COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა მსოფლიო ჯანდაცვა და მსოფლიო ეკონომიკაც. კერძოდ, ჯანდაცვის სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიცინის მზაობას, რომ ეფექტიანი სამკურნალო საშუალებებით მოარჩინოს კორონავირუსით დაავადებული პაციენტები. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მოახდინოს ამ ვირუსით დაინფიცირების საშიშროების მინიმუმამდე დაყვანა, რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდება შესაბამისი ვაქცინის შექმნით და მისი საყოველთაო გავრცელებით. პრაქტიკულად, საყოველთაო ვაქცინაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ (https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/covid-19-vaccines?gclid=EAIaIQobChMIgvbQuJb16wIVlM13Ch0iGQWpEAAYASAAEgJ3aPD_BwE) აღიარებულია იმ ქმედით იარაღად, რომელმაც კორონავირუსის მასობრივი გავრცელება უნდა შეაკავოს.
საყოველთაო ვაქცინაციის შესაძლებლობას იმედის თვალით უყურებენ ეკონომისტებიც და პოლიტიკოსებიც, რადგანაც COVID-19-ის პანდემიის შედეგად ჩამოყალიბებული ეკონომიკური კრიზისი თავისი ბუნებით არ არის ე.წ. „ტიპიური“ ეკონომიკური კრიზისი, როცა მისი გამომწვევი მიზეზები თავად ეკონომიკაშია. COVID-19-ით წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისის საფუძველი კორონავირუსის მასობრივ გავრცელებაშია. რადგანაც მისი შეფერხების მექანიზმი არის ადამიანებს კონტაქტების შეზღუდვა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, მათ შორის დისტანციის შენარჩუნება, ამან გამოიწვია ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეჩერება. სწორედ ამიტომ, ამ „ატიპიურ“ ეკონომიკურ კრიზისს კორონომიკური კრიზისი შეიძლება ეწოდოს და მისი დასრულება რეალური გახდება მაშინ, როცა მედიცინა დაამარცხებს კორონავირუსს. სხვა სიტყვებით დღეს ეკონომიკა მედიცინის მძევალია (https://www.eurasiareview.com/29032020-coronomic-crisis-when-the-economy-is-a-hostage-to-medicine-oped/).
მაშასადამე, როგორც თანამედროვე მედიცინისათვის, ისე კრიზისში მყოფი ეკონომიკისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო სამედიცინო ცენტრებში. ახალი ვაქცინის შექმნა საკმაოდ შრომატევადია, და აჩქარება საქმისთვის არა მარტო საფრთხის შემცველია, არამედ ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა სერიოზულად დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს (https://www.bmj.com/content/370/bmj.m3209).
საყურადღებოა, რომ COVID-19-ის საწინაარღდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით კეთდება, როგორც დამაიმედებელი განცხადებები (https://www.nih.gov/news-events/nih-research-matters/experimental-coronavirus-vaccine-safe-produces-immune-response), ისე სერიოზული გაფრთხილებაც შესაძლო გვერდით მოვლენებზე (https://www.wired.com/story/covid-19-vaccines-with-minor-side-effects-could-still-be-pretty-bad/), რომლებიც მაღალი ალბათობით უნდა იყოს გამორიცხული. განსაკუთრებით შეშფოთებას კი იწვევს კორონავირუსის საწინააღმდეგო ის ვაქცინა, რომელიც რუსეთში იქნა ნაჩქარევად შექმნილი (https://www.nytimes.com/2020/08/11/health/russia-covid-19-vaccine-safety.html).
ასეა თუ ისე, დღეისათვის გაბატონებულ მოსაზრებად უნდა ჩაითვალოს მასობრივი ვაქცინაციის „ყოვლისშემძლეობა“, რომ ის დაამარცხებს COVID-19-ის პანდემიას და შედეგად გლობალური კორონომიკური კრიზისიც დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, არაერთი პროფესიონალი მედიკოსის თუ პოლიტიკოსის მსჯელობაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა და მის საფუძველზე მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება აღიქმება როგორც თავისთავად მოსახდენი რამ, რასაც თითქოსდა არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. სხვა სიტყვებით, ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე მიღებულია დაშვება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთანავე მისი საყოველთაო გამოყენება გარანტირებულია. სინამდვილეში კი პასუხი უნდა გაეცეს კითხვას იმის შესახებ, ახალი ვაქცინის საფუძველზე მართლაც შეუფერხებლად, „ავტომატურ“ რეჟიმში განხორციელდება საყოველთაო ვაქცინაცია თუ არა? სხვა სიტყვებით, არის კი ვაქცინა პანაცეა?
ეს კითხვები გააჩინა იმ გარემოებამ, რომ COVID-19-ის პანდემიის ჩამოყალიბებასთან ერთად მასობრივად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოცემული ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიზნით. უფრო ზუსტად კი მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობას შეამცირებს არა იმდენად კორონავირუსის პანდემია, რამდენადაც ამ ვირუსის საწიააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია. ამგვარ მიდგომას ზურგს უმაგრებს ე.წ. „ოქროს მილიარდის თეორია“ (https://utopiaeducators.com/posts/the-golden-billion-theory/), რომელიც შეიქმნა რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, და, რომლის თანახმადაც დასავლეთის ინტერესებშია მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, რადგანაც მსოფლიოში არსებული რესურების რაოდენობა არ არის საკმარისი 7 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის და, რომ აუცილებელია მოსახლეობის რაოდენობის 1 მილიარდამდე შემცირება. ეს კი მიიღწევა არა ომებით, არამედ ჯერ პანდემიის გამოწვევით, ხოლო შემდეგ მისი დაძლევისათვის შექმნილი ისეთი ვაქცინის დაბალგანვითარებლ ქვეყნებში საყოველთაო გამოყენებით, რომელიც მოგვიანებით აცრილთა შორის გამოიწვევს მოკვდაობის ზრდას.
მიუხედავად იმისა, „ოქროს მილიარდის თეორიას“ აშკარად გამოკვეთილი „შეთქმულების თეორიის“ ხასიათი აქვს (https://en.fullersociety.com/3303356-what-is-the-quotgolden-billionquot). სამწუხაროდ, მისი პოპულარობის ამაღლებისთვის მეტ-ნაკლები წარმატებით მსოფლიოში საყოვეთაოდ ცნობილი მილიარდერი ბილ გეითსის განცხადებებიც იქნა გამოყენებული. კერძოდ, მან ვირუსული პანდემიის საფრთხე ჯერ კიდევ 2015 წელს იწინასწარმეტყველა (https://www.mercurynews.com/2020/03/25/coronavirus-bill-gates-predicted-pandemic-in-2015/), ხოლო მოგვიანებით საჯარაოდ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება მსოფლიოს მოსახლეობის ზრდაში აფრიკის ღარიბი ქვეყნების მნიშვნელობვანი როლის შესახებ (https://www.weforum.org/agenda/2018/09/africas-rapid-population-growth-puts-poverty-progress-at-risk-says-gates/). აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბილ გეითსი მნიშვნელოვან ინვესტირებას ახდენს შესაბამისი ვაქცინის შექმნაში და მან ასევე გამოთქვა მზაობა დახარჯოს 150 მილიონი აშშ დოლარი, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს მოსახლეობის უღარიბესი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი გახდეს (https://www.vox.com/recode/2020/8/8/21359227/bill-gates-foundation-coronavirus-vaccine-serum-astrazeneca-novavax), მიუხედავად იმისა, რომ მისივე განცხადებით COVID-19 ვაქცინების პირველ ჯგუფი „არ იქნება იდეალური“ (https://observer.com/2020/08/bill-gates-warn-covid19-vaccine-timeline-efficacy-pandemic/).
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ ტიპის განცხადებებმა ხელი შეუწყო „ოქროს მილიარდის თეორიის“ პოპულარობის მეტ-ნაკლებ ზრდას, რამაც კორონავირუსის საწინაარმდეგო ჯერ საბოლოოდ არშექმნილი ვაქცინის მიმართ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სკეპტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება განაპირობა.
ამ შემთხვევაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად რეალისტურად უნდა ჩაითვალოს იმის შესაძლებლობა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი თუნდაც ყველაზე საუკეთესო ვაქცინის საყოველთაო გამოყენება იქნება მიღწევადი.
საყოველთაო ვაქცინაციის მიღწევის ყველაზე მარტივი გზა იძულებითობის პრინციპს ემყარება, რისი გარკვეული გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს და რაც ასევე განიხილება COVID-19-თანაც მიმართებაში (https://www.nationalgeographic.com/science/2020/08/how-coronavirus-covid-vaccine-mandate-would-actually-work-cvd/). იძულებითობის პრინციპის განხორციელება შედარებით გაადვილებული იქნება, მაგალითად, სამგზავრო ავიაგადაზიდვებში, როცა მგზავრის თვითმფრინავში ჩამჯდომისთვის სავალდებულო გახდება სათანადო დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ მის მფლობელს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული აქვს. მთელი მოსახლეობის იძულებითი ვაქცინაცია კი დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლოა სულაც არ იყოს ადვილად მიღწევადი. დღეისათვის ამის თვალსაჩინო მაგალითს ავსტრალია იძლევა (https://www.bbc.com/news/world-australia-53840086).
ამ პრობლემების გათვალისწინებით საყოველთაო იძულებითი ვაქცინაციის პარალელურად მიზანშეწონილია მასობრივი ნებაყოფლობითი ვაქცინაციის განხორცილებისათვის სათანადო გზების მოძიებაც. რა თქმა უნდა, მასობრივი ნებაყოფლობითი ვაქცინაცია დაკავშირებულია მოსახლეობასთან მასშტაბური ინფორმაციული სამუშაოს ჩატარებაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს და სათანადო ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.
მაშასადამე, ძალზედ მნიშვნელოვან და იმავდროულად ქმედით გზად უნდა ჩაითვალოს მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, მართლაც აქვთ თუ არა ბილ გეითსა და მის თანამოაზრეებს ზემოხსენებული „ბოროტი“ ზრახვები, და, რომ „ოქროს მილიარდის თეორია“ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, თუ ის იმთავითვე ანდტიდასავლური განწყობების გაძლიერებისთვისაა შექმნილი. ეს კი სულაც არ არის ადვილად გადასაწყვეტი ამოცანა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ მიმართულებით ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ნაბიჯი არ არის გადადგმული. ხოლო მოსახლეობის სკეპტიკურად განწყობილი ნაწილის გადარწმუნებას იმაში, რომ „ოქროს მილიარდის თეორიას“ მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული დატვირთვა აქვს ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად, საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.
ხსენებულიდან გამომდინარე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინის შექმნა შედარებით მაღალი ალბათობით შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს COVID-19-ის პანდემიის და, მისგან გამოწვეული, კორონომიკური კრიზისის დასაძლევად საკმარისი. ამ ვითარებაში, კი ადამიანებს მოუწევთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრების გარკეული ვადით გაგრძელება და ეკონომიკის თანდათანობითი „ამუშავებაც“ ამ ვირუსის გავცელების შეზღუდვის მექანიზმების (პირბადის გამოყენება, ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა და სხვ.) გამოყენების გზით.
ამგვარი სცენარის პირობებში კი კორონომიკური კრიზისი შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს COVID-19-ის ვაქცინის შექმნიდან შედარებით მოკლე ვადაში დაძლევადი. ეკონომიკური საქმიანობა კორონავირუსთან თანაცხოვრების პირობებში ნებისმიერ შემთხვევაში ვერ იქნება სრულფასოვნად აღდგენილი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კორონომიკური კრიზისის დაძლევის და ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტური სცენარი შესაძლოა არცთუ რეალისტური აღმოჩნდეს, რადგანაც ეკონომიკის V-ფორმით აღდგენა (https://www.project-syndicate.org/commentary/v-shaped-recovery-marches-on-by-jim-o-neill-2020-09?utm_source=Project+Syndicate+Newsletter&utm_campaign=d894e10a78-sunday_newsletter_13_09_2020&utm_medium=email&utm_term=0_73bad5b7d8-d894e10a78-93567601&mc_cid=d894e10a78&mc_eid=e9fb6cbcc0) ეფუძნება იმ ზემოხსენებულ დაშვებას, რომ საყოველთაო თუ მასობრივი ვაქცინაცია მეტ-ნაკლებად სწრაფად განხორცილელებადი იქნება.
ამ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერებას, რაც მისი მთავრობისთვის უმთავრესი საზრუნავი უნდა გახდეს. ხოლო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს შორის კი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სასურსათო უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეზე უზრუნველყოფა, რისი პრიორიტეტულობაც შედარებით გაჭიანურებული კორონომიკური კრიზისის პირობებში ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
დაბოლოს, COVID-19-ის პანდემიის დაძლევისთვის და კორონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევისთვის აუცილებელია არა მარტო შესაბამისი უსაფრთხო და მაღალეფექტიანი ვაქცინის შექმნა, არამედ ამ უსაფრთხოებაში მოსახლეობის ფართო ფენების დარწმუნებაც, რათა მასობრივი ვაქცინაციის განხორციელება გახდეს შესაძლებელი. ეს კი იმის წინაპირობა იქნება, რომ კორონომიკური კრიზისი სრულად იქნეს დაძლეული.
- მიმძიმს, მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა: შენი ხელისგული მიჩვენებს, რომ 40 წლამდე უკიდურეს სიღარიბეში მოგიწევს ცხოვრება...
- ჯანდაბას! მერე?
- მერე მიეჩვევი.
მე მგონი, ასეა ჩვენი საქმეც. არც ვაქცინის შექმნას უჩანს კაი პირი და არც საყოველთაო ვაქცინაციის ჩატარებას. ასე რომ, ნაწილი დავიხოცებით, ნაწილი კი იმუნიტეტს შეიძენს, მიეჩვევა და ისწავლის ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას...
მართალია!.. დედამიწა, როგორც სულიერი, პერიოდულად, როცა ძალიან შევაწუხებთ, მაგრად შეიფერთხება ხოლმე და მოიცილებს შემწუხებლებს.