მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები საქართველოს ეკონომიკას საგრძნობ ზარალს მიაყენებს. პირველ რიგში შემცირდება ინვესტიციებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი. პრობლემა შეექმნება ლარის გაცვლით კურსს, ექსპორტს, სავაჭრო ბალანსს. ამ ეტაპზე, სპეციალსიტები ვერ აკონკრეტებენ, დაახლოებით რა მოცულობის ზარალი შეიძლება მიადგეს ქვეყანას, მაგრამ პანდემიის ფონზე კრიზისში ჩაძირული ეკონომიკისთვის ეს დიდი დარტყმა იქნება.
მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტის გავლენაზე საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში, საუბრობს რონდელის ფონდის მკვლევარი ვალერი ჩეჩელაშვილი, რომლის აზრითაც კონფლიქტის შედეგად, მნიშვნელოვანი ზარალი იქნება სამი მიმართულებით - საინვესტიციო მიმზიდველობა, ექსპორტი და იმპორტი.
„არის სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად საყურადღებოა: პირველი პრობლემა - კონფლიქტის განახლების შედეგად, რა თქმა უნდა, მთლიანად რეგიონი კარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ინვესტიციების პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ ეკონომიკაში.
მეორე პრობლემა - ამ კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანსა და სომხეთში მსყიდველობითუნარიანობა მცირდება, ეს შეუქმნის დამატებით პრობლემებს ჩვენს ექსპორტს - როცა არის ომი, ღვინისთვის და ავტომობილებისთვის არავის სცალია.
მესამე პრობლემა - გაზის მოწოდების მხრივ მთლიანად აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული, იქ რომ ამ საომარი მოქმედების შედეგად რაღაც შეფერხება მოხდეს, შესაბამისად, ეს ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნის“, - აღნიშნა „ბიემთან“ საუბრისას ჩეჩელაშვილმა.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე კი პირდაპირ ამბობს, რომ თუკი ორ სახელმწიფოს შორის ომი დიდხანს გაგრძელდება, მთელი რეგიონი ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კოლაფსში ჩაიძირება.
„მოვლენები უკვე სახიფათო სახეს იღებს, რადგანაც შეტაკების მასშტაბი საკმაოდ დიდია. კონფლიქტში სერიოზული ძალებია ჩართული. თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდა, იმას ნიშნავს, რომ უკვე შეუქცევადი პროცესები იქნება და კარგა ხანს ჩაიძირება მთლიანად მთელი რეგიონი ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კოლაფსში“, - განაცხადა არეშიძემ.
რასაკვირველია, თუ კონფლიქტი დროში გაიწელება, საქართველოს ეკონომიკა დიდ დარტყმას მიიღებს. პირველ რიგში, ეს ეხება სავაჭრო ურთიერთობს, ხოლო შემდგე უკვე ლარის გაუფასურების მხრივაც გაჩნდება დამატებითი პრობლემა. ეკონომისტ ზვიად ხორგუაშვილის შეფასებით, სამომავლოდ ამ ორი ქვეყნიდან ტურისტული ნაკადებიც მნიშვნელოვნად შემცირდება.
„სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს მეზობლების გარდა, ეკონომიკური პარტნიორები არიან. შესაბამისად, კონფლიქტს საკმაო გავლენა ექნება საქართველოს და მთლიანად რეგიონის ეკონომიკაზეც. ვიცით, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოდის. მართალია, მიმოსვლა შეღუდულია ეპიდემიის გამო, მაგრამ კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, ამ მიმართულებით ტურისტული ნაკადები სამომავლოდაც მნიშვნელოვნად შემცირდება.
როცა საომარი მოქმედებაა ორ ქვეყანას შორის, ვაჭრობა შემცირდება, ცხადია, ლარის კურსზეც აისახება. შეიძლება კონკრეტულ მოცემულობაში კურსი გამყარდეს, მაგრამ სხვა თანაბარ პირობებში, მაგალითად მსყიდველობითი უნარის შემცირება ექსპორტზეც აისახება როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებითაც. მთლიანობაში, ეს არის რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური და საინვესტიციო რისკი და გაცვლით კურსზეც უარყოფითად აისახება“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.