ლუის სუარესი კატალონიის „ბარსელონას“ ოფიციალურად დაემშვიდობა. 33 წლის ურუგვაელი ფორვარდის გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია დღეს გაიმართა და მან გუნდში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.
„ატლეტიკოს“ არჩევანი
„როდესაც „ბარსელონამ“ მითხრა, რომ გუნდს აღარ ვჭირდებოდა, უამრავი წინადადება მივიღე. ვგრძნობდი, რომ ისეთ გუნდში შემეძლო წასვლა, რომელსაც კონკურენცია იმავე დონეზე შეეძლო, როგორც „ბარსელონას“ ან „რეალს“. ჩემს არჩევანში ეჭვი არ მეპარება. დიეგო გოდინსა და ანტუან გრიზმანს ვესაუბრე. დიდი ენთუზიაზმით და მოლოდინით მივდივარ. „ატლეტიკო“ ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის მუდმივად იბრძოდა, კონკურენტუნარიანი და ამბიციური გუნდია და ვიმედოვნებ, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწევ“.
ბოლო პერიოდის პოლემიკა და მესი
„არანორმალური თვე იყო, რომელშიც ძალიან ბევრი რამ გამოიგონეს. ისინი ტყუილებს ამბობდნენ და ისეთ რამეებს, რაც ჩემში აღშფოთებას იწვევდა. ჩემი ურთიერთობა მესისთან? ეს მთელმა მსოფლიო იცის როგორია. ერთმანეთის წინააღმდეგ ნაკრებში გვითამაშია და ეს ტრანსფერი ჩვენს ურთიერთობას ვერ შეცვლის. კლუბიდან თავაწეული მივდივარ“.
ყოველთვის "კულე"
„ძალიან ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. ჩემმა შვილებმა ნახეს, რომ გოლებს ვიტანდი, ტიტულებს ვიგებდი და საუკეთესო ფეხბურთელებთან ვთამაშობდი, განსაკუთრებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით. მადლობა მინდა გადავუხადო ქომაგებს, რომელთაგანაც ყოველთვის დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი. ეს არასდროს დამავიწყდება. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის ყველა თანამშრომელს ყოველდღიური მუშაობისთვის. მინდა იცოდეთ, რმ ყოველთვის ვიქნები კულე, განურჩევლად იმისა, სადაც არ უნდა წავიდე“.
დაუვიწყარი მომენტები
„ბევრი მომენტი იყო, რომელიც ჩემს მეხსიერებაში დარჩება. ლა ლიგის პირველი ტიტული, ჩემპიონთა ლიგა და მშვენიერ ფეხბურთელებთან თამაში, ეს წარმოუდგენელი იყო. ექვსი ლამაზი წელი მქონდა თანაგუნდელებთან და კლუბის გარშემო მყოფ ხალხთან. ვამაყობ ამ 6 წლით, ყოველთვის მადლობელი ვიქნები კლუბის, რომ მომეცა საშუალება განმეცადა მშვენიერი და დაუვიწყარი მომენტები“.
„ბარსას“ ისტორიაში მესამე ბომბარდირი 198 გოლით
„არ მეგონა, რომ ამდენს მივაღწევდი, „ბარსას“ ისტორიაში მესამე გოლეადორობა სულაც არ არის ადვილი.
ბრძოლისუნარიანობა
„შემიძლია თვითკრიტიკა, მაგალითად იმის გამო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფრით ვადანაშაულებ, . ტრავმებით ვთამაშობდი და ვამაყობ, რომ კლუბის ისტორიის ნაწილი ვიყავი“.
„ბარსელონას“ მომავალი
„ვარჯიშების დროს დავინახე, რომ მეტი სურვილი არსებობს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ასევე გამოცდილი ფეხბურთელები, ამიტომ, წელს უფრო მეტი როტაციის შესაძლებლობა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ „ბარსასთვის“ მნიშვნელოვანი წელი იქნება და იმედი მაქვს, რომ კარგ შედეგებს მიაღწევს“.
შეგახსენებთ, ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა. ურუგვაელმა ამ პერიოდში ოთხ-ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. სუარესი კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს, სადაც მომდევნო ორი სეზონი ითამაშებს.