რენი ჰარლინის ყურადღების მიღმა დარჩენილი რემბო გუბერნატორი გახდა

რენი ჰარლინის ყურადღების მიღმა დარჩენილი რემბო გუბერნატორი გახდა

სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს, ხოლო წინამორბედი - ზაზა გოროზია თანანმდებობის გარეშე დარჩა. ამჟამად, პრეზიდენტის ნდობა „პატრიოტმა, წესიერმა და გამორჩეულმა მოქალაქემ“ - თენგიზ გუნავამ დაიმსახურა. ქვეყნის პირველმა პირმა გუნავას ერთგულება და ის „გმირობა“ დაუფასა, რომელიც მან 2008 წლის „აგვისტოს ომის“ დროს გამოიჩინა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე აქცენტს თავად პრეზიდენტი აკეთებს.

გუნავას გუბერნატორის სავარძელი მიხეილ სააკაშვილმა თავად ჩააბარა და მის მიმართ არც ქება-დიდება დაიშურა. პრეზიდენტის მტკიცებით, თენგიზ გუნავა არის ადამიანი, რომლის დროსაც სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში სრული წესრიგი დამყარდა.

მისი თქმით, რეგიონში ამოიძირკვა - ნარკოტიკები, წვრილმანი ქურდობები, ყაჩაღობები და კონტრაბანდა.

„მას ვიცნობ - როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. მის მიერ ჩატარებული ოპერაციები მახსოვს. მან უძვირფასესი ტექნიკა გადაარჩინა, რუსებს სამხედრო ოპერაციაში ორი საზღვაო კატარღა წაართვა და   ოკუპანტებს უძვირფასესი საჰაერო დანადგარები აუფეთქა, რომელიც  როგორც სამხედრო ნადავლი გაქონდათ. ეს ძალიან რთული და თავზეხელაღებული სამხედრო ოპერაცია იყო. მან ასევე ფოთში ჩვენი სხვა კატარღები გადაარჩინა. როცა, რუსები ჩემს დასაკავებლად ფოთში გამოემართნენ, ის თავისი მცირე შენაერთით გადაეღობათ და დიდი რუსული შენაერთი ჰყავდა დაკავებული, ვიდრე გამოსვლა არ დავამთავრე. ისინი ეუბნებოდნენ, რომ გაივლიდნენ, თენგიზ გუნავა კი პასუხობდა - გაიარეთ, მაგრამ იქნება სროლები და შეტაკება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ახალი ხელისუფლების პირობებში, ის პროკურატურამ რამდენჯერმე დაკითხა და რამდენჯერმე დააკავა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გუნავას დაპატიმრების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველასთვის ცნობილია, ახალი ხელისუფლების პირობებში - თუ რა პრობლემები შეექმნა თენგიზ გუნავას.

„იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობა უშვებს რუსეთის ჯაშუშებს, შკრილნიკოვსა და გევორქიანს, როგორც პოლიტიკურ პატიმრებს და გმირებს, რა თქმა უნდა, ნამდვილ სამხედრო გმირს აქვს პრობლემები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთით ქედი უნდა მოვიხაროთ და ამას შევეგუოთ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ აღმშენებლობა გააგრძელოს, გუბერნატორმა კი, ყველა ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოსთან ითანამშრომლოს. გუბერნატორის ფუნქცია არ არის კონფრონტაცია, მაგრამ მან საქართველოს მონაპოვრები უნდა დაიცვას და განვითარების გაგრძელება უზრუნველყოს. თენგიზ გუნავა არის წესიერი ადამიანი, საქართველოს პატრიოტი და ის ასეთ რთულ ვითარებაშიც წარმატებას მიაღწევს“, - დასძინა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ხოტბის შესხმას თავად გუნავა მშვიდად უსმენდა და მას შემდეგ რაც, მას მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა მისცა, ლაკონური განცხადება გააკეთა და ნდობისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, ნდობისთვის პრეზიდენტო. ეს რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის და ძალიან ბევრ ადამიანს ახლოს ვიცნობ. იმ საქმეს მაქსიმალურად გავაკეთებ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - დასძინა გუნავამ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას შეფასებები ხელისუფლებაში უკვე მოჰყვა.

როგორც For.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა,  მიხეილ სააკაშვილი „სახლობანას თამაშს“ აგრძელებს.

„გუბერნატორის დანიშვნას არავითარი ფასი არ აქვს. გინდა გუნავა წარადგინოს და გინდა კვარაცხელია. გუბერნატორის უფლებამოსილება შეიზღუდა. პრეზიდენტის ერთგული კადრი იქ არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს კანონმდებელი და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობს, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს.

„წინადადებას ვამზადებთ, რომლის მიხედვითაც, მომავალში გუბერნატორი პრემიერმა პრეზიდენტთან შეთანხმებით უნდა დანიშნოს. ვფიქრობ, რომ ეს იმ რეალობას ასახავს, რაც საქართველოშია“, - დასძენს კანონმდებელი.

რაც შეეხება კითხვას პრეზიდენტის მიერ გუბერნატორების დანიშვნით ღიზიანდება თუ არა ხელისუფლება, კანონმდებელი აცხადებს, რომ ეს სერიოზული არ არის.

„ამ ნაბიჯით არ გავღიზიანდებით. კი ბატონო, პრეზიდენტმა გადადგას ეს ნაბიჯები. ვიცით, რომ გუნავას მიმართ უკანონობას ჰქონდა ადგილი და ის რამდენად დამნაშავეა, ეს  არ არის დადგენილი და ამიტომ, ბარი-ბარში ვიქნებით“, - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.

პრეზიდენტის გადაწყვტილებას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი კი, მორიგ მცდარ პიარ-აქციად აფასებს.

„ეს არის მორიგი მცდარი პიარ-აქცია, რომელიც არ გამოიწვევს აღფრთოვანებას არა მარტო მოსახლეობის დიდ ნაწილში, არამედ იმ ხალხშიც, ვინც ჯერ კიდევ არ არის მთლიანად დისტანცირებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. გუნავაც იმავეს გააკეთებს, რასაც ჭიაბერაშვილი აკეთებს - ანუ ვერაფერს. მალე კანონში ცვლილება შევა და გუბერნატორის ინსტიტუტსაც აღმასრულებელი ხელისუფლება გააკონტროლებს, რადგან ქვეყნის მართვა-გამგეობაზე პასუხისმგებელი მთავრობაა“, - დასძენს დეპუტატი.

უნდა ითქვას, რომ გუბერნატორის პოსტზე გუნავას წარდგენაზე საინტერესო ის ფაქტია -  ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია თუ რატომ არ უმშვენებდა მხარს პრეზიდენტს, როგორც ეს, ჩვეულებისამებრ წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა, როდესაც, მინისტრები და გუბერნატორები იცვლებოდნენ. ტრადიციისამებრ, მთავრობის წევრების შეცვლისას, ყოფილი მინისტრი მომავალ „სასწავლო“ გეგმებზე აპელირებდა, ხოლო მომავალი მინისტრი პორტფელიოს ირგებდა.

რაც შეეხება თენგიზ გუნავას, პრეზიდენტის კარზე გუბერნატორი არსებულ „ბრწყინვალებას“ შეინარჩუნებს თუ არა, ეს მალე გამოჩნდება, მაგრამ გუნავასთან დაკავშირებით, პრეზიდენტისეული აღწერის თავად „აგვისტოს 5 დღის“ ავტორს - რენი ჰარლინსაც კი შეშურდებოდა. როგორც ჩანს, ამ ფილმის გადაღებისას, პრეზიდენტის მთავრობას თენგიზ გუნავას „საგმირო საქმენი“ მხედველობიდან გამორჩა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმის დამფინანსებელი - კობა ნაყოფია და ფილმის პროდიუსერი - პაპუნა დავითაია ფილმის რეჟისორს სცენარში გუნავას „გმირობის“ ჩართვას სთხოვდნენ და ალბათ, ფილმიც მეტად საინტერესო გამოვიდოდა.