როდის შეჩერდება ეკონომიკური ვარდნა? - ირგვლივ ყველგან დაძაბული ფონია

როდის შეჩერდება ეკონომიკური ვარდნა? - ირგვლივ ყველგან დაძაბული ფონია

კორონავირუსის პანდემიამ ქართული ეკონომიკა ძალიან დააზარალა და მდგომარეობა ჯერჯერობით არ უმჯობესდება. „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკა 5,3 პროცენტით შემცირდა. არსებული კრიზისისგან თავის დაღწევას დიდი დრო დასჭირდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმციით, მშპ-ს ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ვარდნამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც. უფრო კონკრეტულად კი ბიზნეს სექტორის ბრუნვა 6.9 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურად 7%-ით არის დაკლებული.

„მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენციაა. კლება იყო როოგრც საცხოვრებელი, ასევე არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობების, ასევე სამოქალაქო და სპეციალიზირებული დანიშნულების ნაგებობების მშენებლობაში.

სასტუმროებისა და რესტრონების მიმართულებით შემცირება მეტწილად დაკავშირებული იყო საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის შემცირებასთან. აგვისტოში 96%-ით, ანუ თითქმის 25-ჯერ შემცირდა საერთაშორისო არარეზიდენტების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. გასული წლის აგვისტოში 1.1 მილიონი იყო, 2020 წლის აგვისტოში ეს არ აცდენია 45 ათასს.

ტრანსპორტის სექტორში კლება მეტწილად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის სექტორის ფუნქციონირებასთან. შემცირდა ასევე სატრანსპორტო ტვირთების დამუშავების და შესაბამისი მომსახურების გაწევით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობა.

ვაჭრობის სექტორში კლება ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებამ. 37%-ით შემცირდა ამ დარგის რეექსპორტის მაჩვენებელი, შემცირდა ასევე საცალო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით, ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით. შემცირდა ასევე ალკოჰოლური სასმელებით საბითუმო ვაჭრობა, რაზეც რასაკვირველია, იმოქმედა ტურისტების რაოდენობის შემცირებამ“, - განაცხადა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ.

ჯერჯერობით ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავასთვის მიმდინარე ტენდენცია მოსალოდნელი იყო, მაგრამ დადებითი არის ისიც, რომ ამ შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება.

„აგვისტოში არის მინუს 5,3 პროცენტი, ივლისში იყო მინუს 5,5%, ივნისში - მინუს 7,7%, მაისში მინუს 13,5% და ა.შ. ეს მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკის კლების ტემპი შემცირდა. აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა. წლის ბოლომდე კლების ტემპი ორჯერ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, ხოლო მომავალი წელი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება“, - აღნიშნა თურნავამ.

რაც შეეხება მთელი წლის პროგნოზს, აქ უკვე ყველა თანხმდება, რომ მშპ დაახლოებით -5%-ით შემცირდება. ეროვნული ბანკიც სწორედ ასეთ ვარაუდს გამოთვამს და მიზეზებსაც განმარტავს.

„პანდემიის სწრაფი გავრცელების შეკავებისთვის შემოღებული შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე უარყოფითად აისახა.  სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებული ვირუსის მეორე ტალღა და ვაქცინის შექმნის თარიღის გარშემო არსებული გაურკვევლობა. აღნიშნულის საფუძველზე მოსალოდნელია ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებისა და მკაცრი რეგულაციების გახანგრძლივება, რაც ტურიზმს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პარტნიორობით დაგეგმილი მოცულობითი ფისკალური სტიმული მძიმე შოკის შედეგებს ნაწილობრივ დააკომპენსირებს და პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. გლობალური პროგნოზის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები გაურკვევლობის მაღალი დონით ხასიათდება“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.