, იმ კომუნიკაციაში, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს“, – აცხადებს კახა კალაძე.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ შექმნილი ეპიდვითრების გამო, ხელისუფლება არჩევნების გადადებას შეეცდება, კალაძე ამბობს, რომ არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ, თანაბარ პირობებში ჩაატარონ.

„არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის, არჩევნები ჩატარდება. მოგვიწევს ადაპტირება და თანაცხოვრება ამ ვირუსთან. პირველ ტალღასთან შედარებით, დღეს უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს. ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს და, რა თქმა უნდა, ვიდრე არ იქნება ვაქცინა, უნდა დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გვაძლევენ. ასევე, ყველაზე მთავარია პირბადის ტარება. ადამიანი, რომელიც ხმის მისაცემად შედის, ცხადია, პირბადით იქნება, მაგრამ, როდესაც რეგისტრაციას გადის, ამაზე დეტალურად იქნება მითითებები მიცემული, როგორ და რა ფორმით განხორციელდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო სუბიექტებმა საარჩვენო კამპანია დაიწყეს და რაც მთავარია, ყველა დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს. საპარლამენტო არჩევნებზე 50%–ზე მეტი მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამომრჩეველს აცნობენენ გეგმას, როგორ დაუბრუნებენ სახელმწიფოს მართვის სადავეებს. გამარჯვებაში დარწმუნებული რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არავინ დაუშვებს, ხელისუფლებამ არჩევნები გადადოს ან პანდემიასთან დაკავშირებული პროცესი სათავისოდ გამოიყენოს.

„პანდემიას წინასაარჩევნოდ ყოველთვის იყენებდა და სწორედ დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე. მაგრამ არავინ დაუშვებს იმას, რომ არჩევნები ან გადადოს, ან ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს. ახლა დადის ჭორები, თურმე გადასატანი ყუთებით უნდა იარონ სახლებში და 70 წელს გადაცილებულ ამომრჩეველს სახლში მიაკითხონ. ანუ, გაყალბების ახალი მექანიზმები ჩადონ, ვითომ ადამიანებზე ზრუნვის მოტივით. ჩვენ არც ერთი მანიპულაციის საშუალებას არ მივცემთ. პანდემია ქვეყანაში საშინელი სცენარით ვითარდება იმის გამო, რომ ვერ მოუარა ამ ხელისუფლებამ და ახლა მივიღეთ შედეგი, რასაც ვხედავთ. ოღონდ ხელისუფლებას ამის აღიარება არ უნდა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის ამოცანაა, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები განხორციელდეს. მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ერთ–ერთი მთავარი არსი არის ის, რომ ოპოზიცია არის დესტრუქციული და აპირებს დესტაბილიზაციას.

„დღეს არის ორი პოლიტიკოსი, რომელიც საუბრობს, რომ ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთავრობას. ეს არის ივანიშვილი, რომელიც არც განიხილავს კოალიციას და სამწუხაროდ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ორივე შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე ამ ძალის პროპაგანდა ერთმანეთს კვებავს. რეალობა არის სრულიად სხვა. რეალობა არის ის, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს ამ ორ პოლიტიკოსს.

აქედან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის გარდამტეხი ცვლილებები იყოს იმ კუთხით, რომ შემდეგი მთავრობა იყოს კოალიციური, მრავალპარტიული, ოღონდ, არც ერთი ცალკე აღებული ადამიანი ერთპიროვნულად აღარ მართავდეს ამ ქვეყანას და ამ მოჯადოებულ წრეზე სიარულს ერთხელ და სამუდამოდ დავანებოთ თავი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პანდემია არ აშინებს „ლელოს“ ლიდერს, რომელიც დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ხალხი გამოვა და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებას ეშინია ადამიანების აქტიურობის, გაზაფხულზე 15 შემთხვევა იყო და ქვეყანა ჩაკეტეს, დღეს არანაირი ზომები არ არის მიღებული.

„არანაირი მოქმედება არ დაიწყო ხელისუფლებამ, ეს იწვევს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა არის ჩაკეტილი საზღვრების მქონე. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ეშინია ადამიანების აქტიურობის. მათ იციან, რომ აქტიურობა არჩევნებზე არის მათი საბოლოო დამარცხება, რაც ისედაც მოხდება. ეს უკვე არის შეგუება იმისა, რომ ადამიანებს უთხრა, პანდემიის გამო იყავით სახლში, ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ძალიან ორგანიზებულად. ჩვენ ვერ შეგვაშინებს პანდემია, დავიცავთ ყველა წესს, მაგრამ არჩევნებზე დარწმუნებული ვართ, ხალხი გამოვა და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება იქნება „ოცნების“ ხელისუფლების დამთავრება“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

საარჩევნო საკითხებში ექსპერტი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს არჩევნების გადადება. მისი თქმით, სამართლებრივად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე არჩევნების გადადება არ მოხდება.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ბევრი სხვა მიზეზი აქვს. მაშინ ისე უნდა ჩაიკეტოს ქვეყანა, როგორც ეს იყო აპრილში და მაისში, რაც თავისთავად გამორიცხულია. პიარტექნოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების რეიტინგს, ვხედავთ, რომ ყველა კვლევით პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ არის და იგებს ამ არჩევნებს. ყველაზე მთავარი, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მერე არანაკლებ 45 დღეში და არაუმეტეს 60 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც ყველა შემთხვევაში ზამთარს დაემთხვევა და ზამთარში კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს ქვეყანაში. ამიტომ, კატეგორიულად გამოვრიცხავ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და არჩევნების თარიღის გადადებას“, – აცხადებს ბოჟაძე.

რაც შეეხება მეორე ტურს, ბოჟაძე ამ არჩევნებზეც არ გამორიცხავს, რომ ერთ მესამედ ოლქებში ჩატარდეს მეორე ტური და მათ შორის დედაქალაქში.

„ეს გასაკვირი არ არის. საარჩევნო სისტემა ითხოვს, რომ პირველივე ტურში უნდა იყოს 50%–ზე მეტი მხარდაჭერა. ამიტომ, მეორე ტური მოსალოდნელია. მაგრამ არც პიარულად და რაც ყველაზე მთავარია, სამართლებრივად და საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს არჩევნების გადადება. კიდევ ვიმეორებ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეს ვერ განხორციელდება. ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის და უბრალოდ იბრალებს იმას, რასაც ხელისუფლება არ გააკეთებს. იციან, რომ არჩევნები არ გადაიდება და იტყვიან, რომ ჩვენ არ გადავადებინეთო. ჩვეულებრივი პიარტექნოლოგიაა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.