გიორგი ვაშაძე: პროვოკაციული ქმედებები წახალისებულია ერთადერთი მიზეზით - არ ვისაუბროთ კორონავირუსზე

გიორგი ვაშაძე: პროვოკაციული ქმედებები წახალისებულია ერთადერთი მიზეზით - არ ვისაუბროთ კორონავირუსზე

სამწუხაროდ, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები წახალისებულია. ეს მათ აწყობთ ერთადერთი მიზეზით - არ ვისაუბროთ კორონავირუსზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან კომენტარი ბოლო დღეებში ქვეყანაში საარჩევნო პრცესებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებზე გააკეთა. ვაშაძე დარღვევების წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„როდესაც მსგავსი რამ ხდება, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და რატომ? - როდესაც შენ გყავს სამართალდამცავი ორგანოები, პოლიცია და ის რეაგირებას არ ახდენს ასეთ ფაქტებზე, არცერთზე არ მოახდინა რეაგირება, რაც მოხდა, დაწყებული ბოლნისიდან სხვა რაიონებით გაგრძელებული, აგერ ავლაბრის მეტროსთან, აგერ ჩვენთან, პლაკატების გაკვრის დროს რაც მოხდა ინციდენტები, სამწუხაროდ, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები წახალისებულია. ეს მათ აწყობთ ერთადერთი მიზეზით - არ ვისაუბროთ კორონავირუსზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლაშა გოგნიაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.