მთავრობა კი ბევრს ცდილობს ეკონომიკამ იმუშაოს და ბიზნესი არ გაჩერდეს, მაგრამ შედეგები სულ უფრო არასახარბიელოა. პრობლემებია ყველა სექტორში, ზოგი - სანახევროდ, ზოგიც მთლიანად გაჩერებულია. ახლოვდება ზამთარი, რომელიც ვითარებას უფრო დაამძიმებს.
ბიზნესმენები დაუფარავად საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც შემოდგომის პირველმა თვემ ნათლად გამოაჩინა. „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი პანდმიის შედეგებსა და დღევანდელი ეკონომიკის დივერსიფიცირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა კონკეტულ სექტორებზე მერყევი ვალუტა ისე არ აისახოს, როგორც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოხდა.
„2020 არანორმალური წელიწადია, ჩვენ ამას ვერ განვიხილავთ, როგორც ნორმალური ეკონომიკური წელიწადი. ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემაა ის, რომ ეკონომიკის ერთ სექტორზე საკმაოდ დიდი კონცენტრაცია გვაქვს და ეს არის ტურისტული სექტორი“, – განაცხადა იაშვილმა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე აღნიშნავდა, რომ პანდემიის დიაგნოზს ბიზნესი ორ თვეში დაინახავდა. მისი შეფასებით ტრანსპორტის მიმართულებით სეროზული ვარდნა სექტორმა სწორედ აგვისტოში დაინახა.
„ველოდი ასეთ სიმძიმეს - ჩემს კომპანიებში უკვე აგვისტოდან დაიწყო პანდემიის ნეგატიური შედეგების ასახვა. გაზაფხული და ზაფხულის ნაწილი ინერციით გავიარეთ, სატრანსპორტო ინდუსტრია, რომელიც ჩემს ჯგუფში შემოდის, სერიოზულ ვარდნას განიცდის და ეს კომპანიაზე აისახა კიდეც. ნამდვილად მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში მოთხოვნა არის შემცირებული, შესაბამისად შემცირდა მიწოდება“, - განაცხადა იაშვილმა.
რთულ ვითარებაზე საუბრობენ ყოფილი სახელმწიფო მოხელეებიც, რომლებიც თავის დროზე ჩართულნი იყვნენ ქვეყნის მართვის პროცესებში და შესაბამისად, სხვებზე მეტი ინფორმაცია მოეპოვებათ. ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას აზრით, პირველ კვარტალში, პანდემიის მხრივ, ქვეყანაში ვითარება გაცილებით უკეთესი იყო, რაც შეეხება მეორე კვარტალს, უცხოელი ტურისტების და ინვესტიციების არარსებობამ ლარის კურსზე შესაბამისი გავლენა იქონია.
„ყველამ ჩვენ სინდისში უნდა ჩავიხედოთ და მივხვდეთ, რომ ასეთ სიტუაციაში იმ ადამიანების გვერდიდან გაკრიტიკება, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, ძალიან მარტივია. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ შეცდომები დაუშვეს, საზღვარი უფრო ადრე უნდა გაეხსნათ და ა.შ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არასამართლიანი საუბარია. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად, მიყვებოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს და არაფერი უხეში შეცდომა არ იყო დაშვებული.
პირველ კვარტალში მეტ-ნაკლებად ყველაფერი კარგად იყო, ამიტომ ამან თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს ეკონომიკაში, ზრდა კარგი იყო. მეორე კვარტლის დასაწყისიდან ეკონომიკის ნახევარი ფაქტობრივად გაჩერებულია. ამიტომ ამას, რა თქმა უნდა, აქვს შედეგი. გარდა ამისა, პირველ კვარტალში ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დიდი დახმარება, რამაც ფსიქოლოგიური გავლენაც მოახდინა ინვესტორებზე, ასევე, მოსახლეობაზე. შედეგად, ეს კიდევ რაღაცნაირად ინარჩუნებდა ლარის კურსს.
ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც ეკონომიკა ნახევრად (და განსაკუთრებით ეკონომიკის ის ნაწილი, რომელსაც ვალუტა შემოაქვს ქვეყანაში), პრაქტიკულად გაჩერებულია. ჩვენ ვიცით, რომ ტურიზმი განულებულია. ეკონომიკაში არის მარტივი ბალანსი, არის დოლარი და არის ლარი, მაგრამ უცხოური ვალუტა ბევრად ნაკლებია, ვიდრე იყო ადრე. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, აყენებს დარტყმას ლარს“, - განაცხადა გადაცემა „რეზიუმეში“ ქობულიამ.
მთავრობა უკვე ბევრს ვერაფერს აკეთებს და მხოლოდ იმის პირობას იძლევა, რომ მასობრივი შეზღუდვა, საყოველთაო კარანტინი ან ეკონომიკის ბლოკირება აღარ მოხდება. ბოლო მთავრობის პრემიერმა გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეები სწრაფად დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებას და ვირუსთან თანაცხოვრება ყველამ შეძლოს.
„სწორედ, აქტიური ეკონომიკური ცხოვრება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ სწრაფად დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, ფრთხილად, მაგრამ საკმაოდ სწრაფად სხვებთან შედარებით. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ვირუსი არსად წასულა, ის ჩვენთან არის და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას გულისხმობს. უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ელემენტარული წესები ჰიგიენის, დავიცვათ დისტანცია. რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო დაბალი გვექნება გავრცელება და მით უფრო ნაკლები იქნება დაწოლა როგორც ეკონომიკაზე, ისე ჯანდაცვის სისტემაზე.
ჩვენ ადაპტაციის და მართვის ეტაპზეც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები იმისთვის, რომ მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში გლობალურად შეიქმნება ვაქცინა და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფო, მათ შორის საქართველო დაამარცხებს ვირუსს“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.