„სააკაშვილი პოლიტიკურად სრულიად განეიტრალებულია“

„სააკაშვილი პოლიტიკურად სრულიად განეიტრალებულია“

2013 წელს ექსპერტებიცა და პოლიტიკოსებიც წლის ბოლოს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მიუხედავად, შედარებით მშვიდ და გაწონასწორებულ წლად მოიაზრებენ. პრეზიდენტმაც და პრემიერმაც სურვილი გამოთქვეს, რომ რაკი ქვეყნისთვის უკეთესია, სჯობს ძველ და ახალ ხელისფლებას შორის თანამშრომლობა შედგეს. თუმცა, ის რაც ხდება ქვეყანაში, თანამშრომლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ნაკლებად ჰგავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ახალი ხელისუფლების ცალკეული წევრების მადისკრედიტირებელი ინფორმაცია ხან ქვეყნის შიგნით ისმის, ხანაც გარედან. თუმცა, სააკშვილის მხრიდან კიდევ უფრო საინტერესო ნაბიჯიც გადაიდგა - მან  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ცოტა ხნის წინ ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებული თენგიზ გუნავა წარადგინა. განსაკუთრებით საინტერესო კი თავად მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გახლდათ. როგორც მან ზუგდიდში, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, თენგიზ გუნავა არის ადამიანი, რომელმაც სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში სრული წესრიგი დაამყარა.

რაც შეეხება საგარეო მხარეს, თავდასხმები ახალ ხელისუფლებაზე უცხოური მედიის მეშვეობით, კვლავაც გრძელდება. რას ემსახურება სააკაშვილის ასეთი სტრატეგია და ტაქტიკა, რა პოლიტიკური ქულები ან დივიდენდები შეიძლება მიიღოს მან და ასეთ პირობებში რამდენად არის შესაძლებელი ძველი და ახალი ხელისუფლების თანამშრომლობა, ამ თემებზე პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი გვესაუბრება.

ბატონო ბექა, ნაციონალების მიერ არჩეული პოლიტიკა კვლავ გრძელდება, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თურქული ინგისურენოვანი გამოცემა Today’s Zaman-მა საქართველოსა და სომხეთში პოლიტიკური კურსის შესაძლო ცვლილება სტატია მიუძღვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილს საქართველო რუსეთისაკენ მიჰყავს. რამდენად ობიექტურია ასეთი ვარაუდი?

- არ ვიცი, რომელ ობიექტურობაზეა საუბარი, ამ სტატიის გამოქვეყნებისთანავე სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით გავრცელდა ცნობა, რომ „გაზეთი Zaman ეკუთვნის ფეთჰულაჰ გულენის სექტას, ე.წ. „ნურჯულუქსს“, რომლის ინტერესებსაც საქართველოში სააკაშვილი, უფრო კონკრეტულად კი მისი დედა, გიული ალასანია ატარებს. ფეთჰულაჰ გულენის სექტა აკონტროლებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დემირელის კოლეჯს და შაჰინის კოლეჯებს საქართველოში. Zaman -ის გარდა სექტა აკონტროლებს ტვ SAMANYOLU -საც“. აქედან გამომდინარე, რამდენად ობიექტურია, ის რაც სტატიაშია ნათქვამი, ვფიქრობ, ამაზე ყველანაირი ექსპერტული შეფასება ზედმეტია.

წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ გასაგები იყო, მაგრამ ახლა რაში სჭირდებანაციონალურ მოძრაობასამ თემით სპეკულირება, ივანიშვილსაც და მის მთავრობასაც ყველანაირი შესაძლებლობა აქვს საკუთარი საგარეო ორიენტაცია სრულიად ღიად დააფიქსიროს და ამას აკეთებენ კიდეც...

- სიმართლე გითხრათ, სააკაშვილის ადგილას, ამ ეტაპზე ვეცდებოდი, უფრო კოჰაბიტაციისთვის შემეწყო ხელი და ნაკლებად გამეღიზიანებინა ქართული საზოგადოება, მაგრამ სააკაშვილი ლეგიტიმაციას ყოველთვის ეძებდა არა ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მისი ყველა ნაბიჯი აბსოლუტურად გარე ლეგიტიმაციაზე იყო ორიენტირებული. ეს არის ამ პოლიტიკის გაგრძელება, რომ დაანახოს თუ არა, ეცადოს მაინც და კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება. თქვას, რომ ივანიშვილი არ არის პროდასავლური, არმედ პრორუსული პოლიტიკოსია და დიდ საფრთხეს წარმოადგენს, იგივე დასავლეთის ინტერესებისთვის საქართველოში. ერთადერთი, ამას ემსახურება ეს ტაქტიკა, მაგრამ დასავლეთი ამას უკვე აღარ ჭამს.

ერთია, რას ამბობს სააკაშვილი, მეორე რას აკეთებს ივანიშვილი და მესამე, დასავლეთი დასკვნის გამოსატანად, ფაქტებს ეყრდნობა, თუ სააკშვილის ინფორმაციას...

- არაერთხელ მითქვამს, რომ უკვე დალაგდა სიტუაცია, ელჩები გამოიცვლებიან, ისინი მიაწვდიან უფრო კონკრეტულ და ობიექტურ ინფორმაციას ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. გარდა ამისა, მათ ურთიერთობა უკვე გიგა ბოკერიასთან კი აღარ აქვთ ან ძველი ხელისუფლების სხვა ჩინოვნიკებთან, არამედ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, პირადი ურთიერთობებიცა და ოფიციალური შეხვედრებიც უკვე ნათელს მოჰფენს საქართველოს საგარეო კურსს, ეს მე მგონი, საკმაოდ მარტივია.

გულწრფელად რომ ვთქვათ, ივანიშვილის მესიჯები, რომ ის აგრძელებს პროდასავლურ კურსს სააკაშვილისთვის არაფერს ნიშნავს?

- სააკაშვილის მთელი პიარმანქანა თავისი დღე და მოსწრება, ორიენტირებული იყო მხოლოდ თავისი ოპონენტების დისკრედიტაციაზე. არა პოზიტივზე, რომ აი, ვიღაცას ვანახებ, მე რას ვაკეთებ, რას ვქმნი, არამედ სხვები რა ცუდები არიან. მისი მიზანია, მოახდინოს დისკრედიტაცია და არა პოზიტიური როლი ითამაშოს იგივე საქართველოს მომავალ განვითარებაში. მისი პიარლოგიკა, რომელიც მიმართული იყო მისი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისკენ, დღესაც გრძელდება.

დღეს საკუთარ ხალხშიც და დასავლეთშიც მოლოდინია, რომ ივანიშვილი გააგრძელებს დასავლურ კურსს, მაგრამ რამდენად დასავლური იყო სააკშვილის პოლიტიკური კურსი, ეს კიდევ საკითხავია. პროდასავლური კურსი არ უნდა გავიგოთ როგორც პრო-ნატოური კურსი, მიუხედავად, იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს და ადგას კიდეც ამ გზას. პროდასავლური კურსი არ ნიშნავს მხოლოდ ამას, ეს არის დასავლური ფასეულობებისა და ცხოვრების წესის დამკვიდრება.

უკვე ჩანს პირველი ნაბიჯებიც, მაგალითად, რამდენად ინტენსიურია ახალი ხელისუფლების ურთიერთობა იგივე ევროკავშირთან. მე მგონია, ევროკავშირი უფრო აღიქმება დასავლეთად, ვიდრე ნატო - ნატო უფრო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა. ევროკავშირი კი მთლიანად დასავლური კულტურის სივრცეა. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის ნებისმიერი ნაბიჯი ცალსახად გვაჩვენებს, რომ მისი კურსი არის პროდასავლური.

კითხვებიც დასავლეთთან დაკავშირებით, თუ ლობისტური ჯგუფების მიერ ინსპირირებული არ არის, ნაკლებად ისმის. ისე, ობიექტურობისთვის ასეთი ჟურნალისტების ადგილას დავსვამდი კითხვას - იყო თუ არა, სააკაშვილის კურსი პროდასავლური საერთოდ? ჯერ ამას უნდა გაეცეს პასუხი, რამდენად პროდასავლური იყო სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა და მერე დაისვას კითხვა, გააგრძელებს თუ არა ივანიშვილი ამ კურსს.

ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აუცილებელია საქართველოსთვის და ეს არის პრაგმატული საგარეო პოლიტიკის ნაწილი, რადგან სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა იყო ტოტალურად იდეოლოგიზირებული. ივანიშვილი კი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებას იწყებს, რომელსაც უფრო ბევრი მომხრე ჰყავს დასავლეთში, ვიდრე სააკაშვილის ამ ვითომდა, პროდასავლურ კურსს ჰქონდა. იმიტომ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება აწყობს როგორც საქართველოს, ისე დასავლეთს.

ეს დასავლეთის ერთ-ერთი მოთხოვნაც არის...

- დიახ, მათი მიზანია, ეს კონფლიქტის, დაძაბულობის კერა როგორმე განეირტალდეს რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს ცოტა უფრო სხვა, ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მაგალითად, რუსეთსა და ამერიკას შორის გადატვირთვის კონტექსტში, როდესაც ობამამ განაცხადა, რომ ეს პოლიტიკა  გაგრძელდება. ასეთ კონტექსტში ივანიშვილის საგარეო კურსი ბევრად უფრო მისაღებია დასავლეთისთვის, ვიდრე სააკაშვილის, რომელიც კონფრონტაციაზე იყო ორიენტირებული და არა თანამშრომლობაზე.

თქვენ დასვით კითხვა, იყო კი სააკაშვილის პოლიტიკა პროდასავლური, უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გვითხრათ რას გულისხმობთ?

- მარტო ნატოში გაწევრიანება და ამისი არტიკულაცია, რომ მე მინდა ნატოში გავწევრიანდე, არ ნიშნავს პროდასავლურობას. ეს არის არა დასავლეთის რომელიმე ქვეყნის ინტერესების გატარება შენს ქვეყანაში, არამედ განათლებასა და პროგრესზე ორიენტირებული დასავლური ფასეულობების დამკვიდრება შენს ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა, სააკაშვილს არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავაყენოთ საკითხი, იყო თუ რა სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა ნამდვილად პროდასავლური.

სხვათა შორის, საკმაოდ ხშირად სვამენ-ხოლმე კითხვებს სააკაშვილისა და რუსეთის ურიერთობის თემაზე, კითხვები ჩნდება ქართულ ეკონომიკაში რუსული კომპანიების საკმაოდ ფართოდ წარმოჩენის გამო...

- ესეც საკმაოდ მყარი არგუმენტია, როდესაც ერთი ხელით ებრძვი რუსეთს, თავს მოიაზრებ რეგიონისა და დასავლეთის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ფორპოსტად და მეორე ხელით ხელს უწყობ მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანიების შემოსვლას შენს ქვეყანაში, რომლებიც თითქმის მცოცავი ანექსიის ხასიათს ატარებს. ესეც არის საკმაოდ მყარი არგუმენტი კითხვის დასასმელად - რამდენად იყო სააკაშვილის პროდასავლური კურსი რეალურად პროდასავლური?

რაც შეეხება ახალი მთავრობის მცდელობას, გამოაცალოს სააკაშვილს პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი ბერკეტები, ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რამდენად საჩქარო და აუცილებელია ასეთი ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში?

- თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზეა ლაპარაკი, ამას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. რამდენად არსებობს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია. კი იყო გახმაურებული, რომ აი, ჩვენ გვყავს 100 დეპუტატი, რომლებიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაადასტურებენ და მის რატიფიკაციას მოახდენენ, მაგრამ ცოტა მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო რაოდებობა დეპუტატებისა, სახეზე იყოს.

არც ვიჩქარებდი ასეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, იგივე დასავლეთის თვალში რეაქციული საკონსტიტუციო ცვლილებით პრეზიდენტის ინსტიტუტის ხასიათის შეცვლა შესაძლოა, დასავლეთის თვალში რევანშისტულადაც გამოჩნდეს.

რაც შეეხება სააკაშვილს, ის პოლიტიკურად სრულიად განეიტრალებულია და შესაძლებელია, მან თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შეძლოს პრეზიდენტობა ისეთსავე განეიტრალებულ მდგომარეობაში, როგორც არის და საჭიროებაც აღარ დადგეს, რომ სასწრაფოდ შევცვალოთ კონსტიტუცია.

ის, რომ სააკაშვილი, ისევ გავლენიან ფიგურად, პრეზიდენტის ინსტიტუტი კი გავლენიან ინსტიტუტად რჩება, რეალურად რომ შევხედო, ცარიელ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. ისიც, რომ ვითომდა სააკაშვილი სახელისუფლებო ცხოვრების საბოტაჟს ახდენს, ვფიქრობ საამისო ბერკეტები მას ხელში აღარ შერჩენია და უფრო თავის გადარჩენაზეა ორიენტირებული, ვიდრე თავისი პოლიტიკური კარიერის რეანიმაციასა და გაგრძელებაზე. ვფიქრობ, ამ ეტაპზე  თავშეკავება უკეთესი იქნებოდა ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებებისგან.

უმრავლესობა თვლის, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებებით თუ სააკაშვილი შეძლებს ნებისმიერ დროს დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს არანაცმოძრაობამ“, არამედ არსებულმა მთავრობამ, მარტივად რომ ვთქვათ, იქნება შანსი, არჩევნები არ გაყალბდეს...

- რადგან ეს უკვე გაჟღერდა და ითქვა, ყველამ გაიგო, რა საფრთხეები იყო ჩადებული მოქმედ კონსტიტუციაში - რომ სააკაშვილს შეეძლო პარლამენტი დაეთხოვა, თავისი მინისტრთა კაბინეტი მოეყვანა და ასე ჩაეტარებინა ახალი არჩევნები, ეს გასაგებია, მაგრამ რაკი ამისი არტიკულაცია მოხდა, ამ თვალსაზრისით სააკაშვილს ხელ-ფეხი შეკრული აქვს და ამას უკვე ვეღარ განახორციელებს.

არ მგონია სააკაშვილს ამისი გამბედაობა ეყოს, რადგან ეს ძალზე დიდ ქაოსს გამოიწვევდა ქვეყანაში და შესაბამისად, დიდ უკმაყოფილებას საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, პატარა ლეგიტიმაცია მაინც იქნებოდა საჭირო, რომ ამ არჩევნების შედეგი შეენარჩუნებინა სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ საფრთხის გაჟღერების შემდეგ ვთვლი, რომ საფრთხე განეიტრალებულია.

თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება სააკაშვილის ნდობა. საახალწლოდ სააკაშვილი დაგვპირდა, რომ მისი რიტორიკა აღარ იქნება აგრესიული და კოჰაბიტაციისათვის მზადყოფნის დასადასტურებლად 5-პუნქტიანი გეგმაც კი შემოგვთავაზა, თუმცა იგივე გუნავას გუბერნატორად წარდგენიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ის სათანამშრომლოდ მზად არის...

- ის განცხადებები, რასაც სააკაშვილი აკეთებს, დასავლეთზეა გათვლილი და არა შიდა მოხმარებისთვის. ასეთი ტაქტიკით თუ ერთი მხრივ, ამ ხელისუფლების დისკრედიტაციას შეძლებდა, მეორე მხრივ კი დასავლეთის თვალში დემოკრატ ლიდერად წარმოჩინდებოდა, ასეთ ფონზე ის შეძლებდა იმ საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამოყენებას. შემდეგ თავს გაიმართლებდა, რომ აი, ბიძინა ივანიშვილს რუსეთისაკენ მიჰყავს ქვეყანა, პოლიტიკური დევნა გრძელდება და როგორც პრეზიდენტი ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანა უფსკრულში არ გადაიჩეხოს და ა.შ. ეს შეიძლებოდა, მომხდარიყო, მაგრამ რაკი ამ საფრთხის შესახებ უკვე ითქვა ხმამაღლა, ამით სააკაშვილს ყველანაირი საუფძველი გამოეცალა.

ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ნელ-ნელა, მაგრამ ეს აგრესიული რიტორიკა მაინც განეიტრალდეს, რადგან ვხედავ, რომ ივანიშვილის გუნდი ქმედით ნაბიჯებს ახორციელებს.

დღესდღეობით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არა სააკაშვილის განცხადებები, არამედ ის, რომ მშობიარობა უფასო იქნება, სოფლის მეურნრობაში ფული რომ ჩაიდო, პენსიები რომ გაიზარდა, ელექტროენერგიაზე ფასმა დაიწია, განათლება უფასო რომ ხდება და ა.შ.

ჟურნალისტებიც რამდენადაც ნაკლებად გაამახვილებენ ყურადღებას პოლიტიკოსებს შორის რიტორიკაზე და წინ წამოწევენ ამ მნივნელოვან საკითხებს, რომელიც ყოველდღიურად უშუალოდ ეხება საქართველოს მოქალაქებს, უკეთესი იქნება.

რაც შეეხება სააკაშვილის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს ეს რეალურად თანამშრომლობის სურვილს ნიშნავს? თუნდაც მისი 5-პუნქტიანი გეგმა ავიღოთ...

- ესეც დასავლეთისთვის გზავნილი იყო, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ახალ ხელისუფლებას იმას სთავაზობს, რასაც ის ისედაც აკეთებს. ეს იყო არა შეთავაზება, არამედ დაბრალება რაღაცის.

რეალურად პროცესები იმის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, რასაც სააკაშვილი ამ 5-პუნქტიან გეგმაში აბრალებდა ივანიშვილს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის აბსურდი, რომ საქართველოდან ინვესტორები გარბიან, არის ყველაზე დიდი ტყუილი, არცერთი ინვესტორი არ გარბის. გვახსოვს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გარკვეული ინვესტიციები შემოვიდა ქვეყანაში და 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს ინვესტიციების ნაკადი თითქმის შეწყდა.

ჩვენ რომ გადავხედოთ ინვესტორებთან ურთიერთობას საქართველო იკავებდა ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილს ქვეყნებს შორის, სადაც ღირებული იყო ინვესტიციის გაკეთება. ანუ სააკაშვილს არც შეუქმნია კარგი საინვესტიციო კლიმატი და შესაბამისად, არარსებული ინვესტორები აქედან ვერ გაიქცევიან.

ეს პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, უფრო მიმაჩნია ინვესტორებისთვის მიმზიდველად, ვიდრე სააკაშვილის პოლიტიკა, რომელიც ბიზნესის კეთების ინდექსზე იყო ორიენტირებული, შრომის ბაზრის მაქსიმალურ ლიბერალიზაციაზე და ა.შ. რაც ინვესტორისთვის ბევრად ნაკლებ საინტერესოა, ვიდრე მყარი მაკროეკონომიკური გარემო, კვალიფიციური მუშახელი, პოლიტიკური სტაბილურობა და ა.შ. ეს ისევ შავი პიარი, ბრალდებები და ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა.

თუ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობას განვიხილავთნაციონალური მოძრაობისმხრიდან სამართლებრივი პროცესებისაგან თავის არიდების მცდელობად, რამდენად შეძლებენ ამ ტაქტიკით თავის გადარჩენას? ვიცით, რომ მალე იუსტიციის ყოფილი მინისტრი შესაძლოა, ძებნილად გამოცხადდეს...

- როდესაც ისეთი მაღალი რანგის მინისტრს, როგორიც ადეიშვილი იყო, დაკითხვაზე დაიბარებ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ საქმისწარმოებას წამოიწყებ, შედეგად შესაძლოა, გამოიკვეთოს ძალზე ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობა. შესაბამისად, ასეთი ჩინოვნიკების პასუხისგებაში მიცემა არა მხოლოდ ერთი ჩინოვნიკისთვის არის საფრთხის შემცველი, არამედ მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ - ამიტომაც არის ასე დაინტერესებული ძველი ხელისუფლება.

სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიუხედავად, საზოგადოების ერთ ნაწილში შეინიშნება სკეპტიციზმი და გამოითქმის ეჭვები, რომ გარკვეულ სამართლებრივ საკითხებში ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის მოხდა გარიგება. რამდენად აქვს ასეთ ეჭვებს არსებობის საფუძველი?

- ძალზე უგუნური ნაბიჯი იქნებოდა ახალი ხელისუფლებისგან, რომ ასეთ გარიგებაზე წასულიყო - შეწყვიტეთ ჩვენი დისკრედიტაცია და ჩვენ ხელს არ გახლებთ. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და საზოგადოების მოთხოვნა არის მიმართული არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინაააღმდეგ, არამედ სამართლიანობის აღდგენისაკენ. ლეგიტიმური მთავრობა ვალდებულია, საზოგადოების ეს მოთხოვნა შეასრულოს, რომ შეინარჩუნოს ეს ლეგიტიმაცია.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების მოთხოვნაა, არამედ იმიტომაც, რომ სხვა შემთხვევაში, თუ ჯერ სამართალი არ დამკვიდრდა, არ მოხდა დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობა, სხვანაირად, ნდობა ახალ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ვერ შედგება. ნდობის გარეშე კი რაიმე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა შეუძლებელია, რადგან მისი საფუძველი სწორედ ეს არის.

ეს პროცესი საკმაოდ დიდ დროსა და მუშაობას მოითხოვს, საზოგადოებას კი ეჩქარება, შესაძლოა ასეთი ეჭვები ამიტომაც გაჩნდა?

-არა მარტო ქართული, არამედ ყველა საზოგადოება, რომელიც ასეთი ფორსმაჟორული ხელისუფლების პირობებში იყო, მიეჩვია ნაჩქარევ, გაუაზრებელ გადაგაწყვეტილებებს და რაკი ამას მიჩვეულია, ახალი ხელისუფლებისგანაც იგივეს ითხოვს.

რასაც ვაკვირდები, დღეს პროცესები მიმდინარეობს ძალზე წყნარად,მშვიდად, თანმიმდევრულად, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს სწორედ ამ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებლად.

გარდა ამისა, მოვისმინეთ ივანიშვილის განცხადებაც პოლიტიკურ ამნისტიაზე, რაც ნიშნავს, რომ მაღალჩინოსნები იქნებიან თუ სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები,  რომლებსაც არ აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლებრივი ან მძიმე დანაშაული, გათავისუფლდებიან პასუხისგებისგან. ეს პროცესიც ძალზე თანმიმდევრულად მიმდინარეობს და მთელი ქვეყნისთვის წარმატებით უნდა დასრულდეს, როგორც საფუძველი მომავალი ქვეყნის მშენებლობისა. ეს პროცესი დაწყებულია და ჩემი აზრით, ძალზე თანმიმდევრულად მიმდინარეობს.