უძრავ ქონებაზე ფასიც მცირდება და მოთხვონაც

უძრავ ქონებაზე ფასიც მცირდება და მოთხვონაც

საქართველოს ეროვნული ბანკში ადასტურებენ, რომ ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასების შემცირება შეიმჩნევა. პარალელურად მოთხვონამ იკლო როგორც იპოთეკურ სესხებზე, ასევე უძრავ ქონებაზე. მშენებლები ამას ლარის გაუფასურებას აბრალებენ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პროგნოზით, არსებული კრიზისის ფონზე, უძრავ ქონებაზე ფასების ისეთივე მკვეთრი კლება, როგორც ეს 2008 წლის კრიზისის დროს იყო, მოსალოდნელი არაა, რადგან ქვეყნის საბანკო სისტემა იპოთეკური სესხების გაცემას აქტიურად განაგრძობს, რასაც იპოთეკების სუბსიდირების პროგრამაც უწყობს ხელს.

„ვხედავთ, რომ ოდნავ შემცირებულია უძრავი ქონების ფასები, თუმცა არა მატერიალურად, რაც სავარაუდოდ განპირობებულია ბანკების მიერ იპოთეკური სესხების აქტიური დაკრედიტებით. თავის მხრივ, სახელმწიფო პროგრამაც ახდენს ამაზე გავლენას. სუბსიდირების პროგრამაც რაც ამოქმედდა, ერთ-ერთი ხელშემწყობია. უძრავი ქონების ფასების ვარდნა ორი მიმართულებით აისახება ფინანსურ სექტორზე, ეს არის პირდაპირი და არაპირდაპირი.

რა თქმა უნდა, საფინანსო სექტორზე გაცემული უძრავი ქონების სესხები არის საკმაოდ დიდი ზომის თუ ამ სექტორში შეიქმნა პრობლემები ის პირდაპირ ასახვას პოვებს ამ პორტფელის ხარისხზე. ასევე, არის არაპირდაპირი გავლენაც, რადგან სხვა სესხებშიც ხშირად უზრუნველყოფის სახით არის გამოყენებული უძრავი ქონება, ამ ქონების ფასის ვარდნა გააუარესებს სესხების ხარისხს და ნეგატიურად აისახება ამ სექტორზე.

პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დღეს, დაახლოებით, იპოთეკური სესხების 35-40% გადის.

კარგი იქნება პარალელი გავავლოთ უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ წინა კრიზისთან, რაც 2008-2009 წლებში იყო. მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ უძრავი ქონების ბაზარზე საფასო ბუშტს. გახსოვთ ალბათ 2006-2007 წლებში მკვეთრად იზრდებოდა უძრავ ქონებაზე ფასები, რის შემდეგაც 35%-იანი ვარდნა იყო“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ლეჟავამ.

ბოლო პერიოდში იპოთეკურ სესხების სუბსიდირების პროგრამაზე მოთხოვნის შენელებაც შეიმჩნევა და ეს კვლევებითაც დადასტურდა. „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი უცვლელია ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

დოკუმენტის მიხედვით, 1-28 სექტემბრის პერიოდში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +20% შეადგინა.

უძრავ ქონებაზე მოთხვონის შემცირება დიდწილად ლარის გაუფასურებას უკავშირდება. სექტემბრიდან მოყოლებული, რა დროიდანაც ლარი უფასურდებოდა, უძრავი ქონების ბაზარზეც პასიურობა შეიმჩნევა. კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორის ბესო ორთოიძის შეფასებით გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ ბაზარზე დადებითი მოლოდინი შექმნას.

ორთოიძის ინფორმაციით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ მომხმარებელი საგრძნობლად წაახალისა და მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნა შენარჩუნდეს, რისთვისაც მთავარი გარანტი ლარის კურსი უნდა გახდეს.

„იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ამით კრიზისის დაძლევა მოხერხდა. მომხმარებელი საგრძნობლად აქტიური იყო, თუმცა ბოლო პერიოდში სიტუაცია ნამდვილად შეიცვალა. ახლა გაცვლითმა კურსმა შექმნა დაბრკოლება და უკვე სექტემბრიდან დადებითი ტენდენციის შენარჩუნება გაგვიჭირდა. ეროვნული ვალუტის არასტაბილურობამ ბინებზე მოთხოვნა შეანელა და ეს ბუნებრივიცაა.

ლარის კურსი უძრავი ქონების ბაზარზე გაცილებით უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე პანდემია. კურსის ცვალებადობის დროს მომხმარებელი ყოველთვის თავს იკავებს უძრავი ქონების შეძენისგან და ელოდება ლარის დასტაბილურებას. ცხადია, ასეთ დროს იცვლება უძრავი ქონების ღირებულებაც. ისედაც კრიზისული ფონია და მოლოდინს ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

მთავრობა ცდილობს ლარის დასტაბილურებას და ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 100 მლნ დოლარიც მიაწოდა, მაგრამ ეს მდგომარეობას ვერ შველის. 1 დოლარი 3,20 ლარის ღირს და ტენდენცია მუდმივად გაუფასურებისკენაა.