ქორწინების თვალსაზრისით საქართველოში მეტად რთული ვითრებაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის შექნის მსურველთა რაოდენობა იკლებს. პირველ რიგში, სავალალოა ასაკი, როდესაც ადამიანები ქორწინებისკენ ნაბიჯს დგამენ. ის უკვე 30 წლის მიჯნაზეა ქალებში და ამ ზღვარს გადაცდენილია კაცებში. ამასთან, ყოველ წელს უკვე სტაბილურად ყოველი მეორე შექმნილი ოჯახი ინგრევა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი მონაცემებით, 2019 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 28.1, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელი შეადგინა. 2019 წლის რეგისტრირებული განქორწინებების ანალიზის შედეგებმა კი აჩვენა, რომ ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა განქორწინებისას შეადგენს 10.1 წელს, მათ შორის პირველი ქორწინებისას - 12.3 წელს, ხოლო განმეორებითი ქორწინების შემთხვევაში 5 წელს არ აღემატება. 2019 წელს განქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 37.6, ხოლო მამაკაცებისთვის 40.4 წელი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 285 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ - 11 205. 2019 წელს ქორწინების და განქორწინებების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (30.1% და 35.0% შესაბამისად).
საქართველოში განქორწინებულთა რაოდენობა რადიკალურად 2014 წლიდან იზრდება. თსუ-ს პროფესორი, დემოგრაფი გია მელაძე ამბობს, რომ 2014-ში განქორწინებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 9 ათასს. 90-იანი წლების პერიოდში ეს მაჩვენებელი 1500-2000-ს არ სცილდებოდა.
„თუმცა საეჭვოა 2008-წლამდელი სტატისტიკა რეალური იყოს. სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ოჯახის კუთხით ყველაზე გამოკვეთილი მოვლენა ბოლო წლებში სწორედ განქორწინებაა. ეს გლობალურად ასეა, არა მხოლოდ საქართველოში“, - ამბობს გია მელაძე.
განქორწინებას ხელს უწყობს ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია, მომავლის რწმენის დაკარგვა, ემიგრაცია და ა.შ. ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად ის წყვილები იყრებიან, რომლებსაც ერთად ოთხ წელზე მეტი არ უცხოვრიათ. ასევე, შორდებიან 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როდესაც შვილები გაზრდილები არიან და ცოლ-ქმარი ერთმანეთის პირისპირ რჩება.
„ამ დროს ან ხელახლა უნდა შეეჩვიონ ერთმანეთს, ან გაშორდნენ“, - აღნიშნავს ლიკა ბარაბაძე.
2020 წლის იანვარ-ივნისში ქორწინების რიცხვმა - 6 387, ხოლო განქორწინების შემთხვევებმა - 3 441 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქორწინების რაოდენობა - 10 480 ხოლო განქორწინების რიცხვი 5 295 იყო.
საყურადღებოა ისიც, რომ ახლა ძირითადად ის თაობა ქორწინდება, რომელიც 1993 წლის შემდეგ დაიბადა. შემდეგ წლებში კი შობადობა გამუდმებით იკლებდა, აქედან გამომდინარე იმის მოლოდინი, რომ ქორწინებების რაოდენობა ახლო მომავალში გაიზრდება, არ უნდა გვქონდეს.
თუმცა, ასევე, ძალიან სამწუხარო: ყოველი მეორე ქორწინება - დანგრეული, კატასტროფაა!