ზაალ ანჯაფარიძე: ყველაზე კარგი შემაკავებელი ამომრჩეველია, რომელიც ძალადობის მოყვარულ პარტიებს არჩევნებზე გასცემს პასუხს

ზაალ ანჯაფარიძე: ყველაზე კარგი შემაკავებელი ამომრჩეველია, რომელიც ძალადობის მოყვარულ პარტიებს არჩევნებზე გასცემს პასუხს

პარტიებმა „ქცევის კოდექსს“ მოაწერეს ხელი და მისი პირობების დაცვა ივალდებულეს, თუმცა ვხედავთ რომ ხელმოწერიდან საკმაოდ მალე საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა ძალადობის რამდენიმე ფაქტი. რას შეიძლება ეს დავუკავშიროთ?

ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და თუ ქცევის კოდექსს და მის მოთხოვნებს ნახავთ, იქ მკაფიოდ წერია რომ ხელმომწერი პარტიები
პატივისცემთ ეპყრობიან კონკურენტი პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების უფლებას, არ უშლიან ხელს კონკურენტების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას, და რაც მთავარია, შავით თეთრზე წერია რომ ხელმომწერი პარტიები არ განახორციელებენ კონკურენტი პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე საკუთარი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მობილიზებას და დაპირისპირებას და დაგმობენ ასეთ ფაქტებს.
არადა, იმ გახმაურებელ შემთხვევებში, სწორედ რომ საპირისპირო მოხდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პარტიების ლიდერებმა კი მოაწერეს ხელი, მაგრამ დაბალი და საშუალო რგოლის აქტივისტები, ეტყობა, არ იცნობენ არც ამ ფაქტს და მითუმეტეს ქცევის კოდექსს.
ვფიქრობ, პარტიების მოვალეობა მარტო დოკუმენტზე ხელმოწერა კი არ იყო, არამედ ისიც, რომ რიგითი წევრებისთვის მკაფიოდ აეხსნათ, თუ რას გულისხმობს ქცევის კოდექსი და რისგან თავის შეკავებას მოუწოდებს მათ.
მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ კონკრეტული პარტიები ცდილობენ წინასაარჩევნოდ ტემპერატურის აწევას, მეორე მხარის პროვოცირებას და ძალდობრივი აქტების გამოწვევას. ესეც გვინახავს წინა არჩევნებზე.
ვფიქრობ, სწრაფი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიაა, აუცილებელია, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოხდეს. ჩემი ნება რომ იყოს, იმ პარტიას რომელსაც, სამჯერ და მეტად დაუმტკიცდება ძალადობის ინიცირება, უნდა მოიხსნას არჩევნებიდან.

როგორ ფიქრობთ გარდა იმისა, რასაც კანონმდებლობა და ქცევის კოდექსი ითვალისწინებს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ძალადობის ფაქტები აღიკვეთოს.

მთავარია ადამიანების მენტალობაში მოხდეს გარდატეხა, რაც გულისხმობს არჩევნების დროს ძალადობის არდაშვებას მისი ყოველივე ფორმის გამორიცხვას, რაოდენაც დიდი არ უნდა იყოს ცდუნება, რომ ძალისმიერი გზით გადაწყვიტო პრობლემები და ამწუთიერი შედეგი მიიღო. პარტიების ხელმძღვანელობამ მეტი უნდა იმუშაოს პარტაქტივთან ამ მიმართულებით. თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტიისათვის ეს სიტყვები, ალბათ, მგლის თავზე სახარების კითხვას ნიშნავს. ასეთია ჩვენი სამწუხარო პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური რეალობა.
ვფიქრობ, ყველაზე კარგი შემაკავებელი თავად ამომრჩეველია, რომელიც ძალადობის მოყვარულ პარტიებს არჩევნებზე გასცემს ხოლმე პასუხს.
ვფიქრობ, ასევე, რომ შესაძლოა, სასჯელის გამკაცრებაც და ამ კუთხით არსებული კანონმდებლობის გადახედვაც.