ბიზნესს ლარის კურსმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ბოლო დრომდე უკმაყოფილება იმპორტიორებისგან ისმოდა, მაგრამ ახლა უკვე ადგილობრივმა მწარმოებლებმაც ამოიღეს ხმა. პროდუქციის გაძვირების წინაშე ისინიც აღმოჩნდნენ. არადა, ეს უკვე დიდ პრობლემებს ქმნის, რადგან მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად დაცემულია.
მიუხედადვა ამისა, მწარმოებლები აცხადებენ, რომ შეიძლება, ფასები კვლავ გადაიხედოს. ლარის კურსი პრობლემას ქმნის უკვე ყველა მიმართულებით.
ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის თქმით, ადგილობრივი წარმოება ლარის გაუფასურების ტემპს ვერ ეწევა, რაც ბიზნესის მოგებას მნიშვნელოვნად ამცირებს.
„ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორისთვის დიდი დარტყმაა სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილება. ლარის კურსზე სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა. პირველ რიგში იმან, რომ სავალუტო შემოდინებები შემცირდა, გარდა ამისა, ინვესტიციები არ ხორციელდება და ნეგატიური მოლოდინებია ლარის კურსის მიმართაც. ფაქტია, რომ არსებულ სიტუაციაში ფასების დაჭერა რეალურად შეუძლებელია.
გაძვირებული პროდუქტის რეალიზაცია ასევე მეორე დიდი პრობლემაა. ცხადია, ეს ბიზნესზე და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. ძნელი სათქმელია, როგორ მოერევა ამ პრობლემას ქვეყანა, ზოგიერთს ძალიან გაუჭირდება, ვინ როგორ გაუძლებს კრიზისს, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.
კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორის თამაზ დაუშვილის აზრით, ეროვნული ბანკიც და მთავრობაც შეთანხმებულად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ კურსი ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს სტაბილური. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, ჩვენი ვალუტა კარგავს თავის ფუნქციას.
„ერთ წელიწადში ვალუტა გაუფასურდა 21%-ით. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიურად მოქმედებს როგორც ინფლაციის მაჩვენებელზე, ასევე ადამიანების შემოსავლებზე. თუ შარშან საშუალო ხელფასი შეადგენდა 426 დოლარს, ახლა, მიმდინარე კურსით არის 366 დოლარი. ბუნებრივია, ეს მოქმედებს მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე, ფასები იზრდება და შესაბამისად, ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
ჩვენი ვალუტა, უბრალოდ კარგავს თავის ფუნქციას. ფულს აქვს ხუთი ძირითადი ფუნქცია, აქედან ვერც ერთს ვერ ასრულებს ლარი. არც დაგროვების საშუალებაა. მოსახლეობის დანაზოგების დაახლოებით 70% არის დოლარში. გადახდის საშუალება არის ლარი, მაგრამ მსხვილი ტრანზაქციების დროს, ბინის ან მანქანის ყიდვის შემთხვევაში მოსახლეობა ისევ დოლარს ან ევროს იყენებს.
ფუნდამენტური ცვლილებაა მოსახდენი, რომ მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ, კურსის დასტაბილურება, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გაიარეს - მიბმა ერთ-ერთ მძლავრ ვალუტასთან, ეს იქნება ევრო თუ დოლარი. შესაძლებელია, თავდაპირველად იყოს გარკვეული პრობლემები, მაგრამ საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი ხედვიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური სტაბილურობისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა „ბიემთან“ დაუშვილმა და დასძინა, რომ გარკვეული გეზი ამ მიმართულებით უკვე უნდა ავიღოთ.
მწარმოებლებს მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, სავარაუდოდ, მაინც მოუწევთ. შპს „ჩირინას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ბიზნესი დილემის წინაშეა - გაზარდოს ფასი და წარმოება შეამციროს, თუ სიტუაცია დარჩეს და საფასო ცვლილებას მოერიდოს.
„პანდემიას ვებრძვით, მაგრამ ასევე გვიჭირს გაუფასურებულ ლართან გამკლავება. ეს ორივე პროცესი ბიზნესისთვის მრავალმხრივ ცუდია. ყველაფერი გაძვირდა, შემოსავლები იკლებს და მსყიდველუნარიანობის მაჩვენებელიც მცირდება.
ფასი ჯერჯერობით „კბილებით გვიჭირავს“, რომ გავაძვიროთ, ხალხი ვერ იყიდის, ძირითადად, ეს გვაკავებს. დილემის წინაშე ვართ - ფასი თუ გავზარდეთ, წარმოების შემცირება მოგვიწევს, რადგან გაძვირებული პროდუქტის ყიდვა ხალხს გაუჭირდება და ეს რეალიზაციაზეც ადეკვატურად აისახება.
შეიძლება ითქვას, რომ გადაუჭრელი ამოცანის წინაშე ვართ. გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიგვიღია, თუმცა, ალბათ, გაძვირება მოგვიწევს. ასე თუ გაგრძელდა, ზოგიერთი კომპანია შეიძლება საერთოდაც გაკოტრდეს“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.