„სპეცსამსახურებმა სააკაშვილის იზოლირება უნდა მოახდინონ“

„სპეცსამსახურებმა სააკაშვილის იზოლირება უნდა მოახდინონ“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს. როგორც „რეზონანსი“ იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

„არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. საჯარო განცხადება არ ყოფილა ამის შესახებ, რადგან როცა რაიმე საჯარო განცხადება კეთდება, ყველაფერი ოფიციალურ ვებ-გვერდზე იდება. ეს ალბათ შიდა ინფორმაცია გაქვთ. სხვა არაფერი შემიძლია გითხრათ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ.

გამოცემის ცნობით, 2009 წელს პრეზიდენტმა სამთავრობო რეზიდენციები გასაყიდად გაიტანა. საპრივატიზაციო ნუსხაში ბათუმისა და ზუგდიდის რეზიდენციები მოხვდნენ, წეროვანის რეზიდენცია კი საბავშვო ბაღად გადაკეთდა. თუმცა 4 წლის წინ გასაყიდად გატანილი ზუგდიდის რეზიდენცია კვლავ პრეზიდენტის განკაგულებაშია. 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ზუგდიდში სტუმრობის დროს, იგი საკუთარ რეზიდენციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რაიონის გამგებელს და შპს „ანაკლია-განმუხურის რესორტის“ დირექტორს შეხვდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს აქვს სრული უფლება და ვალდებულება, რეგიონებში ჩავიდეს და ამაში გასაკვირი არაფერია.

„პრეზიდენტს არც ავლაბარში, არც ზუგდიდში და არც ბობოყვათში, კერძო, საკუთარი სახლი არ აქვს. ეს არის საქართველოს საკუთრება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციები. მას აქვს სრული უფლება და ვალდებულებაც კი, რომ ჩავიდეს რეგიონებში და გარკვეული დრო დაჰყოს აქაც, იქაც და ყველგან. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარი საუბრები პრეზიდენტის რეზიდენციებზე, გეგონება, ეს იყოს მისი პირადი, როგორც ივანიშვილი იტყოდა, „დაჩები“, არის აბსოლუტური სისულელე და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. პრეზიდენტს აქვს ერთი სახლი ყვარელში, დანარჩენი არის სახელმწიფო რეზიდენციები. ვერაფერს უცნაურს ვერ ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაჩერდეს ზუგდიდშიც, მესტიაშიც, იყოს თავის სახლში ყვარელში, ბობოყვათში, იყოს სადაც გნებავთ. ეს არის მისი და არა მხოლოდ სურვილი და უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ არ გამოიკეტოს ერთ შენობაში და ერთ სახლში, როგორც ზოგიერთები აკეთებენ. არა მთელი საქართველო დაიბაროს თავისთან სახლში, არამედ თვითონ ჩავიდეს მაქსიმალურად ყველგან, სადაც შეუძლია“,- განმარტა გოკა გაბაშვილმა.

შესაძლებელია თუ არა, რომ პრეზიდენტი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს მისი ეს ნაბიჯი? ხომ არ ფიქრობს სააკაშვილი, რომ სამეგრელოში ძალებს მოიკრებს და როგორც 2003 წელს იქიდან ტრიუმფით ჩამოვიდა, ახლაც შეძლებს ამის გაკეთებას და საერთოდ, რა შეიძლება გახდეს მის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი? ამასთან დაკავშირებით for.ge პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მართავს პრეზიდენტი ქვეყანას, რადგანაც უკვე დიდი ხანია მართვის პულტი მას ჩამორთმეული აქვს.

„ზუგდიდში იქნება, თბილისში, დუბაიში თუ სან-ტროპეში, ჩვენდა საბედნიეროდ, ამას ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ის კი ცდილობს, რომ რაღაცნაირად, ასე ვთვათ, იხმაუროს და ბოლი დააყენოს, მაგრამ ეს ღრმად არასერიოზულია. ამით მხოლოდ და მხოლოდ თვითონ იქმნის პრობლემებს. თუ ეს მისი არჩევანია, ეს გემოვნების საკითხია“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან დიდი უგუნურება იქნება, თუკი იგი ამ ნაბიჯით პოლიტიკური კრიზისის გამოწვევას შეეცდება, რადგან ეს იქნება სახელმწიფოებრივი კრიზისი. ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ასეთ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ქართველი ხალხი მას იმ იმუნიტეტზეც უარს ეტყვის, რასაც დღეს მოთმინებით შეჰყურებს. ამიტომ ექსპერტი მიხეილ სააკაშვილს ურჩევს „თავს გაუფრთხილდეს“.

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა არ ფლობს ინფორმაციას, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მართლაც ზუგდიდში გადასვლას, მაგრამ აქვე დასძენს, რომ სააკაშვილი გარკვეულ რადიკალურ და პროვოკაციულ ნაბიჯებზე მიდის.

„ჩემი შეფასება ასეთია - პრეზიდენტი ძალიან საშიშ თამაშზე მიდის და ეს არის ვა-ბანკის თამაში. თვითონ ალბათ კონტრ-რევოლუციის იმედი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ამ თამაშს წააგებს, ის უკვე არა კოჰაბიტაციის პროცესში (როგორც თვითონ უყვართ ეს ტერმინი) დატოვებს პრეზიდენტის პოსტს, არამედ შესაძლოა, მსჯავრდებულის სტატუსით დატოვოს ეს თანამდებობა“, - აცხადებს კუკავა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილს ახლა აქვს გარკვეული გარანტიები როგორც ქვეყნის ხელისუფლებისგან, ასევე დასავლეთისგან, რომ როგორც პრეზიდენტმა თავისი ვადა ამოწუროს, შესაძლოა ამგვარი გამწვავების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგეს მისი სამართლებრივი იძულების საკითხი. ეს შეიძლება იყოს, იმპიჩმენტი, გასამართლება ან სხვაგვარი აღმკვეთი რონისძიება.

„ბუნებრივია, ჩვენ ყველანი ვხვდებით, ზუგდიდში გადასვლა რა ინსინუაციებს უკავშირდება. პირდაპირ ჩნდება სამოქალაქო ომის ასოციაციები. მე დღევანდელი მთავრობის მომხრე არ ვარ და პირიქით, მათ ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა არსებობდეს. საუბარია იმაზე, უნდა დაბრუნდეს თუ არა ქვეყანა 90-იან წლებში. მე ვფიქრობ, რომ თუ ამის რისკი გაჩნდება, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა პირდაპირი ბრძანება უნდა მიიღონ და სააკაშვილის იზოლაცია უნდა მოახდინონ“, - აღნიშნავს კახა კუკავა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ რეალურად დღეს მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას არ მართავს, იგი საქმიანობს, როგორც ოპოზიციონერი და თუ ზუგდიდში აპირებს გადასვლას, იქიდანაც როგორც ოპოზიციონერი ისე ისაქმიანებს. მიიღებს თუ არა ასეთ არაორდინარულ გადაწყვეტილებას სააკაშვილი, ამაზე ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ პრეზიდენტის უცნაური გადაწყვეტილებები საყოველთაოდ ცნობილია და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუმცა რას გადაწყვეტს სააკაშვილი, სად და როგორ გააგრძელებს თავისი უფლება-მოსილების განხორციელებას, ძიძიგურის თქმით, ამის პროგნოზირება შეუძლებელი და, საერთოდაც, უმადური საქმეა.

„არ მგონია, რომ პროცესების გამწვევება შედიოდეს ან სააკაშვილის ინტერესში, ან მისი პარტიის ინტერესში, ან ქვეყნის და ან საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ინტერესში. გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს, ამის პროგნოზირება არ შემიძლია, მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მისი ქმედებები ზღვარს გადასული ადამიანის და არა სახელმწიფო მოხელის ქმედებებს ჰგავს“, - აცხადებს ზვიად ძიძიგური.