ბევრი აცნობიერებს უკვე რასთან აქვს საქმე. გახსოვთ, 27 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს დეპრესიაში ჩავარდნილი ადამიანების ვიდეოები რომ იდებოდა, ტიროდნენ ეს რა დაგვემართაო. ანუ ამ ადამიანებს უცხოელებმა დააჯერეს, აძლევდნენ იმედებს, რომ ჩვენ გაგამარჯვებინებთ თქვენ, პატარა ჯგუფს და ფაქტობრივად პირობას აძლევდნენ, რომ აქ აპარტეიდს დაამყარებდნენ და უმცირესობას მოიყვანდნენ ხელისუფლებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხვდება, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ მათ რცხვენიათ იმის თქმა, ვის მისცეს ხმა.
„გახსოვთ თქვენ არჩევნების დღეს, რომ იძახდნენ რიგებია და საცობებიაო, ჩვენი ამომრჩევლები არიანო; დიახ, იყო რიგები, დიახ იყო საცობები და ეს იყო ქართველი ხალხი, რომელიც გამოვიდა და უთხრა უარი დიპლომატების დანიშნულ ხელისუფლებას. ამაზე ჰქონდათ მეორე დღეს ფრუსტრაცია, მიხვდნენ რომ დამარცხდნენ და მერე წავიდა როგორც ხდება ხოლმე ხავსზე მოკიდება, რომ ვაიმე იქნებ 300 000 ადამიანი არსაიდან, ზეციურად მოსული რაღაც ამომრჩეველი იყო, ვაიმე იქნებ პირადობის მოწმობა ორჯერ გაატარეს, იქნებ იმის ჩარევა იყო, იქნებ რაღაცამ გაჟონა და იყო ასე ხავსზე მოკიდება. ეს ჩვეულებრივი სტადიები არის დეპრესიისა, როდესაც ჯერ შოკი გაქვს, არ იღებ ამ ყველაფერს შოკის შემდეგ, უარს ამბობ და არ იჯერებ და საბოლოო ჯამში იაზრებ რა არის ჭეშმარიტება და მე მგონი დიდი ნაწილი ზუსტად ამას მიხვდა. რეალობა ის არის რომ ოპოზიციური ელექტორატი არჩევნებში დამარცხდა, იმიტომ რომ არასწორი პარტიები აირჩიეს და ამას რომ ხვდებიან, ამას ადასტურებს ერთი გარემოება: ჰკითხეთ ამ ე.წ. გულწრფელ მოქალაქეებს, ვის მისცეს ხმა - არავინ არ გიპასუხებთ, რადგან სინამდვილეში გულის სიღრმეში ყველას რცხვენია იმ არჩევანის გამო, რაც გააკეთეს. როგორ შეიძლება არ გრცხვენოდეს სააკაშვილს პარტიას რომ მისცემ ხმას, როგორ შეიძლება არ გრცხვენოდეს ნიკა გვარამიას რომ მისცემ ხმას. ოფიციალურად თაღლითები არიან, საქართველოს სასამართლომაც და არბიტრაჟმაც დაამტკიცა უცხოეთში რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან თაღლითები და ფული გადაახდევინეს ბიუჯეტში და როგორ შეიძლება თაღლითების პარტიას მისცე ხმას. როგორ შეიძლება გახარიას მისცე ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ელჩის მითითებით წავიდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.