კვირის დასაწყისიდან მოყოლებული ლარი მკვეთრად მყარდება. ეროვნული ვალუტა თანდათან უბრუნდება იმ ნიშნულს (3.08), სიადანაც მისი თავბრუდამხვევი გაუფასურება დაიწყო. ვინ და რა არის დამნაშავე სექტემბრის დევალვაციაში, არ სახელდება. არც ისაა ცნობილი რა ამყარებს მკვეთრად გაუფასურებულ ვალუტას ამ ეტაპზე.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ სავალუტო ბაზარზე ქაოსი იყო და პროგნოზს ვერავინ აკეთებდა. ფაქტია, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს სადავეები ხელიდან გაექცა და კურსი ყველასთვის მოულოდნელად დაეცა. სანამ ვითარების გამოსწორების გზები დაისახებოდა, ქვეყანაში ინფლაციური პროცესები დაიწყო - გაძვირდა საწვავი, ფქვილი, იმპორტირებული პროდუქცია, საფრთხე შეექმნა პურის ფასს.
მდგომარეობის შედარებით გამოსწორებას რამდენიმე დღე დასჭირდა და ორშაბათიდან მოყოლებული ლარმა გამყარებისკენ აიღო გეზი. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ტენდეცია დადებითია, კითხვის ნიშნები ისევ და ისევ რჩება.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, ახლა ლარის კურსის სტაბილიზაციის ობიექტური მიზეზი, უბრალოდ, არ არსებობს. ხელისუფლების ამოცანა დღეს არა ლარის სტაბილიზაცია ან ეკონომიკის გაჯანსაღება, არამედ არჩევნების წინა პერიოდის გადაგორებაა.
„ჩაასხეს ფული... ობიექტური მიზეზი ლარის კურსის სტაბილიზაციისა, უბრალოდ, არ არსებობს. ერთადერთი ობიექტური ფაქტორია იმპორტ-ექსპორტის ნულოვანი სალდო, სხვა ყველაფერი კი - ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები, „ქეშის“ შემოდინება ემიგრანტებისგან, არის სუბიექტური მიზეზები, რომლებიც შეიძლება, იყოს, შეიძლება, არ იყოს. მათ შორის იმან, რომ ტურიზმიდან სავალუტო შემოსავალი არ გვქონდა, გამოიწვია დეფიციტი სავალუტო ბაზარზე.
გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელი ქვეყანა ვართ, სუბიექტურ ფაქტორებს - ტურიზმს და ა.შ. როგორც კი ექმნება პრობლემა, მაშინვე იწყება დეფიციტი, მოთხოვნა ბევრად აჭარბებს მიწოდებას და შესაბამისი პროცესი მიდის. ხელისუფლების ამოცანა დღეს არ არის არც ლარის სტაბილიზაცია და არც ეკონომიკის გაჯანსაღება. მათი ერთადერთი ამოცანაა - როგორმე არჩევნებამდე მიაგორონ და მერე ან ვირი მოკვდება, ან - ვირის პატრონი“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ხუხაშვილმა.
მართალია ამჯერად ეროვნული ვალუტა პოზიციებს იუმჯობესებს, მაგრამ ფინანსისტებს იმედი მაინც არ აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ ლარი საბოლოოდ მაინც გაუფასურებისთვისაა განწირული.
მოკლევადიან პერიოდში ლარის საგრძნობ გამყარებას გამორიცხავს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე. მას ასეთი პოზიციის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტორი, რომ ლარის სტაბილურობას ფუნდამენტური საფუძველი არ აქვს და ჯერჯერობით მხოლოდ ხელოვნური ჩარევის შედეგად მყარდება.
„წინა პერიოდში დიდი იყო ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა ლარზე და გაუფასურებაში ამან დიდი წვლილი შეიტანა. ლარს ახლა შეიძლება სული მოუბრუნეს, მაგრამ ფუნდამენტური ფაქტორები დღეს, პრაქტიკულად, მის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ეს არის მიმდინარე ბალანსის დეფიციტი, რომელიც დაახლოებით 10%-მდე გაიზარდა. ასევე ადგილი აქვს ეკონომიკური ზრდის ვარდნას და სხვა ნეგატიურ პროცესებს ეკონომიკაში, რაც კურსზე უარყოფითად აისახება. ამიტომაც ლარის ძლიერ გამყარებას არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა თუთბერიძემ.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებამდე გაცვლითი კურსი 3.15-3.20-ის ფარგლებში დასტაბილურდება.