უდიდესი და სრულიად მოულოდნელი გაუფასურების შემდეგ ხელისუფლებამ როგორც იქნა ხმა ამოიღო, მაგრამ აშკარაა, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. მათი ვერსიები იმდენად სუსტია, რომ თავის მართლებას ჰგავს. არავითარი დადებითი მესიჯი არც მათგან და არც სავალუტო ფონდის მისიისგან არ გახმოვანებულა.
„ყველა ის ძირითადი კომპონენტი, რაც, როგორც წესი, მონაწილეობს ხოლმე ლარის გამყარებაში, ვგულისხმობ ეკონომიკის იმ მიმართულებებს, რომლებსაც ქვეყანაში დოლარი შემოაქვს, არის ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის გამო და ამაში მთავრობის წვლილი ნამდვილად არ არის“, - ასე ხსნის ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია.
მისი განცხადებით, მთავრობამ ტურიზმისა და ექსპორტის ხელშეწყობით, სამთავრობო მხარდაჭერის მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ გრძელვადიან პერიოდში რაც შეიძლება მალე დაიწყოს აღდგენის ტენდენცია.
„ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ასევე მონაწილეობს ლარის კურსის ფორმირებაში, გადმორიცხვებია და გვაქვს დადებითი ტენდენცია. იმედი გვაქვს, ეს დადებითი ტენდენცია ყველა იმ დანარჩენ სამ კომპონენტზეც გავრცელდება, როგორიცაა ინვესტიციები, ექსპორტის ხელშეწყობა და ტურიზმი.
ქვეყანაში გატარებული ღონისძიებები მაქსიმალურად არის მიმართული იმისკენ, რომ ყველა კომპონენტმა თანდათანობით მოიტანოს დოლარის ის შემოსავალი, რომელიც ამ სტაბილურობას ჩამოაყალიბებს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კი ირწმუნება, რომ ლარის კურსს მოლოდინი მართავს. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკის გააჩნია საკმარისი რეზერვები, რომ ვითარება კონტროლს დაუქვემდებაროს.
„რეფინანსირებას გააკეთებს თუ არა ეროვნული ბანკი, ეკონომიკას ვალუტაზე ექნება ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც აქვს. რეფინანსირების მიწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფული მიაქვთ ბანკებს და დოლარებში არეზერვებენ. როცა ისინი რეფინანსირებას იღებენ, ისინი იღებენ ამას ეკონომიკის დასაკრედიტებლად და არა დოლარების შესყიდვისთვის.
მსოფლიოში მეორე ტალღის ნიშნები შეინიშნება, საქართველოშიც არის გაცილებით მეტი ინფიცირებული დღეს, ვიდრე იყო თუნდაც ერთი თვის წინ, შესაბამისად, ამან მოლოდინები გააუარესა და სწორედ ამიტომ, ინტერვენციის მიუხედავად, მოლოდინები მართავს კურსს, თუმცა, რეზერვები საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საჭირო რაოდენობით მიაწოდოს უცხოური ვალუტა ბაზარს“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენელთაგან არავითარი პოზიტიური პროგნოზი არ კეთდება. მოსახლეობისთვის სანუგეშოს არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ამბობს რამეს, თუმცა სელიმ ჩაკირის კომენტარი უფრო მეტი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.
ჩაკირის თქმით, ინტერვენციები, რომლებიც ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება, ხორციელდება იმისთვის, რათა კურსის მერყეობა გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინში არ გადაიზარდოს. ამასთან, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი მოცულობის ბუფერი, რათა შესაბამისი პოლიტიკა გაატაროს.
„ეროვნულ ბანკს ბუფერების საკმარისი ოდენობა აქვს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ძალიან კარგად ემსახურება მცურავი გაცვლითი კურსი - მას შოკის შემწოვის ფუნქცია აქვს. თუ შევხედავთ, საქართველოს ეროვნული ბანკიც - განსაკუთრებით წინა წლებთან შედარებით - საკმაოდ აქტიურია, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი რყევა ბაზარზე - ინტერვენციები უფრო ხშირია და სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფრთხილად ეკიდება მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, იყო სწორედ ლარის კურსის მერყეობა და ინფლაციაზე გაუფასურების შესაძლო გავლენა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი მიდგომაა.
დიახ, ეს მტკივნეული პერიოდია ბიზნესისთვის და მათი მხარდაჭერა უნდა მოხდეს საბიუჯეტო სახსრებით და მთავრობა ამ კუთხით აქტიურია. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ უპრეცედენტო დროში გვიწევს ოპერირება და ამ დოზით ინტერვენცია ცენტრალური ბანკის მხრიდან აქამდე არ განხორციელებულა. ამდენად, ეროვნული ბანკი ბაზარს ძალიან ყურადღებით აკვირდება და როცა საჭიროა, იყენებს ამ ინსტრუმენტს“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ჩაკირმა.
რომ არ ჩამოვიდეს?? .......რომ არ დასტაბილურდეს და უფრო ზევით გაიქცეს ................... მერეეე??
მაგრამ ...... მაგათ რა ენაღვლებათ რააა? ლარი საითაც გინდა გაიქცეს--გამოიქცეს მაგათ ჯიბეზე ეტყობა მაინც არ ახდენს გავლენას
მოკლედ ამათ ისე გამოსდით ------ ჰაცე ვირო ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა მოვაო.......