მამუკა არეშიძე - „თუ ოქრუაშვილი გადაიჩეხა, ბარამიძესა და ბეჟუაშვილსაც გადაიყოლებს“

მამუკა არეშიძე - „თუ ოქრუაშვილი გადაიჩეხა, ბარამიძესა და ბეჟუაშვილსაც გადაიყოლებს“

მიუხედავად დაპირებისა, საქართველოში დაბრუნებისთანავე მოგცემთ ინტერვიუსო, ბესო ჯუღელმა პრესასთან ურთიერთობას დუმილი არჩია და მობოდიშებით წაიღო მოცემული სიტყვა უკან - “კვირის პალიტრისადმი” დიდი სიმპათიის მიუხედავად, ინტერვიუს ვერ მოგცემთ, გადავწყვიტე, პრესასთან ურთიერთობა აღარ ვიქონიოო. ცხადია, ნაწყენი იქნება ბატონი ბესო, განა სწორედ ჟურნალისტებმა არ გაახმაურეს მის სამკურნალოდ გამოყოფილი 8 ათასი დოლარის ამბავი. თუმც ამაზე დიდი წყენა ჯუღელს თანაგუნდელმა და ლამის მის ხელში გაზრდილმა გიორგი არველაძემ მიაყენა, როდესაც მამის ტოლ კაცზე თქვა, - ფანტასტიკური და აბსურდული იდეები აქვსო. ეს ინციდენტი სახელისუფლებო გუნდში არსებული სხვადასხვა ბანაკის ინტერესთა შეჯახებად მოინათლა.

მამუკა არეშიძე: “ეს დაპირისპირება, რომელიც ამოტივტივდა, დიდ ფულთანაა დაკავშირებული. ასეთი პროექტის ჩაგდება (წყლის ექსპორტი) სერიოზული არგუმენტების გარეშე სახიფათო თამაშია. შესაძლოა, პრეზიდენტი ჯერჯერობით ყველაფერში არ არის გარკვეული, მაგრამ ერთ დღესაც გაერკვევა და ეს ამბავი ერთ-ერთი მხარისათვის ძალიან ცუდად დამთავრდება.

ბევრი პროექტი იმის გამო იბლოკება, რომ სამთავრობო წრეებს შორის დიდი დაპირისპირებაა. ამას წინათ პრეზიდენტმა ცნობილ სასტუმროების ბრენდზე განაცხადა, - საქართველოში მშენებლობა დაიწყოო, სინამდვილეში კი არ დაწყებულა, ხელისუფლებიდან ხან ერთი ჯგუფი ჩადის ამ კომპანიის სათავო ოფისში, ხან მეორე - ერთმანეთს ხელს უშლიან. მოკლედ, ომები გაუთავებლად მიმდინარეობს. პრეზიდენტის გარემოცვის წევრები გამუდმებით ცდილობენ საკუთარი წარუმატებლობა თუ ტყუილი სხვის ხარჯზე გაამართლონ.

შევარდნაძის დავალებები, ფაქტობრივად, არ სრულდებოდა. სააკაშვილთან ასე არ არის, - მისი დავალება, რაღაც ფორმით მაინც, უნდა შესრულდეს, მაგრამ უბედურება ის არის, სააკაშვილის გუნდში არ არიან პირები, რომლებიც პრეზიდენტის ერთგულების გარდა, კომპეტენტურნიც იქნებიან. ამ ხალხს პრეზიდენტის დავალების შესრულება კი უნდა, მაგრამ ვერ ასრულებს. ბევრჯერ აღმოჩნდა თანაგუნდელთა არაკომპეტენტურობის გამო პრეზიდენტი უხერხულ მდგომარეობაში”.

ბოლო დროს სახელისუფლებო ვერტიკალში სიტუაცია ძალიან აიჭრა, სააკაშვილს საქმის გამკეთებელი ხალხი არ ჰყავს. რამდენიმე მინისტრის აქტიურობა ხელისუფლების იმიჯს ვეღარ შველის. ელიან, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურების მანიპულაციით შეეცდება ვითარების გამოსწორებას. გარკვეულწილად ეს პროცესი დაიწყო კიდეც. რამდენიმე ჩინოვნიკის გადანაცვლებას შემოდგომისთვის ელოდნენ, მაგრამ სააკაშვილი აგრილებას აღარ დაელოდა და კონფლიქტების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში დააბრუნა. ანთაძის ხელის მოცარვას მისი დანიშვნის დღიდანვე წინასწარმეტყველებდა წინამორბედი მინისტრი გოგა ხაინდარავა. სხვათა შორის, მან სააკაშვილის მთავრობაში ოქრუაშვილის ყოფნის პერსპექტივაზეც საინტერესო აზრი გამოთქვა და თავდაცვის მინისტრს მართლაც მოუწია ჩემოდნების ჩალაგებამ (ოღონდ ხაინდრავას შემდეგ).

ოქრუაშვილის ოპოზიციაში სავარაუდო გადანაცვლების შემდეგ კეზერაშვილმა ექსთავდაცვის მინისტრის მეგობრის, ალეკო სუხიტაშვილის მოადგილედ დატოვება აღარ ინდომა. ამბობენ, მალე მიხეილ ქარელის თანამდებობიდან წასვლის დროც დადგებაო. თუ საჭირო გახდება, არ არის გამორიცხული, ოქრუაშვილს მინისტრობის დროინდელ საქმიანობაზე უხერხული კითხვები დაუსვან. ცხადია, ოქრუაშვილი ბარამიძისა და ბეჟუაშვილის ცოდვებს საკუთარ თავზე არ აიღებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კონტროლის პალატის მასალები მათი მინისტრობის პერიოდზე სამართალდამცველთათვის საინტერესო დასკვნებსაც შეიცავს. ალბათ, მკითხველს ახსოვს, რომ კონტროლის პალატამდე თავად ოქრუაშვილმა დაარღვია “ვარდების მთავრობაში” დადგენილი წესი და წინამორბედ მინისტრებს მუშაობა დაუწუნა. ასე რომ, თუ კონტროლის პალატის მასალები ვინმემ “აამოქმედა”, არც გიორგი ბარამიძესა და გელა ბეჟუაშვილს მოუწევთ მშვიდი ძილი.

ამბობენ, ცალკეულ სახელისუფლებო გუნდთან ურთიერთობას ყველაზე უკეთ შინაგან საქმეთა მინისტრი ახერხებსო. შესაძლოა, პირიქითაც იყოს - მერაბიშვილს ხელთ დიდი ძალაუფლება აქვს და მასთან ურთიერთობის გაფუჭებას ყველა ერიდება. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის გუნდში მოიაზრება, მას გელა ბეჟუაშვილთანაც კარგი ურთიერთობა აქვს და კირკიტაძის ჯგუფთანაც. ისიც ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისას მისი მოადგილეები გიორგი ნემსაძეს გულშემატკივრობდნენ.