რა კითხვები დაუსვეს ლევან გაჩეჩილაძეს აშშ-ში

რა კითხვები დაუსვეს ლევან გაჩეჩილაძეს აშშ-ში

«ბარამიძე პოლიტიკოსი კი არა, სკამის მონაა»

«მე ვერ დაველოდები მოვლენებს»

«სააკაშვილის მმართველობის შედეგი წართმეული ტერიტორიები, მოტყუებული ხალხი, უფლებებშეზღუდული
საზოგადოება, საკუთრებაწართმეული მესაკუთრეები და დაწიოკებული ბიზნესია»

«მინდა ჩემს ქვეყანაში თავისუფლად ვსუნთქავდე. თუ სააკაშვილი და მერაბიშვილი ისევ იპროვოკატორებენ, ძალიან ძნელი იქნება სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება», - ამბობს საშვიდნოემბრო სამზადისში ჩაბმული ლევან გაჩეჩილაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთან საუბარი აშშ-ში მისი ვიზიტის შეფასებით დავიწყეთ:

- კონდოლიზა რაისის საქართველოში ყოფნისას დაისვა საკითხი, რომ აშშ-ში წავსულიყავი. შვიდი შეხვედრა იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩემი გამოსვლების შემდეგ ოცამდე გაიზარდა.

რით იყო გამოწვეული ასეთი დაინტერესება?

- აშშ-ში ოპოზიციის დიდ ნაწილს არ იცნობდნენ, ხელისუფლებისგან «გაყიდულები ვიყავით» როგორც ქუჩის ხალხი. მათთვის მოულოდნელი იყო, სერიოზულ საკითხებზე არგუმენტირებული პასუხები რომ მოისმინეს. ასევე მოულოდნელი იყო ჩემი Gგეგმა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო კრიზისიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაზე დიდი ინფორმაცია აქვთ,  არ ელოდნენ სააკაშვილის რეჟიმის ასეთ არადემოკრატიულობას. კრიზისიდან გამოსვლის გეგმის პრეზენტაციაზე ვთქვი, საქართველო იმიტომ ილტვის დასავლეთისაკენ, რომ ქართველები თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და სწორედ დასავლეთშია ეს ღირებულებები. თუ დასავლეთი თვალს დახუჭავს იმაზე, რომ საქართველოში თავისუფლება არ არის, მაშინ საზოგადოებას აზრი შეეცვლება დასავლეთზე-მეთქი. 7 ნოემბრის, 5 იანვრის და 21 მაისის არაერთი ფაქტი და დოკუმენტური მასალაც გავაცანი. დავარწმუნე, დემოკრატია საქართველოში არ არის, რომ დემოკრატიის მეორე და მესამე ტალღებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ვუთხარი, პროცესებს კი ნუ უყურებთ, შედეგებს დააკვირდით-მეთქი; რომ სააკაშვილის მმართველობის შედეგი წართმეული ტერიტორიები, მოტყუებული ხალხი, უფლებებშეზღუდული საზოგადოება, საკუთრებაწართმეული მესაკუთრეები და დაწიოკებული ბიზნესია.

ზემოთ თქვით, გეგმა მაქვს, როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო ამ მდგომარეობიდანო. საინტერესოა, როგორ?

- ამდენი ტყუილისა და არჩევნების გაყალბების შემდეგ საზოგადოებაში ეროვნული ერთობა აღარ არის. საზოგადოება «პრომიშისტებად»  და «ანტიმიშისტებად» დაიყო. რაც უნდა ფასადები გააკეთოს, პროპაგანდა გასწიოს და შექმნას წარმოდგენა, რომ  პარლამენტში ოპოზიცია ჰყავს, სინამდვილეში არ ჰყავს. რეალური ოპოზიცია ვართ ისინი, რომელთაც ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. მოსახლეობის ამ ნაწილის არჩევანი დღეს რეალიზებული არ არის. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ეს ნაწილი გაუცხოებულია ხელისუფლებისგან. ეს ხლეჩს საზოგადოებას, გახლეჩილი საზოგადოება კი ყოველთვის დესტაბილიზაციის წყაროა. ეს კარგს არაფერს უქადის საქართველოს. დესტაბილიზაცია რომ არ მოხდეს, ამისთვის რეალური ნაციონალური ერთიანობაა საჭირო. ეს მაშინ მოხდება, როდესაც არჩევნებში დამარცხებულს საშუალება ექნება, ხელი ჩამოართვას გამარჯვებულს. ერის გამთლიანებას ტყუილები და ფასადები არ უშველის. ამიტომაც კატეგორიულად მოვითხოვე აშშ-ში, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამ გზით კანონიერად და კონსტიტუციური გზით მოვიშორებთ სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. თუ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, იქნება პერმანენტული გამოსვლები, აქციები ხელისუფლების ძალადობის დასასრულებლად და სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ურჩხულის, თავიდან მოსაშორებლად.

მაგრამ ოპოზიციამ პარლამენტში საქმიანობაზე თვითონ განაცხადა უარი

- ეს აშშ-შიც მითხრეს. ხელისუფლების მანიპულაციით პარლამენტში იმდენი ადგილი არ არგუნეს ოპოზიციას, რაც რეალურად მიიღო. თუ ოპოზიცია გამარჯვების ღირსია და თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვებს, ნურავის შეეშინდება, რომ ქვეყანას დავანგრევთ. ოპოზიციას საპარლამენტო ხელისუფლება რომ აეღო, მერწმუნეთ, ძალიან კარგად ვმართავდით ქვეყანას. მას ჩამოვაცილებდით იმ პოლიციურ ძალადობრივ აპარატს, რომელიც ბატონობს ქვეყანაში. ხელისუფლების საკონსტიტუციო მანიპულაციის შედეგია, რომ ოპოზიცია ფორმალურად ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. Dდღეს, როდესაც პარლამენტში არც ერთ საკითხზე აღარ იმართება დებატები და ე. წ. ოპოზიცია ბიუჯეტს აძლევს ხმას, როგორღაა ის ოპოზიცია?!

ან საარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვა რა იყო?! უპირველესად თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, საზოგადოებას პასუხისმგებლობა ჰქონდეს არჩევანისა. სანამ პოლიტიკაში ვარ, არ დავუშვებ, რომ საზოგადოება არჩევნებს და თავის თავისუფლებას უპასუხისმგებლოდ ექცეოდეს. თუ სულიერად თვითონ არ გავთავისუფლდით, ისე  თავისუფალი ქვეყნის აშენებას ვერ შევძლებთ.

ყოველი დღე საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნისა, უფრო და უფრო დაამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას.

რუსეთის აგრესიასაც სააკაშვილს აბრალებთ?

- ეს კითხვაც დამისვეს აშშ-ში. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ომი გასული საუკუნის 90-იან წლებში გადავიტანეთ. კონფლიქტის გაყინვის შემდეგ ქართველი და ოსი ხალხების ინტეგრაციის პროცესი დაიწყო. შევარდნაძის პრეზიდენტობისას რაჭაში არაერთხელ ავსულვარ ცხინვალის გავლით, იქ ქართველებს არ ერჩოდნენ. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ დაიწყო გამალებული მილიტარიზაცია, არასწორი, ყოველგვარ დიპლომატიურობას მოკლებული რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენი მტერია, ისე უნდა ელაპარაკო, როგორც შენს ქვეყანას აწყობს და არა ისე, როგორც შენს სკამს სჭირდება. სააკაშვილის მტრული რიტორიკა 7 ნოემბრის შემდეგ გაძლიერდა, რადგან ჩათვალა, ნაციონალურ ლიდერობას დავემშვიდობეო. ერთადერთი გზა, რომ ისევ ნაციონალურ გმირად ქცეულიყო, ომი იყო. ომში რომ გაემარჯვა, სააკაშვილი მართლაც ნაციონალური ლიდერი გახდებოდა და ამას მივესალმებოდი კიდეც, მაგრამ ჩვენ დავმარცხდით. მარცხი რომ გათვლილი არ ჰქონდა პრეზიდენტს და აზრზე არ იყო, ვის ეომებოდა, ეს არის სწორედ ყველაზე დიდი უბედურება.

გია ბარამიძემ ჩვენთან რუსეთის მართულ ოპოზიციაზე ისაუბრა. თქვენი მოთხოვნები რუსეთის ინტერესების გატარებად რომ მოინათლოს, ამაზე არ გიფიქრიათ?

- ბარამიძე ჩემთვის პოლიტიკოსი კი არა, სკამის მონაა. როდესაც რუსეთის ინტერესების გამტარებელ ხალხზე ლაპარაკობს ხელისუფლება, მინდა  ვუთხრა, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, სწორედაც რომ რუსეთის ინტერესშია და ეს საქართველოს ხელისუფლების ხელით კეთდება. საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება უკვე ყველანაირ მორალს სცილდება. ამას მთელი ერის წინაშე ბოდიშის მოხდაც არ ეყოფა. მეტიც, ხელისუფლება ქვეყანაში, ხალხსა და ოპოზიციასთან დანაშაულებრივ პოლიტიკას ატარებს. რაც თავი მახსოვს,  საქართველო ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა.

სააკაშვილი დემოკრატიის ახალ ტალღასა და საპრეზიდენტო უფლებების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.

- ეს ყველაფერი ფასადია. საქართველო ავტორიტარული ქვეყანაა. აქ ისეთივე ბელადომანიაა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო. დემოკრატიის ახალ ტალღას მაშინ დავინახავთ, როდესაც სააკაშვილი მედიას გაათავისუფლებს. გადმოსცეს ტელეკომპანია «მზის» სიხშირე რომელიმე ჟურნალისტურ გაერთიანებას და ვანახვებ, რა დემოკრატიაა დღეს ქვეყანაში და როგორი ბიჭია სააკაშვილი. დაუბრუნონ «იმედი» კანონიერ მფლობელს  და ვნახოთ, რა იქნება!

როგორ შეატყვეთ, შტატებში აღარ ჰყავს მომხრეები?

- საჯაროდ არ ამბობენ ამას, მაგრამ იქ სააკაშვილი ცალკე ცნებაა და საქართველო - ცალკე. უჭირთ სააკაშვილის გადადგომაზე ლაპარაკი, რადგან რუსებმა თქვეს, სააკაშვილი უნდა წავიდესო და არ უნდათ რუსეთის მოთხოვნას მიემხრონ, მაგრამ ხელისუფლება რომ უნდა გამოიცვალოს, ამას კარგად ხედავენ. მე ვერ დაველოდები მოვლენებს.

ნოემბრის აქციებზე, რომელსაც ოპოზიცია გეგმავს, მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები იქნება?

- მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები. გააჩნია, ოპოზიცია რაზე შეჯერდება. პირადად მე ორივე არჩევნების ჩატარებას დავუჭერ მხარს.

არ გახსოვთ შარშანდელი 7 ნოემბერი? სააკაშვილი მაშინ არ წავიდა და...

- როგორ არ წავიდა! დესტაბილიზაციას ჩვენ არ დავუშვებთ. თუ სააკაშვილი ხალხს დაარბევს და ბათქაბუთქს ატეხს, მაშინ თვითონ იქნება დესტაბილიზაციის გამომწვევი და პასუხისგება მოუწევს. 7 ნოემბრის აქცია  გრანდიოზული  იქნება. მთელ მსოფლიოს ვანახვებთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და გვინდა ამ ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს.

ელით, რომ ხალხი ისევ მოვა ოპოზიციის აქციაზე?

- პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა რიგითი მოქალაქის პასუხისმგებლობაზე მეტია. ქვეყანაში არ უნდა დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, არ უნდა დავემგვანოთ აფრიკის სახელმწიფოებს, სადაც წარამარა გადატრიალებებია. ხომ არ შეიძლება ყველა ხელისუფლება გადატრიალებით შეიცვალოს? გვეყოფა, რა!  

ნოღაიდელისა და ბურჯანაძის ოპოზიციაში გადმოსვლას როგორ შეხვდით?

- მათ ხალხისთვის სიმართლის თქმა მოუწევთ. ორივე პასუხისმგებელია იმ ძალადობაზე, რაც ხელისუფლებაში მათი ყოფნისას ხდებოდა. უნდა თქვან, რა რატომ ხდებოდა ხელისუფლებაში, თუკი ეს ყველაფერი არ მოსწონდათ, რატომ რჩებოდნენ იქ.

გასული წლის შემოდგომაზე ბევრად კონსოლიდირებული იყო ოპოზიცია, ახლა დაქსაქსული ხართ. ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ირაკლი ოქრუაშვილი და გოგა ხაინდრავა საქართველოში არ არიან...

- საზოგადოება ნიჰილიზმიდან ვერ გამოვა, თუკი ოპოზიცია არ გაერთიანდება. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, როგორც აქამდე ვიდექით და პირად ამბიციაზე უარი ვთქვათ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ თავისუფალი არჩევნების დანიშვნას. გოგა ხაინდრავა ახლა აქ არ არის, რადგან დევნიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება და აქციებზე ჩვენთან ერთად იქნება. ირაკლი ოქრუაშვილი და გოგა ხაინდრავა ძალიან კარგად მუშაობენ საფრანგეთში. ვიცი, რომ ბევრ პოლიტიკოსს ხვდებიან და ევროპელ საზოგადოებას აცნობენ, რამდენად «კარგი» მდგომარეობაა საქართველოში. ირაკლის ტელეფონით ვესაუბრე, სტკივა გული იმაზე, რაც საქართველოში ხდება და ფიქრობს, როგორ და რა ფორმით შეიცვალოს ხელისუფლება.

ამბობენ, შესაძლოა, სააკაშვილმა ოპოზიციას კოალიციურ მთავრობაში საქმიანობა შესთავაზოსო. მიიღებთ ამ წინადადებას?

- სააკაშვილთან ომის ძალზე მძიმე Dდღეებში ვიყავი, ანტიკრიზისული მოქმედებების გეგმა გავაცანი. ვუთხარი, პროპაგანდამ გაკეთებულ საქმეებს არ დაასწროს. ჯერ საქმე გააკეთე და მერე გასწიე პროპაგანდა-მეთქი, მაგრამ... სააკაშვილს აღარ ვენდობი, მისი არ მჯერა.  მისთვის ჟანგბადივითაა საერთაშორისო მედიაში გამოჩენა. რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს იმისათვის, რომ სააკაშვილი სი-ენ-ენსა და ბი-ბი-სიზე გამოვიდეს?! ეს უაზრობა უნდა დასრულდეს. ამ კაცის ლაპარაკი კოალიციურ მთავრობაზე ტყუილი და ფასადის შექმნის მცდელობა მგონია. იპოვის ვიღაცებს, რომელთაც ოპოზიციონერებს დაარქმევს და იტყვის, კოალიციური მთავრობა შევქმენიო. ნამდვილი ოპოზიცია დღეს ვადამდელ, თავისუფალ არჩევნებს ითხოვს. მე ვერ შევწყვეტ პოლიტიკურ აქტიურობას, რადგან ვიცი, თუ ამ ქვეყანაში ყველაფერი ასე დავტოვე, მომავალი თაობები საფლავზე დამაფურთხებენ. სიმართლე გითხრათ, ხელისუფლებაში მოსვლის დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, მზად ვარ, ვემსახურო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხმა თავისუფლად იგრძნოს თავი.