ბრძოლა პურის ფასის შენარჩუნებისთვის - სადამდე იქნება საკმარისი რესურსი?

ბრძოლა პურის ფასის შენარჩუნებისთვის - სადამდე იქნება საკმარისი რესურსი?

საქართველო სრულად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანა 100%-ით რუსულ მარცვლეულს მოიხმარს. სწორედ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მარცვლეული ძვირდება საგრძნობლად, რაც გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. ასეთ პირობებში კი ყოველდღიურად მიმდინარეობს მსჯელობა პურპროდუქტების გაძვირებაზე ანდა ფასის როგორმე შენარჩუნებაზე.

მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი საკმარისია, რაც პურს ფასის შენარჩუნებაში დაეხმარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ცნობით, მთავრობა პურის ფასს სრულად აკონტროლებს.

„ამ მომენტში ჩვენ სრულად ვაკონტოლებთ ფასს პურზე. ესაა ყველაზე მგრძნობიარე საკითხი და მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით მინდა განვუცხადო, რომ არ ველოდებით ფასის ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წნეხია. 100 ათას ტონაზე მეტია ინდუსტრიული მარაგი წისქვილებში და ამას ემატება ადგილობრივი მარცვლეული, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფქვილის ფასი იყოს სტაბილური და არ ჰქონდეთ მეპურეებს პურის გაძვირების წინაპირობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მარცვლეულის გაძვირებასთან ერთად პურის ფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, ძირითადად, ლარის კურსის ცვლილებამ განაპირობა და ახლა პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები გაზრდილი დანახარჯების პირობებში მოგების შემცირების ხარჯზე ახერხებენ.

„ლარის გაუფასურების გამო პროდუქტებზე ფასები შეიცვალა. 1 ტომარა ფქვილი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე 2 ლარით გაძვირდა. ამასთან, პანდემიის გამო საწარმოებში ხდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პური იყიდება შეფუთული ფორმით და შესაფუთი მასალის ღირებულება ერთ პურზე 10 თეთრია, ეს ყველაფერი საწარმოებზეც მოქმედებს. ფასის შენარჩუნება ხდება მოგების შემცირების ხარჯზე. პურპროდუქტების სფეროში უკვე ძალიან ბევრი კომპანია გაჩერდა, მაგრამ ბევრიც მუშაობს.

პურზე წამდაუწუმ ფასების შეცვლა არასერიოზულია, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ წარმოებებში ეს საკითხიც განიხილება, ალბათ 5 ან 10 თეთრით შეიძლება შეცვალონ ფასი. თუმცა, კონკრეტულად არ ვიცი როდიდან, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, დაძაბული სიტუაცია, მეზობელ ქვეყნებში ომი დაიწყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პურის მწარმოებლები ფასის შეუცვლელად შემცირებული მოგებით და გაძვირებული ფასების პირობებში საქმიანობის გაგრძელებას, დაახლოებით, 2 თვე ან თვენახევარი შევძლებთ“, - განუცხადა „ბიპიენს“ მალხაზ დოლიძემ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული ნედლეულის მარაგები ჯერჯერობით, პურის ფასის შენარჩუნებას უზრნველყოფს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ხორბალი პურის ქარხნებს წისქვილ-კომბინატებიდან სტაბილურად, ძველი ფასით მიეწოდება.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, ასოციაციაში ამბობენ, რომ პურის ფასის ცვლილება სამომავლოდ შემოტანილი ნედლეულის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული.

„ფქვილის ფასი გაძვირებული არ არის, შესაბამისად, დიდი წისქვილკომბინატებიდან პურის დიდ ქარხნებს ფქვილი სტაბილურად იგივე ფასად მიეწოდება, ამ საშუალო შეწონილი ტარიფის მიხედვით დაახლოებით თვენახევარი ვიმუშავებთ“, - აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ თუკი ახალი შემოტანილი ხორბალი ფქვილის 1-2 ლარზე მეტად არ გააძვირებს, ეს საბოლოო პროდუქტისთვის კრიტიკული ფასი არ იქნება.