შალვა პაპუაშვილი: აშშ-ში არაფორმალური მმართველობის შესუსტება პირდაპირ პროპორციულად აისახება ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე

შალვა პაპუაშვილი: აშშ-ში არაფორმალური მმართველობის შესუსტება პირდაპირ პროპორციულად აისახება ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე

არაფორმალური მმართველობის შესუსტება ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირ პროპორციულად აისახება ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, არაფორმალურ მმართველობასთან მიმდინარე ბრძოლა, რომელიც ტრამპმა გამოაცხადა არის ისეთ ფაზაში, რომ ზოგიერთი მოსამართლე, რომელსაც ისინი კორუმპირებულ მოსამართლედ მოიხსენიებენ აშშ-ში ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ახალი ადმინისტრაცია იღებს.

„ეს არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომელიც ტრამპმა გამოუცხადა ოლიგარქიულ არაფორმალურ მმართველობას ე.წ. „დიფს სთეითს“. საქართველო ამ მხრივ არის ძალიან კარგი ტესტი და ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ ვნახოთ რამდენად შესუსტდება არაფორმალური მმართველობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირდაპირ პროპორციულად ეს შესუსტება არაფორმალური მმართველობისა აისახება ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ჩვენ გეგმებს არ ვაწყობთ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. ეს გვასწავლა მათ შორის სამმა წელმა.

ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ევროკომისიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის და ევროპელი ბიუროკრატებისთვის, დაგვეწესებინა სანქციები, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა და ამ ბიუროკრატიის პრეს-სპიკერი დღეს გამოდის და მორალს უკითხავს ქართველ ხალხს. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბიუროკრატებისთვის ბრიუსელიდან და დაგვეწესებინა სანქციები, შემოგვეღო ვიზები, ჩაგვეკეტა ცა, ანუ წავსულიყავით ესკალაციაზე, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა თქვა, რომ მანამ, სანამ უკრაინაში მიმდინარებს ომი, ლატვიის უსაფრთხოება დაცულია, რაც ყველაზე ცალსახა ილუსტრაციაა იმ ამორალური პოლიტიკისა, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მიმართ ხორციელდება ამ ქვეყნების მხრიდან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„შეგახსენებთ ასევე, რომ არა მხოლოდ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ლატვიის პრეზიდენტი მოგვიწოდებდა დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. თავად ლატვია, რომელიც თბილად არის ნატოს ქოლგის ქვეშ, ჩვენ საქართველოს, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდა, რომ წავსულიყავით ესკალაციაზე. რომ დაგვეჯერებინა ლატვიის პრეზიდენტისთვის, დაგვეჯერებინა სხვა პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მოგვიწოდებენ ესკალაციისკენ, დღეს საქართველო იქნებოდა ნაომარი, დანგრეული ქვეყანა, რომელზეც მერე გამოვიდოდნენ იგივე პოლიტიკოსები საზღვარგარეთ და იტყოდნენ რაიმე ლამაზ-ლამაზ სიტყვებს, როგორ გაქრა დედამიწის პირიდან ეს მშვენიერი ერი თავისი კულტურით და სადმე მუზეუმში გამოგვიყოფდნენ ალბათ ადგილს იმისთვის, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი კულტურისთვის და ჩვენი ხსოვნისთვის. იმ მომენტში, როდესაც ლატვიის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დაუწესეთ სანქციებიო, ფიქრობდა იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება ასეთ უპასუხისმგებლო მოწოდებებს ჰქონოდა? - არ ფიქრობდა. ამიტომ ეს არის ამოსავალი წერტილი. ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ამისი ილუსტრაცია მოხდა, რომ არავინ ჩვენი ინტერესებით არ ფიქრობს დედამიწის ზურგზე გარდა ჩვენი ხალხისა და მისი არჩეული ხელისუფლებისა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მოქმედებებზე ისაუბრა.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია და ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის პოზიცია და არა ცალკეული კონგრესმენის დამოკიდებულება. კონგრესმენ ჯო უილსონს ვგულისხმობ, რომელიც USAID-გან ელის სტრატეგიას საქართველოზე, თაღლითი ორგანიზაციისგან. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფასებს ამ ორგანიზაციას თაღლითად, ხურავს მას და ჯო უილსონი ამბობს, რომ სტრატეგიები საქართველოსთან დაკავშირებით მან უნდა დაწეროს. ჯო უილსონი, რომელიც წელს იანვარში ლორა თორნტონთან ერთად მართავდა ერთობლივ ღონისძიებას საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ის ლორა თორნტონია მაკკეინის ინსტიტუტიდან, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს. ერთი მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ კონგრესმენი უილსონი არის რესპუბლიკელი პარტიის წარმომადგენელი, მეორე მხრივ, მისი ნაბიჯები არის აბსოლუტურად ტრამპის საწინააღმდეგო ნაბიჯები. ის მხარს უჭერს USAID-ს, ის ერთობლივ ღონისძიებებს აწყობს ლორა თორნტონთან, მაკკეინის ინსტიტუტთან, რომელიც ტრამპს მოიხსენიებს სექსუალურ მოძალადედ. ასეთ ადამიანებთან არის საქმე. ამიტომ ვამბობ, რომ ეს აქტი [„მეგობარი აქტი“] არის მხოლოდ ხმაურისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.